Accessibility links

logo-print

მაუწყებლობა ხუნძურ, ჩეჩნურ და ჩერქეზულ ენებზე ჯერჯერობით ეთერში არ გავა


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ხუთშაბათს, 28 თებერვალს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება ჩრდილოეთი კავკასიის სამ ენაზე - ხუნძურზე, ჩეჩნურსა და ჩერქეზულზე მაუწყებლობის დაწყებას აპირებდა.

მაგრამ ლამის ბოლო წუთს შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ დაარწმუნა მაუწყებლობის მმართველთა საბჭო, რომელიც მეთვალყურეობას უწევს ჩვენს რადიოს, რომ საჭიროა გადაცემების გადადება. ადმინისტრაცია თვლის, რომ ჩრდილოეთი კავკასიის ხალხთა ენებზე მაუწყებლობის დაწყება ხელს შეუშლიდა ჩეჩნეთში ბრძოლების შეჩერების მცდელობებს.

მაუწყებლობის მმართველთა საბჭომ მაუწყებლობის ინაუგურაციის განუსაზღვრელი დროით გადადება სამშაბათ ღამეს გადაწყვიტა ვაშინგტონში.

ოთხშაბათს საბჭოს თავმჯდომარემ მარკ ნათანსონმა ჩვენს რადიოს უთხრა, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა რეგიონში არსებული სირთულეების გამო, რომელიც საბჭოს შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ გააცნო. ამასთან მან აღნიშნა, რომ მაუწყებლობა მხოლოდ დროებით გადაიდო. ნათანსონს არ გაუმხელია, რაში გამოიხატება ახალი სირთულეები, მაგრამ თქვა, რომ პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წევრებმა მაუწყებლობის დაწყების გადადების მიზეზად "უსაფრთხოების მოსაზრებები" დაასახელეს.

"მათ არ დაუზუსტებიათ ეს მიზეზები, მაგრამ თქვეს, რომ ისინი სერიოზული და რეალურია", თქვა ნათანსონმა.

როგორც სახელმწიფო დეპარატამენტის პრესმდივანმა რიჩარდ ბაუჩერმა ჟურნალისტებს უთხრა, ბუშის ადმინისტრაცია თვლის, რომ მაუწყებლობამ შეიძლება ავნოს ჩეჩნეთში პოლიტიკურ დარეგულირებას.

[ბაუჩერის ხმა] "ჩვენ ვთვლით, რომ მაუწყებლობა ამ ენებზე შეიძლება კონტრპროდუქციული იყოს და ავნოს პოლიტიკური დიალოგის დაწყების მცდელობებს, დიალოგისა, რომელიც დაეხმარება ჩეჩნეთში პოლიტიკური გადაწყვეტილების გამოძებნას. ჩვენ ვთვლით, რომ პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ყველაფერს ვაკეთებთ ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე და არ გადავუხვევთ მას."

არც ნათანსონსა და არც ბაუჩერს, არ უთქვამთ რამდენი ხნით გადაიდო მაუწყებლობა. ნათანსონმა თქვა, რომ საბჭო მოწადინებულია, რომ გადაცემები ამ ენებზე გავიდეს ეთერში და გამოთქვა იმედი, რომ ეს უახლოეს ხანში მოხდება.

შეგახსენებთ, "რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება" არის კერძო საერთაშორისო სადგური, რომლის მაუწყებლობის რეგიონებია აღმოსავლეთი ევროპა, ყოფილი საბჭოთა კავშირი, ახლო აღმოსავლეთი და, ამ ბოლო დროს, ავღანეთი. მას შეერთებული შტატების კონგრესი აფინანსებს, მაუწყებლობის მმართველთა საბჭოს მეშვეობით. ჩრდილოეთი კავკასიის ენებზე მაუწყებლობის სამსახურის შექმნა კონგრესმა 2000 წლის მიწურულს გადაწყვიტა, ხოლო ფონდები ამისთვის გასულ შემოდგომაზე გამოყო.

ბუშის ადმინისტრაციის შეშფოთება ჩრდილოეთი კავკასიის ენებზე მაუწყებლობის თაობაზე ახალი რამ არ არის. ორ თვეზე მეტი ხნის წინათ, გასული წლის 21 დეკემბერს, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ რიჩარდ არმიტაჯმა მარკ ნათანსონს გაუგზავნა წერილი, რომელშიც გამოხატა შეშფოთება იმის თაობაზე, თუ როგორ გავლენას იქონიებს მაუწყებლობა ვაშინგტონის შესაძლებლობაზე, წააქეზოს რუსეთი და ჩეჩნეთი მოაგვარონ კონფლიტი.

მაგრამ წერილის გაგზავნის მომენტისთვის კონგერსს უკვე გაცემული ჰქონდა სანქცია ჩრდილოეთი კავკასიის მაუწყებლობის დაწყების შესახებ და ამისთვის ფულიც უკვე გადარიცხული იყო. ასე რომ, ჩვენი რადიო აპირებდა მაუწყებლობის დაწყებას, სანამ სამშაბათს არ მოვიდა მაუწყებლობის მმართველთა საბჭოს განკარგულება .

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტი თომას დაინი გაწბილებას არ მალავს, მაგრამ იმედოვნებს, რომ მაუწყებლობა ხუნძურ, ჩეჩნურ და ჩერქეზულ ენებზე რამდენიმე კვირის შემდეგ მაინც დაიწყება.
XS
SM
MD
LG