Accessibility links

logo-print

საქართველოს საგარეო უწყება აფხაზეთში დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებს აპროტესტებს


სოხუმის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2 მარტს აფხაზეთის ტერიტორიაზე თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის არჩევნები გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის დამთავრების შემდეგ ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც დე იურე საქართველოს შემადგენლობაში შემავალი ავტონომიის ხელმძღვანელობა არჩევნებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნათა უგულებელყოფითა და, რაც მთავარია, დევნილი ქართველი მოსახლეობის მონაწილეობის გარეშე ატარებს. ამიტომ არჩევნების შედეგებს წინასწარ უკანონოდ და ბათილად მიიჩნევს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელმაც, ამ ფაქტთან დაკავშირებით, 1 მარტს საგანგებო განცხადებაც გაავრცელა.

თითქმის წინასწარ არის ცნობილი, რომ 2 მარტს დანიშნული არჩევნები სეპარატისტული აფხაზეთის პოლიტიკურ რუკაზე არაფერს შეცვლის. ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდის შემდეგ სერიოზული პოლიტიკური კონკურენტის გარეშე დარჩენილი სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერი ვლადისლავ არძინბა და მისი მთავარი პოლიტიკური დასაყრდენი, პარტია "აიდგილარა", ამჯერადაც შეიმკობენ შუბლს გამარჯვებულის დაფნის გვირგვინით.

არაფერს შეჰმატებს ეს არჩევნები თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისითაც, რადგან არავინ ცნობს იმ არჩევნების შედეგებს, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ორ მესამედზე მეტის მონაწილეობის გარეშე ტარდება. სააგენტო "კავკას-პრესის" ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით გაეროს მეთვალყურეთა მისიამ უკვე გაავრცელა ცნობა, რომელშიც დევნილი მოსახლეობის მონაწილეობის გარეშე ჩატარებული "თვითნებური არჩევნები" ფასდება როგორც "აუღიარებელი და არალეგიტიმური". ანალოგიური შინაარსის განცხადება 1 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გააკეთა.

[კახა სიხარულიძის ხმა] "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია განაცხადოს, რომ 2002 წლის 2 მარტს აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის მიერ დაგეგმილი არჩევნები უკანონოა და ბათილად უნდა გამოცხადდეს."

საგარეო უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის, კახა სიხარულიძის, თქმით, იმავე მიზეზით, გაეროს უშიშროების საბჭომ, ევროსაბჭომ და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეამ არაერთხელ ცნო უკანონოდ და არალეგიტიმურად სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლების მიერ ადრე ჩატარებული ყველა არჩევნების შედეგი.

გარდა საერთაშორისო თანამეგობრობის ვერბალური პროტესტისა, ღირს ასევე გავიხსენოთ, რომ უკანონო არჩევნებს ყოველთვის წითელ ზოლად გასდევს ქართული პარტიზანული ფორმირებების გააქტიურება და შეიარაღებული დაპირისპირების ესკალაცია აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე.

ნიშანდობლივია, რომ სოხუმის ხელისუფლება აღნიშნული არჩევნების ჩატარებას ჯერ კიდევ შარშან ნოემბერში ვარაუდობდა, მაგრამ, კოდორის ხეობაში რუსლან გელაევის რაზმების გამოჩენისა და სოხუმის მისადგომებთან დაწყებული ბრძოლების გამო, ვლადისლავ არძინბამ არჩევნები გაზაფხულზე დანიშნა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში აფხაზეთის ტერიტორიაზე პარტიზანული ფორმირებების აქტიურობამ მნიშვნელოვნად იკლო, საქართველოს ხელისუფლება შიშობს, რომ 2 მარტს დაგეგმილი არალეგიტიმური არჩევნები კვლავ შეაფერხებს კონფლიქტის მოწესრიგების პროცესს.

[კახა სიხარულიძის ხმა] "შემაშფოთებელია, რომ სეპარატისტული რეჟიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ჩაატაროს ეგრეთწოდებული საპარლამენტო არჩევნები, ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს დაგეგმილი აქვს მხარეებს გადასცეს დოკუმენტი, თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ, როგორც შემდგომი მოლაპარაკების საფუძველი."

ქართული მხარის ასეთ შეშფოთებას საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლობაც სავსებით იზიარებს.

როგორც ხსენებულ მიმართვაშია ნათქვამი, გაეროს დამკვირვებელთა მისია მოუწოდებს აფხაზეთის ხელისუფლებას, რომ თავი შეიკავოს იმგვარი ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების პროცესს და დიდ ხნით გადადოს თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ უშიშროების საბჭოს მიერ მომზადებული დოკუმენტის განხილვა.
XS
SM
MD
LG