Accessibility links

სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ზოგიერთი სიძნელე


გიორგი კაკაბაძე, თბილისი "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" ბიულეტენის 64-ე ნომერში გამოქვეყნებულია რამაზ ოთინაშვილის სტატია, სათაურით "სისტემური კორუფციის ანატომია".

ნაშრომის ერთ-ერთი პუნქტი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პრობლემებს ეძღვნება.

ავტორის თქმით, "80-იანი წლების მიწურულს და 90-იანი წლების დასაწყისში დემოკრატიული ორინტაციის ბევრი პოლიტიკოსი მიიჩნევდა, რომ ტოტალიტარული სახელმწიფოს დაშლა ავტომატურად გამოიწვევდა ღია საზოგადოების წარმოშობას, რაც, თავის მხრივ, მიგვიყვანდა სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნამდე, საბაზრო ეკონომიკისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების დამკვიდრებამდე". მაგრამ, როგორც აღმოჩნდა,- განაგრძობს ავტორი,- რუსეთის შემადგენლობაში ყოფნის ორას წელს უკვალოდ არ ჩაუვლია. სტატიის მიხედვით, "მართალია, ჩვენ უარი ვთქვით, ტოტალიტარიზმის დროინდელ პოლიტიკურ ინსტიტუტებზე, მაგრამ ამ ინსტიტუტების პოლიტიკური კულტურის მძევლებად დავრჩით. ამიტომ საბჭოთა კავშირის ნგრევის შედეგად, საქართველოში წარმოიშვა არა სამოქალაქო საზოგადოება და სამართლებრივი სახელმწიფო, არამედ "ჩრდილოვანი საზოგადოება" და "პრივატიზებული" სახელმწიფო, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესთა საზიანოდ ფინანსური ოლიგარქიის ინტერესებს იცავს".

სტატიაში ვკითხულობთ, რომ საქართველოში დემოკრატიას რატომღაც თავისუფლებასთან აიგივებენ. ავტორის თქმით კი, თავისუფლება უნდა განვიხილოთ როგორც დემოკრატიის შედეგი და მის მისაღწევად პიროვნებამ და საზოგადოებამ შემდეგი აუცილებელი ეტაპები უნდა გაიაროს:

პირველი. პროფესიონალიზმი. ის მიიღწევა შესაბამისი განათლებით, რასაც ჯანსაღი კონკურენცია განაპირობებს.

მე-2. პასუხისმგებლობა. იგულისხმება, რომ პიროვნებასაც და საზოგადოებასაც პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა უნდა ჰქონდეს.

მე-3. ღირსება. ანუ მაღალი ღირსების მქონე პიროვნებას და საზოგადოებას საკუთარი უფლებების დაცვა უნდა შეეძლოს.

"მხოლოდ ამ ეტაპების გავლის შემდეგ მიიღწევა თავისუფლება როგორც რეზულტატი, ჩვენს საზოგადოებას კი ეს ეტაპები არ გაუვლია", - ნათქვამია სტატიაში.

შემდეგ ავტორი განიხილავს ცნობილ თვალსაზრისს, რომლის მიხედვით, "შეუძლებელია დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნა იმ სახელმწიფოში, სადაც ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის სიდიდე ორი ათას ამერიკულ დოლარზე ნაკლებია. როცა ეს მაჩვენებელი ათი ათასზე მეტია, მაშინ არ შეიძლება სახელმწიფო ანტიდემოკრატიული იყოს. საქართველოში კი აღნიშნული მაჩვენებელი, სულ რაღაც, 0,7-ის ტოლია." ავტორის თქმით, "ამიტომ საზოგადოება იმ სახით, რა სახითაც დღეს ყალიბდება საქართველოში, ვერ უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას და მოსახლეობის სოციალურ-ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას რეფორმებისადმი. არსებულმა რეალობამ, რაც მნიშვნელოვანწილად განპირობებულია საზოგადოების გარდაქმნის არაადეკვატურობით, საზოგადოებრივ ცნობიერებაში დემოკრატიული იდეის დისკრედიტაცია გააძლიერა. შედეგად, მოსახლეობაში გაჩნდა აპათია სამოქალაქო აქტიურობის მიმართ და მოსახლეობასა და მთავრობას შორის ნდობა დაიკარგა."
ავტორი წერს, რომ ასეთ ვითარებაში "საზოგადოება ვერ ზემოქმედებს ხელისუფლებაზე და მხოლოდ ფონს ქმნის, ასე ვთქვათ, "ხელისუფლების მოღვაწეობისათვის. მსგავსი საზოგადოება ადვილად იქცევა მანიპულირების ობიექტად", - ნათქვამია "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" ბიულეტენის სტატიაში.
XS
SM
MD
LG