Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლება სიტყვის თავისუფლების შესაზღუდად ემზადდება


სოზარ სუბელიანი, თბილისი პრეზიდენტი შევარდნაძე პერიოდულად ითხოვს პრესის შეზღუდვასა და შესაბამისი კანონმდებლობის გამკაცრებას.

მორიგ ჯერზე პრესის შეზღუდვის საბაბად ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ნუგზარ საჯაიას თვითმკვლელობა იქცა. იუსტიციის სამინისტრში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტიც მომზადდა, თუმცა, მინისტრის პირველი მოადგილე ზურაბ ეზუგბაია ამ პროექტს "ფარატინა ქაღალდს" უწოდებს და კანონმდებლობის ფორსირებული წესით გამკაცრების შესახებ გავრცელებულ ხმებს უარყოფს.

მიუხედავად მინისტრის მოადგილის მტკიცებისა, ცვლილებების პროექტი უკვე მომზადებულია და თავად ეზუგბაიას სიტყვებიდანაც ჩანს, რომ ხელისუფლება კანონმდებლობის გამკაცრებისთვის ემზადება: [ზურაბ ეზუგბაიას ხმა] "პროექტზე საუბარი არის ნაადრევი, პროექტი, როგორც ასეთი, არ არსებობს. იუსტიციის სამინისტრო დაამთავრებს იდეაზე და კონცეფციაზე მუშაობას დაახლოებით ერთ კვირში, ხოლო საბოლოო პროექტს, არა მგონია, რომ ორ კვირაზე მეტი დასჭირდეს, რომელიც შემდეგ წარედგინება საკანონმდებლო ინიციატივის სუბიექტს - საქართველოს პრეზიდენტს."

მიუხედავად იმისა, რომ მინისტრის მოადგილე ამ პროექტს "ფარატინა ქაღალდს" უწოდებს, პროექტი ზუსტად გამოხატავს სამინისტროსა და, ზოგადად, ხელისუფლების განწყობას. ცვლილებების თანახმად, სერიოზულად მკაცრდება სისხლის სამართლის კოდექსის 148-ე მუხლი - ცილისწამება - რომელსაც კიდევ ერთი დეფინიცია - შეურაცხყოფა - ემატება.

თვით დღეს მოქმედი კანონმდებლობაც კი გაცილებით მკაცრია იმ პრაქტიკაზე, რასაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო ამკვიდრებს და რასაც ევროსაბჭოს სტანდარტები ითხოვს. სწორი სასამართლო პრაქტიკის შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი სრულად უზრუნველყოფს პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვას, რაც, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ისეთივე ხელშეუვალია, როგორ სიტყვის თავისუფლება. პატივისა და ღირსების შელახვის კრიმინალიზაცია და სამოქალაქო პასუხისმგებლობის სფეროდან სისხლის სამართალში გადატანა სრულიად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე იმ ღირებულებებს, რომელთა ერთგულებაც ამ კონსტიტუციით არის გაცხადებული. იუსტიციის სამინისტრო ცდილობს ისეთი შთაბეჭდილება შექმნას, თითქოს ცვლილებების მიზანი სიტყვის თავისუფლების დაცვა და ხელისშეწყობაა: [ზურაბ ეზუგბაიას ხმა] "მე, პირადად, ვფიქრობ, რომ საჯარო მოხელის ცნება ძალიან ფართოა. მე ვფიქრობ, დამეთანხმებით, რომ საჯარო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ ცილისწამება, როცა ცილისწამების მიზანი გამოვლენილია და უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში მდებარეობს, შეიძლება დასჯადი გახადოს სახელმწიფომ.

რეალურად, იუსტიციის სამინისტროში მომზადებული კანონპროექტი არათუ სიტყვის თავისუფლების დაცვას არ ისახავს მიზნად, პირიქით, იგი შეიძლება შეფასდეს, როგორც ნოსტალგია საბჭოთა წარსულზე. ამას თუნდაც ის მუხლი ცხადყოფს, რომლის თანახმადაც, თანამდებობის პირის მიმართ გამოთქმული ცილისწამება გაცილებით მკაცრად ისჯება, ვიდრე რიგითი მოქალაქის ცილისწამება. სამინისტრო ცდილობს, ამ მუხლსაც მოუძებნოს გამართლება: [ზურაბ ეზუგბაიას ხმა] "ეს მუხლი უნდა იყოს პრაქტიკულად გამოყენებადი, მან ხელი უნდა შეუწყოს მასმედიას, მიაწოდოს საზოგადოებას ოიბექტური ინფორმაცია, რათა მასმედიამ არ დაუშვას შეცდომები, არ მოექცეს გარკვეული ჯგუფების უკანონო გავლენის ქვეშ და არ დაკარგოს დამოუკიდებლობა. ჩვენი საზრუნავი უნდა იყოს არა იმაზე მსჯელობა, თუ რა სანქცია იქნება გამოყენებული - მძიმე თუ მსუბუქი, არამედ ის, თუ რამდენად შეიძლება სისხლის სამართლის კოდექსის შესაძლებლობების გამოყენება იმისათვის, რომ ქმედებები, რომლებიც საზოგადოებრივ საშიშროებას ატარებს და დანაშაულებრივი ხასიათისაა, აღმოფხვრილი იქნას და რეალურად წარიმართოს ბრძოლა მათ წინააღმდეგ, რათა საზოგადოებამ მიიღოს თავისი კონსტიტუციური უფლებების შესატყვისი ოიბექტური, სრული, ზუსტი ინფორმაცია და არა გაყალბებული და ცილისმწამებლური. ეს არის ის ყველაფერი, რისთვისაც თემაზე მუშაობა მიმდინარეობს".

ცივილიზებულ სამყაროში თანამდებობის პირები გაცილებით მომთმენი უნდა იყვნენ კრიტიკის მიმართ, ვიდრე რიგითი მოქალაქეები. ამ ტრადიციიდან გადახვევა და საწინააღმდეგო პრაქტიკის დამკვიდრება შეზღუდავს არა მხოლოდ ჟურნალისტებს, არამედ მთელი საზოგადოების უფლებას - იცოდეს სიმართლე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და გააკონტროლოს საკუთარი ხელისუფლების მოქმედება.
XS
SM
MD
LG