Accessibility links

logo-print

ერთიანი დემოკრატიული ფრონტის პერსპექტივები


ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნებულმა ზურაბ ჟვანიამ და მიხეილ სააკაშვილმა პირველად დაადასტურეს,

რომ დემოკრატიული ძალები სტრატეგიულ თანამშრომლობასა და მომავალ არჩევნებში ერთიანი ფრონტით გამოსვლას გეგმავენ.

ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცხადებულ სტრატეგიულ კავშირს სერიოზული საფუძველიც აქვს და სერიოზული ხელის შემშლელი ფაქტორიც ახლავს.

პირველი პოლიტიკოსი, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში საუბრობდა დემოკრატიული ძალების გაერთიანების აუცილებლობაზე, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით ბერძენიშვილი იყო. მოქალაქეთა კავშირის დაშლის შემდეგ ბერძენიშვილის კეთილი სურვილი მწვავე აუცილებლობად იქცა.

ერთი მხრივ, მოვლენები დაჩქარებული ტემპით ვითარდება, რაც პარტიების დაახლოების პროცესსაც აჩქარებს. მეორე მხრივ, ვერანაირი ბლოკი, ბანაკი თუ ფრონტი ძალების მექანიკური გაერთიანებით ვერ შეიქმნება. საქართველოში კი ყოველთვის პრობლემაა იმაზე შეთანხმება, თუ ვინ იქნება პირველი, მეორე და ა.შ.

დღეს ჟვანიასა და სააკაშვილის ერთიანობა მათი მთავარი იარაღია პოლიტიკური ოპონენტების პირისპირ. მაგრამ ორივე ლიდერი დგას ერთი აშკარა პრობლემის წინაშე: როგორ გადანაწილდება გავლენის სივრცე; რომელი მათგანი მოიპოვებს უფლებას, რომ განსაზღვროს "თამაშის წესი". საქმე ისაა, რომ ჟვანიასა და სააკაშვილის პოლიტიკური კაპიტალი სრულიად განსხვავებული ბუნებისაა. სააკაშვილს აქვს შეუდარებლად მაღალი რეიტინგი და მოსახლეობის მხარდაჭერა, ვიდრე ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ ლიდერს. განსაკუთრებით პრობლემურია რეიტინგის საკითხი ზურაბ ჟვანიასათვის. სამაგიეროდ, ჟვანია ფლობს იმ ტიპის ინტელექტს, რომელიც პოლიტიკური ინტერიერის ყოველ კუთხე-კუნჭულს აღწევს და სივრცეს მთლიანად ითვისებს. მიხეილ სააკაშვილს, იმის მიუხედავად, რომ ორჯერ აქვს მოგებული არჩევნები მაჟორიტარულ ოლქში, ჟვანიასთან შედარებით, პოლიტიკური გამოცდილება ნამდვილად აკლია.

ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ დემოკრატიული ფრონტის ეს ორი ლიდერი მომავალ არჩევნებში ან ერთად უნდა იყოს, ან ერთმანეთის პირისპირ. მათ ერთმანეთი ან უნდა გააძლიერონ, ან უნდა დაასუსტონ, - სხვა არჩევანი არ არსებობს. თუ ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, ბრძოლა დაუნდობელ ხასიათს მიიღებს და, ცხადია, გაიმარჯვებს არა ერთი ან მეორე, არამედ - სულ სხვა ძალა. მაგრამ, თუ ერთად იქნებიან, ორთაგან ერთ-ერთს - ჟვანიას ან სააკაშვილს - პირველი პოზიციის დათმობა მოუხდება. რა არის დღეს უფრო მნიშვნელოვანი: ხალხის მხარდაჭერა თუ პოლიტიკური სიბრძნე? რა არის უფრო მისაღები საზოგადოებისთვის: რადიკალიზმი, რომელიც ზვავივით შთანთქავს დღევანდელ დაჭაობებულ რეალობას თუ მაინც სიდინჯე და წონასწორობა, ანუ დაცულობის გარანტია? ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. შესაბამისად, არ არსებობს ლიდერების იერარქიაც დემოკრატიულ ფრონტში. არც თავად ფრონტი არსებობს. ქართული პოლიტიკა ახალი მოლოდინების ფაზაში შედის.
XS
SM
MD
LG