Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველ პარლამენტართა ერთსულოვნება მორიგი ანტიქართული ისტერიის ფონზე


ბუნებაში არარსებული ამერიკულ-ქართული ერთობლივი ანტიტერორისტული ოპერაციის მზადების ირგვლივ რუსეთის პოლიტიკურ წრეებში აგორებულ ანტიქართულ ისტერიას,

28 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მორიგი ერთსულოვნების დემონსტრირებით უპასუხა.

იანვარში მოულოდნელად დამთბარ საქართველო-რუსეთის პერმანენტულად ცვალებად ურთიერთობებში თებერვლის ბოლოს კვლავ ტემპერატურის მკვეთრი დაცემა შეინიშნება. არადა ერთ-ერთი რუსი პოლიტიკოსის გამონათქვამს თუ დავესესხებით, ყველაფერი იმ "გეოპოლიტიკური ფანტაზიის" შედეგია, რომლის ავტორები არათუ ამერიკელი "რეინეჯერების" პანკისის ხეობაში ყოფნას მიიჩნევენ უდავოდ, არამედ საქართველოს ყოფილი იუგოსლავიის ბედს უწინასწარმეტყველებენ.
[ვლადიმირ ჟირინოვსკის ხმა] "სამხრეთ ოსეთს სრული უფლება აქვს მიუერთდეს ჩრდილოეთს. ბათუმი - ეს მუსულმანები არიან. ზუგდიდი - ეს სამეგრელოს ცენტრია და სრული უფლება აქვთ, გამოაცხადონ სამეგრელოს რესპუბლიკა. გარდაბანი და მარნეული შეიძლება მიუერთდეს აზერბაიჯანს. ჯავახეთი - ეს სომხები არიან. ასე რომ, საქართველო 6-7 ნაწილად დაიშლება და დარჩება მხოლოდ თბილისი"
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ქვედა პალატის ვიცე-სპიკერის, ვლადიმირ ჟირინოვსკისა და ანტიქართულად განწყობილ სხვა რუს პოლიტიკოსთა მსგავს განცხადებებს 28 თებერვალს საქართველოს პარლამენტის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. პოლიტიკური მომენტის გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ რამდენიმე საათით გადადო დაგეგმილი ვიზიტი ალმა-ათაში და პარლამენტარებთან სასაუბროდ საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი გაგზავნა.

[ზურაბ ჟვანიას ხმა] "მე გთხოვთ, ქალბატონო თავმჯდომარე, რომ პარლამენტმა და პირადად თქვენ დაუყოვნებლივ მიმართოს ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას, მივმართოთ ევროპის საბჭოს, რათა მიეცეს სათანადო შეფასება. რადგან ის, რაც ისმოდა მათი მხრიდან, ეს არის აბსოლუტურად უპრეცედენტო ამ ბოლო ათი წლის განმავლობაში".

ექს-სპიკერისგან განსხვავებით, კიდევ უფრო შორს წავიდა ფრაქცია "ალიანსის" ლიდერი ირაკლი გოგავა, რომელმაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ირაკლი მენაღარიშვილს მოუწოდა, სასწრაფოდ დაიწყოს ფიქრი ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე.
საპარლამენტო სხდომაზე მორიგი ანტიქართული ისტერია დაგმო ვიცე-სპიკერმა ვახტანგ რჩეულიშვილმაც, თუმცა ქართველ "სოციალისტთა" ლიდერმა ტრადიციას არ უღალატა და ზატულინ-როგოზინ-ჟირინოვსკის მორიგი გამოხდომა თავად რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად შეაფასა.

და მაინც, 28 თებერვლის პლენარულ სხდომაზე ყველაზე ემოციური აზერბაიჯანელი ეროვნების დეპუტატის, რამიზ ბაქიროვის გამოსვლა გახლდათ.
[რამიზ ბაქიროვის ხმა] "მე მთელი პასუხისმგებლობით და ერთსულოვნად ვაცხადებ ჩემი ხალხის სახელით: ჩვენ ვართ და ვიქნებით ქართველი ხალხის გვერდზე, ჩვენ ვართ სისხლით და ხორცით დაინტერესებული ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობითა და დამოუკიდებლობით."

ქართველი პარლამენტარების პათოსი სრულიად გაიზიარა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა, თუმცა მკვეთრი შეფასებების გაკეთება მან მთლიანად ქართველ კანონმდებლებს გადაულოცა.

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] "მხოლოდ ერთი ბანალური აზრი, მაგრამ, ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი აზრი მინდა მოგახსენოთ. ჩვენ მიგვაჩნია, საუკეთესო პასუხი ყოველგვარ მსგავს აგრესიაზე, იქნება წყნარად, ყოველგვარი ხმაურის გარეშე გავაგრძელოთ ის, რასაც ვაკეთებთ."

ირაკლი მენაღარიშვილის განცხადებით, სწორედ ამ განწყობით მიემგზავრება საქართველოს დელეგაცია ალმა-ათაში და არცთუ უსაფუძვლოდ არის დარწმუნებული, რომ არჩეული ტაქტიკით მოქმედების შემთხვევაში ქართული დიპლომატია წარმატებას მიაღწევს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG