Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოჩანს დეპუტატთა პროტესტის მიღმა


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოს პარლამენტის ხუთშაბათს გამართულმა სხდომამ, რომელიც, დიდწილად, მიეძღვნა პანკისის ხეობაში ტერორისტთა საწინააღმდეგო შესაძლო ოპერაციაზე რუსეთის დუმის რეაქციას,

კიდევ ერთხელ, უფრო მკვეთრად წარმოაჩინა არა მხოლოდ საპარლამენტო, არამედ საზოგადოებრივი განწყობა და დეპუტატების პოლიტიკური ორიენტაცია.

დასავლეთს - უწინარესად, ამერიკის შეერთებულ შტატებს - ჩვენში, მენტალური ინერციის ძალით, ახალ მფარველად აღიქვამენ, თუმცა ოფიციალურ დონეზე მეგობარსა და პარტნიორს ეძახიან. ვინც ასე აღიქვამს, ის მიიჩნევს, რომ ახალი მფარველი ძველი მფარველისაგან დაგვიფარავს. რუსული მედიის ისტერიას და ზოგიერთი რუსი დეპუტატის გამოსვლას, ჩვენი აზრით, ცოტა გადაჭარბებული რეაქცია მოჰყვა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. შეიძლება ქვეყნისთვის მართლა შეურაცხმყოფელია, როცა სხვა ქვეყნის ოფიციალური პირები ტერიტორიის წართმევა-მითვისებაზე მიანიშნებენ, მაგრამ ისიც შეიძლება, რომ ირონიით შეხედო რუსების შეცხადებას: 5 ამერიკელი ექსპერტის თბილისში ჩამოსვლა და ტერორისტებთან საბრძოლველად ქართული სპეციალური დანიშნულების რაზმთა სამომავლო მომზადება მათ ამერიკული სამხედრო შენაერთების სამხრეთ კავკასიაში ლამის დაუყოვნებლივ გადმოსროლად აღიქვეს. ცხადია, ეს მარტო იმიტომ არ მომხდარა, რომ შიშს დიდი თვალები აქვს. უბრალოდ, რუსულ მედიას და იმ კატეგორიის რუს პოლიტიკოსებს, რომლებიც გაჰყვირიან და იმუქრებიან, თავიანთი მკითხველისა და ამომრჩევლისთვის თავის შეხსენება და მოწონება სჭირდებათ.

ძალიან საგულისხმო იყო საქართველოს პარლამენტის რამდენიმე წევრის გამოსვლა და განცხადებები პრესაში. ვგულისხმობთ დეპუტატებს, ბლოკ "აღორძინებას" რომ წარმოადგენენ და სათადარიგო აეროდრომიც მხოლოდ აბაშიძის კარზე ეგულებათ. დეპუტატმა გიორგი თარგამაძემ დაიჩივლა, თუ ამერიკელები შემოგვყავს, ტერორისტთა საწინააღმდეგო ერთობლივი მოქმედების მიზნით, რუსეთს რატომღა ვეუბნებოდით უარსო. დეპუტატმა ჯემალ გამახარიამ მოახერხა და თემაზე გამოსვლა მოქალაქეთა კავშირის ძრახვაში გადაზარდა, რომელსაც თურმე საქართველოს დანაწევრება პარტიული იდეოლოგიის ნაწილად უქცევია. ბლოკის ლიდერმა ჯემალ გოგიტიძემ კი გაზეთ "რეზონანსს" განუცხადა: "ჩემთვის, როგორც ძალიან ბევრი ადამიანისთვის, მიუღებელია ჩექმა, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს იგი. რაც დღეს ხდება, სერიოზულ შეშფოთებას უნდა იწვევდეს - ერთი მხრივ, აფხაზეთის სამუდამო დაკარგვის გამო, მეორეც იმიტომ, რომ აფხაზეთი პანკისში გაიცვალა. საშინელებაა, რომ საქართველოს ავღანიზაციის პროცესი ანუ კავკასიაში საომარი მოქმედებების ეპიცენტრად ქცევის საფრთხე ემუქრება".

გასაკვირია, რომ ჩექმის მიუღებლობაზე ლაპარაკობს კაცი, რომლის ბოსსაც რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის წოდება აქვს და თავის ძალაუფლებას, მეტწილად, ბათუმში დისლოცირებულ რუსულ ჩექმებზე აფუძნებს. ამ კონტექსტში არანაკლებ საგულისხმო იყო მიხეილ სააკაშვილის განცხადებაც, რომ მოსკოვში დამზადებულ სამხედრო და სპეციალურ სამსახურთა რუკებზე, საქართველოს ტერიტორიაზე წითლად არის მოხაზული ჯავახეთი, აფხაზეთი, ე.წ. სამხრეთი ოსეთი და აჭარა, როგორც შესაძლო დესტაბილიზაციის კერები [სააკაშვილის ხმა]: "მე მინდა ვთქვა: ჩვენ, აჭარის დეპუტაციასთან, აჭარის ყველა წარმომადგენელთან ერთად, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვხსნათ ყოველგვარი შესაძლებლობა იმისა, რომ ვინმემ შეურაცხყოს საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ერი, საქართველო და აჭარა, აჭარის მუდმივი მოხსენიებით საქართველოს დაშანტაჟების კონტექსტში".
XS
SM
MD
LG