Accessibility links

logo-print

პანკისის ხეობა საერთაშორისო ყურადღების ცენტრში


სოზარ სუბელიანი, თბილისი ბოლო დღეებში პანკისის ხეობა ჟურნალისტებისა და გარეშე პირებისთვის მკაცრად ჩაიკეტა. რუსეთის სამწლიანი მცდელობა, გამოეცხადებინა პანკისი საერთაშორისო ტერორისტთა თავშესაფრად,

წარმატებით დამთავრდა – ამის შესახებ მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმაც დაიწყეს საუბარი. შესაბამისად, შეიცვალა საქართველოს ხელისუფლების პოზიციაც: თუკი პანკისში ტერორისტების ყოფნის ფაქტს ხელისუფლება დღემდე კატეგორიულად უარყოფდა, დასავლეთში გაკეთებული განცხადებების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო საუბარი, რომ პანკისში სპეცოპერაციების ჩატარება აუცილებელი ხდება.

თუ რა იგულისხმება სპეცოპერაციებში, ამას, ჯერჯერობით, არავინ აზუსტებს. უშიშროებისა და შინაგან საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ ხეობაში თავმოყრილი კრიმინალების წინააღმდეგ ოპერატიული ღონისძიებების ჩატარება იგეგმება, რაც მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ძალებით უნდა ჩატარდეს. მიუხედავად ამისა, უშიშროების მინისტრის ვალერი ხაბურძანიას კომენტარებში უკვე გაიჟღერა ფრაზამ, რომ ანტიკრიმინალური ოპერაციები ერთგვარად ანტიტერორისტულ ხასიათსაც ატარებს: [ვალერი ხაბურძანიას ხმა] “ანტიკრიმინალური ღონისძიებები, რომლებიც, ნაწილობრივ, ანტირერორისტულ ხასიათს ღებულობს, ჩვენი ძალებით ჩატარდება, თუ ამის საჭიროება გაჩნდება, თუმცა, ზოგადად ამის საჭიროება არის. ჩვენ ვამზადებთ ამ ტიპის ღონისძიებას, რომელსაც წინ ოპერატიული ხასიათის ღონისძიებები უძღვის. შეიძლება, ამან გარკვეეული შედეგები გამოიღოს. თუ რა მასშტაბის იქნება შემდგომი ძალისმიერი ღონისძიებები, ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული”.

მაქსიმუმი, რასაც დღემდე აღიარებდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ხეობაში რამდენიმე ან რამდენიმე ათეული კრიმინალის ყოფნა იყო. მას შემდეგ, რაც პენტაგონმა მესამე ანტიტერორისტული ფრონტის გახსნის შესაძლებობაზე დაიწყო საუბარი, საქართველოს ხელისუფლების საინფორმაციო პოლიტიკა შეიცვალა და პანკისში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების ყოფნაზე დაიწყო ლაპარაკი. მაგალითად, ვალერი ხაბურძანია აცხადებს, რომ საქართველოს სრული უფლება აქვს, უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს ქვეყნის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვოს. მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო ზეწოლის შედეგად ხსენებული ფორმირებები იძულებული გახდებიან, უბრძოლველად დატოვონ საქართველოს ტერიტორია.

პანკისში თავშეფარებული ჩეჩენი ლტოლვილები აცხადებენ, ხეობაში არც ერთი “ბოევიკი” არ იმყოფება: [ჩეჩენი ლტოლვილის ხმა] “რუსებს უნდათ ილაპარაკონ, რომ აქ არიან ტერორისტები, აქ არის ბენ ლადენი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ტყუილია. აქ მხოლოდ ლტოლვილები არიან. ტერორისტები და ბანდიტები ომობენ, ხოლო ხეობაში მხოლოდ ისეთი ხალხია, ვინც დილას არ იცის, ექნება თუ არა საღამოს საჭმელი”.

სინამდვილეში, იმის მტკიცება, რომ პანკისის ხეობა საერთაშორისო ტერორისტთა თავშესაფრად იქცა, დღეს რუსეთის ინტერესებში ყველაზე ნაკლებად შედის. სამაგიეროდ, ამის მტკიცება ხელ-ფეხს უხსნის საქართველოს ხელისუფლებას, შეერთებული შტატებისგან საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში უფრო აქტიური დახმარება მოითხოვოს. მეტიც, საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირებმა უკვე იმის მტკიცებაც დაიწყეს, რომ საერთაშორიოს ტერორისტები არა მხოლოდ პანკისის ხეობაში, არამედ აფხაზეთშიც აფარებენ თავს.
XS
SM
MD
LG