Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა 424-ე გამოშვება.



მარიამ ჭიაურელი:
ძვირფასო რადიომსმენელებო, ახლა ”მეათე სტუდიაში” გიწვევთ. ყოველკვირეული რადიოჟურნალის დღევანდელ, 424-ე გამოშვებაში ჯერ ჩავეძიებით შეკითხვას, შეჩერდება თუ არა საქართველოში კომპრომატების ომი და გავიხსენებთ ცნობილი ადამიანების თვითმკვლელობებს. ”მეათე სტუდიაში” დღეს გიამბობთ აგრეთვე ქართველი გამომგონებლის, ბიძინა ნორაკიას ხელსაწყოებზე და, რასაკვირველია, ხელოვნებაზეც ვისაუბრებთ. მსოფლიო კინოს ვარსკვლავის, ელიზაბეთ ტეილორის დაბადების 70-ე წლისთავზე გამოხმაურების შემდეგ მოგითხრობთ ქართველი საოპერო მომღერლის, თამარ ჯავახიშვილის ბოლოდროინდელ წარმატებებზე. პრაღაში მიკროფონთან მარიამ ჭიაურელია.

[მუსიკა]

შეჩერდება თუ არა საქართველოში კომპრომატების ომი?

მარიამ ჭიაურელი:
ბოლო ერთი კვირის მანძილზე განვითარებულმა მოვლენებმა წინა პლანზე გადმოსწია საკითხი, რომელიც პერიოდულად საზოგადოებისა და ჟურნალისტების დისკუსიის საკითხად იქცეოდა ხოლმე. იგულისხმება პიროვნების პატივისა და ღირსების შელახვის გახშირებული ფაქტები, რაც საქართველოში ყოველდღიურობის სამწუხარო შემადგენელ ნაწილად იქცა. ნუგზარ საჯაიას თვითმკვლელობის პირველივე წუთებში გაისმა მოსაზრება, რომ აუცილებელია საკანონმდებლო ბაზის გამკაცრება, რათა მომავალში პიროვნების ღირსება კანონით იყოს დაცული. შეაჩერებს თუ კანონის გამკაცრება საქართველოში კომპრომატების ომს? ამ საკითხზე თამარ ჩიქოვანი გესაუბრებათ.

თამარ ჩიქოვანი:
კარგად ინფორმირებული პირის ცნობით, ხელისუფლება ამზადებს ცვლილებას სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც ცილისწამებისთვის სასჯელის გამკაცრებას გულიხმობს. თუ აქამდე სამოქალაქო კოდექსი ადამიანის ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სასჯელად ფულად ჯარიმას ითვალისწინებდა, ახალი პროექტით, ადამიანის, განსაკუთრებით კი საჯარო პირის შეურაცხყოფა შესაძლოა პატიმრობითაც დასრულდეს. ამავე დროს, გაუკრკვეველია, სად გადის ზღვარი ცილისწამებასა და, დავუშვათ, ადამიანის ღირსების შელახვას შორის. თუ გავითვალისწინებთ იმ ფსიქოლოგიურ ფონს, რომელიც სახელისუფლებო სტრუქტურებშია შექმნილი ორშაბათს უშიშროების საბჭოს მდივნის ნუგზარ საჯაიას თვითმკვლელობის გამო, დიდია შანსი, რომ პარლამენტი ერთსულოვნად დაუჭერს მხარს კანონის გამკაცრებას. სხვა საკითხია, ვის წინააღმდეგ ამოქმედდება შეცვლილი კანონი.

არავინ უარყოფს იმ შემაშფოთებელ ტენდენციას, რაც დღევანდელ ქართულ მედიაშია შექმნილი, როცა კონკრეტული პოლიტიკოსის თუ სახელმწიფო მოხელეს კრიტიკა შეურაცხყოფასა და პიროვნული ღირსებების შელახვაში გადადის. სხვათა შორის, საინტერესოა, რომ სახელმწიფო მოხელე, რომელიც საკუთრ თავს “რკინის კაცს” უწოდებდა, თნამდებობიდან გადადგომისას საკუთარი ღირსების შელახვის კამპანიის შეწყვეტა მოითხოვა. შარშან ნოემბერში შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა კახა თარგამაძემ განაცხადა: [კახა თარგამაძის ხმა] “თქვენ ყველას კარგად გესმით, თუ რა მძიმე და რთულ პირობებში ხდებოდა ყველაფერი ის...ამ წლებშის განმავლობაში ფუნქციონირება და შინაგან საქმეთა მინისტრობა რა არის. მაგრამ მე ერთი რამ მინდა გითხრათ – ნურასდროს ნურავინ ნუ შეეცდება ადამიანის ღირსებისა და პატივს შეეხოს.”

ქართველ ჟურნალისტთა ყველაზე საყვარელი სამიზნე – პრეზიდენტი შევარდნაძე უკვე აცხადებს, რომ გარკვეული იმუნიტეტი გამოუმუშავდა პრესის მიმართ. თუმცა, სამი წლის წინათ მასაც უღალატა ნერვებმა, როცა ერთერთი გაზეთის პირველ გვერდზე მისი პიროვნული ღირსების შემლახველი ლოზუნგის ფოტო იხილა. ლეილა შუკვანის – ამ ლოზუნგის “ავტორის” სახელი მაშინ მთელმა საქართველომ შეიტყო. მაშინაც დიდი დისკუსია მიდიოდა თემაზე, შეურაცხოფდა ლოზუნგი პრეზიდენტის ღირსებას თუ არა...

თუმცა, ისევ კანონის გამკაცრების თემას თუ დავუბრუნდებით, ცოტა გაუგებარი რჩება, ვინ აგებს პასუხს ცილისწამებაზე ან ღირსების შელახვაზე მაშინ, როცა ყველაზე ხშირად ასეთი პრეცენდენტები პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხდება. სხდომები კი, მოგეხსენებათ, პირდაპირი ეთერით გადაიცემა მთელს საქართველოზე. მაგალითად, პარლამენტის მიერ ბიუჯეტის პროექტის მხარდაჭერამ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან კოლეგების კორუფციაში დადანაშაულება გამოიწვია. პარლამენტის სხვა წევრების რეაქცია ამ ბრალდებაზე ასეთი იყო. ფრაქცია აღორძინების წევრის ვალერი გელბახიანის განცხადებით:
[ვალერი გელბახიანის ხმა] “თითქოს, ვინც ბიუჯეტს ხმა მისცა, არის მოსყიდუკლი, მთავრობა ფულს უხდის და ა.შ. პირადად მე ეს არ მეხება, რადგან არ მიმიცია ბიუჯეტისთვის ხმა. მაგრამ, ნივც მისცა ხმა, თავი უნდა იმართლონ იმიტომ, რომ თუ ამ ადამიანებმა ფული აიღეს, მაშინ ჩვენც უნდა ვიცოდეთ, რა თანხაზეა საუბარი, როგორ არის საუბარი და რატომ დგამენ ან ნაბიჯს ან მთავრობის ან პარლამენტის წევრები...მერე-აქ მობრძანდება ბატონი სააკაშვილი, იქნებ გვიპასუხოს – თვითომ ხმა მისცა და რამდენი აიღო სმის მიცემაში თვითონ. იქნებ მართლა ღირდეს ხმის მიცემა ასეთ შემთხვევაში.”

ამ სიტყვიერი ბრალდებების –თან საკმაოდ მძიმე ბრადლებების შედეგი მხოლოდ ისაა, რომ როსტომ დოლიძეს დაევავა გაერკვეს, მართლა აიღეს თუ არა პარლამენტარებმა ქრთამი ბიუჯეტის მხარდაჭერის სანაცვლოდ. რა გაირკვა – ამის თაობაზე არაფერია ცნობილი.

საბოლოოდ კი, ასეთი პროგნოზის გაკეთება შეიძლება. კანონის გამკაცრების შემთხვევაში, ჯოხი ისევ ჟურნალისტებზე გადატყდება, რომლებიც ხშირად მხოლოდ იმ პოლიტიკოსების ციტირებას აკეთებენ, ვისაც სადეპუტატო იმუნიტეტი იცავს.

თამარ ჩიქოვანი, რადიო ”თავისუფლებისთვის”, თბილისი.

[მუსიკა]

ცნობილ პიროვნებათა თვითმკვლელობები

მარიამ ჭიაურელი:
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თვითმკვლელობა ძალიან მალე მოექცა ჩრდილში ტერორიზმთან ბრძოლაში ამერიკულ დახმარებასთან დაკავშირებული აჟიოტაჟის გამო. ან, შეიძლება, მასმედიამ უკვე ხელი აიღო თვითმკვლელობის მოტივთა უსაგნო ძიებაზე და ყურადღებას ამ აქტის შედეგებს მიაპყრობს. ეს ბუნებრივია, რადგან ასეთ შემთხვევებში მიზეზთა კვლევა უმადური საქმეა. თვითმკვლელობა ყოველთვის რჩება იდუმალ და ტრაგიკულ აქტად, რომლის საფუძველს ძნელია, ბოლომდე ჩაწვდე. დავით პაიჭაძე შეგახსენებთ მე-20 საუკუნის რამდენიმე ცნობილ სუიციდს მათი შესაძლო მოტივებითურთ.

კომუნისტურ პერიოდში პოლიტიკურ მოღვაწეთა თვითმკვლელობა არ იმალებოდა, მაგრამ, ცხადია, ამ ინციდენტებზე საჯარო საუბარს ვერავინ ბედავდა. 80-იან სიცოცხლეს ნებით გამოესალმნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აკაკი კარანაძე (როგორც გადმოგვცემენ, პირადი ტრაგედიის გამო) და პარტიის ქუთაისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი მამუკა ასლანიკაშვილი – ასევე გადმოცემის თანახმად, პარტიულ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის მიზეზით. პოლიტიკოსთა, უკეთ პარტიულ მუშაკთა თვითმკვლელობები არცთუ იშვიათი იყო 30-ანი წლების რეპრესიების დროს. გახმაურებული მაგალითი – სერგო ორჯონიკიძის აღსასრულია.

საქართველოში ყველაზე ცნობილი თვითმკვლელობა მაინც 1959 წლის მარტში მოხდა, როცა თბილისის ერთ-ერთი ფსიქიატრიული საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გალაკტიონ ტაბიძე გადმოეშვა. წლების მანძილზე ამ ფაქტს გალაკტიონის სულიერი აშლილობით ხსნიდნენ, ახლა კი ამბობენ, რომ პოეტი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს მაშინდელმა კომკავშირელმა ფუნქციონერებმა და უშიშროების თანამშრომლებმა, რომელთაც სურდათ გალაკტიონი ბორის პასტერნაკის წინააღმდეგ “დოქტორი ჟივაგოს” გამო ატეხილ კამპანიაში ჩაეთრიათ. ქართველმა პოეტმა არ უღალატა მეგობარსა და მთარგმნელს და უკიდურესად ტრაგიკული გამოსავალი არჩია.

1937 წელს მწერალთა კავშირში თოფით მოიკლა თავი პაოლო იაშვილმა. რეპრესიები ძალას იკრეფდა, მტრულ და პარანოიდულ გარემოში პაოლო იაშვილი, ჩანს, უტყუარად გრძნობდა, რომ მისი დაპატიმრება გარდაუვალი იყო და მომავალ წამებას სიკვდილი ამჯობინა.

საბჭოთა პერიოდის მწერალთა შორის მრავალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ყველაზე პოპულარული მათ შორის, ალბათ, მაინც ვლადიმირ მაიაკოვსკია, რომლის პოეზიაში სუიციდალური მოტივები ადრიდანვე ჩნდება. თავად მაიაკოვსკი მოწმობს, რომ ახალგაზრდობაში ორჯერ უთამაშია ე.წ. “რუსული რულეტკა”. ერთი ვარაუდით, 1930 წლის 14 აპრილს პოეტი სწორედ ამ თამაშს შეეწირა. თუმცა, მისი ცხოვრებისა და შემოქმედების მკვლევრები მაიაკოვსკის ნებსითი თვითმკვლელობისათვის საკმარის მიზეზებს ჩამოთვლიან: პოეტი გრძნობდა შერისხვის მოახლოებას, გახშირდა კრიტიკისა და “მოწინავე ახალგაზრდობის” მტრული თავდასხმები, განიცდიდა შემოქმედებით კრიზისს, არც ფიზიკურად და არც ფსიქიკურად ჯანმრთელი არ იყო და სიყვარულშიც არ გაუმართლა.

კიდევ ერთი პოეტი, რომლის ბედიც ტრაგიკულად გადაება მისი ქვეყნის ისტორიას, მარინა ცვეტაევაა. თვითმკვლელობის სურვილი მას ემიგრაციიდან საბჭოთა რუსეთში დაბრუნების შემდეგ გაუმძაფრდა, როცა მეუღლე და ქალიშვილი დაუპატიმრეს. სიცოცხლის მიწურულს მზარდი დეპრესია ჰქონდა, რასაც, ბევრწილად, გარემო პირობები ედო საფუძვლად. 1941 წელს დაიწყო ომი, მარინა ცვეტაევა შორეულ პროვინციაში გადაასახლეს. სამუშაო არ ჰქონდა, ითხოვდა, რომ მწერლების სასადილოში ჭურჭლის მრეცხავად მაინც მიეღოთ. თავაზობდა, რომ თარგმნიდა თათრული ენიდან საპნისა და თამბაქოს სანაცვლოდ. ცვეტაევა თავს იკავებდა მანამ, სანამ თვლიდა, რომ 15 წლის ვაჟისთვის იყო საჭირო. როცა მოეჩვენა, რომ ვაჟს კი არ ეხმარება, არამედ პირიქით, მხოლოდ უშლის, სიცოცხლემ ყოველგვარი აზრი დაკარგა. მან ნაქირავებ ოთახში, ლურსმანზე ჩამოიხრჩო თავი. დაკრძალვის შემდეგ მისმა ვაჟმა თქვა: “მარინა ივანოვნა ლოგიკურად მოიქცა”.

გასულ ორშაბათს მომხდარმა ტრაგიკულმა ფაქტმა ბევრს მოაგონა კიდევ ერთი სუიციდი – საქართველოს ყოფილი ფინანსთა მინისტრის, დემურ დვალიშვილისა. ამ სიუჟეტში ჩვენ პოეტები და პოლიტიკოსები გავიხსენეთ. რატომღაც, ყველამ მიივიწყა თვითმკვლელობა, რომელიც სწორედ პოეტმა და პოლიტიკოსმა ჩაიდინა: ოფიციალური ვერსიით, 1993 წლის 31 დეკემბერს თავი მოიკლა საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ.

დავით პაიჭაძე რადიო ”თავისუფლებისთვის”. თბილისი.

[მუსიკა]

ქართველი გამომგონებლის ხელსაწყოები, რომლებიც სიცოცხლისათვის საშიში კონცენტრაციის მქონე აირების გაკონტროლების საშუალებას იძლევა

მარიამ ჭიაურელი:
პროგრამას ახლა მეცნიერების თემით განვაგრძობთ. პრაღაში მიკროფონთან მარიამ ჭიაურელია.
საქართველოს სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის მიკროელექტრონიკის ცენტრის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ბიძინა ნორაკიამ შექმნა ხელსაწყო, რომელიც ფეთქებადსაშიში კონცენტრაციის აირის გაკონტროლების საშუალებას იძლევა. ხელსაწყო მეტად კომპაქტურია და მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა.
გამომგონებელს, პრაქტიკულად, უკვე გამზადებული აქვს ნახშირჟანგის ანუ მხუთავი გაზის მაკონტროლებელი ხელსაწყოც. ალბათ, ზედმეტია იმის აღნიშვნა, რომ ასეთი დეტექტორები აუცილებელია საქართველოს მოსახლეობისათვის. მოუსმინეთ გიორგი კაკაბაძეს.

გიორგი კაკაბაძე:
რამ განაპირობა ფეთქებადსაშიში კონცენტრაციის აირის მაკონტროლებელი ხელსაწყოს შექმნა? მისი ავტორის, ბიძინა ნორაკიას, თქმით, [ნორაკიას ხმა] “დაახლოებით ერთი წლის წინათ, როდესაც ბუნებრივი აირი სახლში გაჟონავდა, სუნი არ ჰქონდა საერთოდ, ან ჰქონდა მცირედ გამოკვეთილი, ასე რომ, შეიძლება, ვერ შეგემჩნიათ და ძალიან სახიფათოა, როცა არც სუნი და არც ფერი აქვს ფეთქებადსაშიშ გაზს. ამიტომ დაიბადა იდეა, შეგვექმნა ხელსაწყო, რომელიც ამ უფერო, უსუნო გაზს აღმოაჩენდა ჰაერში.”

ცნობილია, როცა სამომხმარებლო აირის კონცენტრაცია ჰაერში 5-15 პროცენტს აღწევს, მაშინ ის ფეთქებადსაშიში ხდება. ნორაკიას დეტექტორი აფიქსირებს ნახევარპროცენტიანი კონცენტრაციის მქონე აირს და ამის შესახებ ხმოვანი სიგნალით ატყობინებს მომხმარებელს. ხელსაწყო ძალიან კომპაქტურია: მას სიგარეტის კოლოფზე ოდნავ დიდი გაბარიტები აქვს, ას გრამზე ნაკლებს იწონის და ექსპლოატაციაში საიმედოა. დეტექტორი კედელზე მაგრდება, ხმოვანი სიგნალი კი მომხმარებელმა მისთვის სასურველ ადგილებში შეიძლება მიიღოს. დეტექტორის მუშაობისათვის გამოიყენება სტანდარტული ქსელი ან 12-ვოლტიანი მუდმივი დენის წყარო.

ხელსაწყოს მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციის უფროსმა, პროფესორმა ალექსანდრე ბეჟანიშვილმა.

მართალია, ჯერჯერობით ნორაკიას დეტექტორი არ იწარმოება, მაგრამ ავტორი იმედოვნებს, რომ საქართველოში დაინტერესდებიან მისი გამოგონებით. მით უმეტეს, რომ ჩვენთან საკმაოდ ხშირად იქმნება გაზის გაჟონვასთან დაკავშირებული ავარიული სიტუაციები.

ბიძინა ნორაკია აღნიშნავს: [ნორაკიას ხმა] “არსებობს ზოგიერთი ფირმის მიერ გამოშვებული ხელსაწყოები, რომლებსაც იგივე დანიშნულება აქვთ, მაგრამ მათი ფასი საკმაოდ მაღალია. ფართო დანერგვისათვის მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ღირს ხელსაწყო. მაგალითად, ისრაელის ხელსაწყო, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, 75 დოლარი ღირს და ეს 150 ლარზე მეტია, მაშინ, როცა ჩვენი ხელსაწყო, დანერგვის შემთხვევაში, 55 ლარი ეღირება.”

გამომგონებელს, პრაქტიკულად, უკვე გამზადებული აქვს, აგრეთვე, ნახშირჟანგის, ანუ მხუთავი გაზის, მაკონტროლებელი ხელსაწყო. ეს დეტექტორიც მაღალი მგრძნობიარობით, საიმედოობით და კომპაქტურობით გამოირჩევა.

როგორც ცნობილია, უკანასკნელი ნახევარი წლის განმავლობაში, დაახლოებით, ოცდაათი ადამიანი დაიღუპა საქართველოში ნახშირჟანგით დახუთვის გამო. ეს ტრაგიკული შემთხვევები განაპირობა აირზე მომუშავე გამათბობლების თუ სხვა მოწყობილობების არასწორმა მონტაჟმა. სწორედ ამგვარი შემთხვევების თავიდან აცილებისთვის არის განკუთვნილი ნახშირჟანგის მაკონტროლებელი ხელსაწყო, რომელიც, როგორც მისი ავტორი გვპირდება, ერთი თვის შემდეგ იქნება მზად.

ვუბრუნდები ბიძინა ნორაკიას პირველი ხელსაწყოს შესახებ საუბარს. შესაძლოა, რადიომსმენელს გაუჩნდეს კითხვა – გამოირჩევა თუ არა ამ დეტექტორის მოქმედების პრინციპი რაიმე სიახლით? ავტორის თქმით, [ნორაკიას ხმა] “ხელსაწყოს პრინციპი – გაზის გადამწოდი, რომელიც არის ნახევარგამტარული,სენსორული ტიპის – სწორედ ეს არის სიახლე. ხელსაწყო რეაგირებს მეთანზე, პროპანზე, ბუთანზე და სხვა ფეთქებადსაშიშ აირებზე. აირის გარკვეული კონცენტრაციის დროს გადამწოდი იცვლის თავის მახასიათებელს და ეს ცვლილება პირდაპირპროპორციულია ჰაერში ფეთქებადსაშიში აირის კონცენტრაციისა. ამ ცვლილებას აფიქსირებს ხელსაწყო, შემდეგ ხდება მიღებული სიგნალის ელექტრულად გარდაქმნა და ხმოვან სიგნალში გადაყვანა. ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ ხელსაწყო მარტივი და იაფი ყოფილიყო.”

ბიძინა ნორაკია აღნიშნავს, აგრეთვე, რომ ხელსაწყოს დამზადება ძალიან იოლია.
დეტექტორის ავტორის თქმით, თუ საქართველოს მთავრობა ან ბიზნესმენები დაინტერესდებიან ხელსაწყოთი, მაშინ შესაძლებელია გარკვეულ დათმობებზე საუბარი იმ მიზნით, რომ მომხმარებელმა შეძლოს ხელსაწყოს შეძენა.

გიორგი კაკაბაძე რადიო ”თავისუფლებისათვის”. თბილისი

[მუსიკა]

მარიამ ჭიაურელი:
მეათე სტუდიის ბოლო ორი სიუჟეტი, როგორც დაგპირდით ხელოვნებას დაეთმობა – ჯერ ერთი კინოვარსკვლავის გზას გავიხსენებთ.

[მუსიკა: ფელიქს მენდელსონ-ბარტოლდის სავიოლინო კონცერტი]

სამსახიობო კარიერა ელიზაბეთ ტეილორმა ბავშვობაშივე, ჯერ კიდევ ორმოციან წლებში დაიწყო. მაგრამ ბავშვობაში “გავარსკვლავებული” მრავალი კოლეგისგან განსხვავებით, დაქალებას მის შემდგომ შემოქმედებით გზაზე უარყოფითად არ უმოქმედია. პირიქით, სწორედ 50-იან და 60-იან წლებში ითვლებოდა იგი ჰოლივუდის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავად, სწორედ მაშინ უხდიდნენ მას იმ დროისთვის სრულიად გაუგონარ ჰონორარებს... მაგრამ ამქვეყნად, მოგეხსენებათ, ყველაფერი წარმავალია, და ელიზაბეთ ტეილორის შემხვედვარეს დღეს ძნელად თუ დააჯერებ, რომ თავის დროზე მას არაერთი მამაკაცი მიიჩნევდა მსოფლიოს ულამაზეს ქალად. 27 თებერვალს ელიზაბეთ ტეილორს 70 წელი შეუსრულდა. მის შემოქმედებით გზას დავით კაკაბაძე გაიხსენებს.

დავით კაკაბაძე:
თავისი პირველი კინოროლი ლიზ ტეილორმა 10 წლის ასაკში შეასრულა, 12 წლისას კი კრიტიკოსები მას უკვე “ვარსკვლავად” მოიხსენიებდნენ. პატარა გოგონამ მაშინვე მოაწერა ხელი მრავალწლიან კონტრაქტს სტუდია-გიგანტ “მეტრო გოლდუინ მაიერთან”, რომელთან თანამშრომლობამაც მოგვიანებით არაერთი წარმატება მოუტანა.

18-19 წლის ასაკში ელიზაბეთ ტეილორს რეჟისორები მთავარ როლებზე ძირითადად მისი უჩვეულოდ მომხიბლავი გარეგნობის გამო იწვევდნენ: ლურჯი თვალები, მუქი და ხშირი წამწამები, შავი თმა, ხავერდოვანი ხმა და სახის რბილი ნაკვთები. მაგრამ თანდათან მაყურებლისთვის და, განსაკუთრებით, კრიტიკოსებისთვის, ნათელი შეიქნა, რომ ლიზ ტეილორი მხოლოდ ლამაზი თოჯინა კი არ არის, არამედ ნიჭით მომადლებული, ჭეშმარიტად პროფესიონალი მსახიობია.

1960 წელს ამერიკის კინოაკადემიამ ტეილორს პირველი “ოსკარი” მიანიჭა – მას შემდეგ, რაც მანამდე მსახიობი ზედიზედ სამჯერ იყო დასახელებული მსოფლიო კინოს ამ ყველაზე საპატიო ჯილდოს კანდიდატთა შორის. თუმცა, ეს ტეილორის ბოლო “ოსკარი” არ ყოფილა. 1966 წელს მან კვლავ მოაჯადოვა კინოაკადემიის ჟიურის წევრები, რომლებმაც მას მეორედ მიანიჭეს წლის საუკეთესო მსახიობი ქალის წოდება მართას როლის შესრულებისთვის კინოფილმში “ვის ეშინია ვირჯინია ვულფის?”. და თუ მსახიობისთვის პირველი “ოსკარის” მინიჭების შემდეგ ზოგმა კრიტიკოსმა ჟიურის გადაწყვეტილების მართებულობა ეჭვქვეშ დააყენა, ტეილორის მეორედ გალაურეატებას კინოს სამყარო ერთხმად და დაუეჭვებლად მიესალმა.

ეს კინოსურათი – “ვის ეშინია ვირჯინია ვულფის?” – იმითაც იყო ღირსშესანიშნავი, რომ მასში “ოსკარის” ლაურეატს ღირსეულ პარტნიორობას უწევს რიჩარდ ბარტონი: კაცი, რომელზეც ტეილორმა ერთხელ კი არა, ორჯერ იქორწინა. და რაკი სიტყვა ქორწინებებზე ჩამოვარდა, არ შეიძლება, არ ვახსენოთ ისიც, რომ ამ მხრივ ელიზაბეთ ტეილორი თვით მრავლისმნახველ ჰოლივუდშიც კი რეკორდსმენად ითვლება: ოთხი ათეული წლის მანძილზე მან რვაჯერ იქორწინა, უკანასკნელად 1991 წელს.

საერთოდ, ტეილორის პირადი ცხოვრება მუდამ მასმედიისა და ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო. მეტიც, ალბათ შეიძლება ითქვას, რომ მსახიობს – რვა ქორწინების მიუხედავად – პირადი ცხოვრება საერთოდაც არ ჰქონია: იყო დრო, როცა დღე ისე არ გაივლიდა, ევროპისა თუ ამერიკის ყვითელ პრესას ტეილორთან დაკავშირებული ახალ-ახალი სენსაციური ამბები არ ეუწყებინა მკითხველებისთვის.

გაზეთების პირველ გვერდებზე მოხვედრის ნიჭი მსახიობს დღემდე რომ არ დაუკარგავს, ამ რამდენიმე დღის წინათაც დადასტურდა, როცა საინფორმაციო სააგენტოებმა კიდევ ერთი სენსაციური ცნობა გაავრცელეს: პოპ-ვარსკვლავ მაიკლ ჯექსონის კუთვნილი კომპანია აპირებს, გადაიღოს კინოფილმი, რომლის რეჟისორადაც ჯექსონის უფროსი მეგობარი, ელიზაბეთ ტეილორი მოგვევლინება.

[მუსიკა]

თამარ ივერი და ”დონ ჯოვანი” გრაცის საოპერო თეატრში

[მუსიკა: ნაწყვეტი მოცარტის ოპერიდან ”დონ ჯოვანი”]

მარიამ ჭიაურელი:
დონ ჟუანს ბედი აღარ წყალობს: ის ვერც დონა ანას მოხიბლვას ახერხებს და ვერც გლეხის ქალ ცერლინასთან განმარტოვებას; დონა ელვირასგან, რომელსაც ერთ დროს დაქორწინებას დაჰპირდა, ხომ მოსვენება არა აქვს. იქნებ, ამიტომაც არ ეშინია სიცოცხლესთან გამოთხოვებისა დროსტარების და ქალების მოტრფიალე ესპანელ დიდგვაროვანს? ასეა თუ ისე, ცოდვების მონანიებას დონ ჟუანი ჯოჯოხეთს ამჯობინებს და მოცარტის დიდებული ქმნილება,”დონ ჯოვანი” დასასრულს უახლოვდება.

[მუსიკა]

თავისი დაუნდობელი და მაინც, რაღაცნაირად მომხიბვლელი გმირისაგან განსხვავებით, ოპერათა მეფეს, ”დონ ჯოვანის” თაყვანისმცემლები არ აკლდება- ამის მოწმე კიდევ ერთხელ გავხდი 17 თებერვალს ავსტრიის ქალაქ გრაცის საოპერო თეატრში, სადაც წარმოდგენის დამთავრების შემდეგ დიდხანს არ უშვებდნენ სცენიდან მომღერლებსა და დირიჟორს: ეს უკანასკნელი, შვეიცარელი ფილიპ ჟორდანი სულ 27 წლისაა და უკვე დიდებული მუსიკოსი, რომელსაც უდავოდ შესანიშნავი კარიერა მოელის.

მაგრამ ”მეათე სტუდიაში” გვინდა წარმოდგენის სხვა მონაწილეზე გიამბოთ. მის შესახებ ავსტრიის გაზეთ ”პრესეში” ასეთი რეცენზია წავიკითხე: ციტატა- ”მომღერალთა ანსამბლიდან გამოირჩევა თამარ ივერი, რომლის დონა ანას პირველ არიაში უაღრესად დრამატული, სავსე ხმა ჟღერს, ხოლო მეორე, ლირიულ არიაში მომღერალი თავისი დიდებული სოპრანოთი ადვილად უმკლავდება ურთულეს კოლორატურას. ალბათ ასეთი, რომანტიკული ესთეტიკით გამსჭვალული ინტერპრეტაცია წარმოედგინა ე.ტ.ა. ჰოფმანს თავის ნოველაში ”დონ ხუანი” - ციტატის დასასრული. დიახ, მეათე სტუდიის ამ სიუჟეტში, დაპირებისამებრ, ჩვენს თანამემამულეზე, თამარ ივერზე ვისაუბრებთ – ასეთი ფსევდონიმით იცნობენ ოპერის საერთაშორისო ოჯახში თამარ ჯავახიშვილს, რომელიც ბოლო წლებში დიდ წარმატებებს აღწევს.

თუ მსმენელს ზემოთ მოყვანილი ციტატა, ცოტა არ იყოს, პათეტიურად მოეჩვენა, აქვე უნდა მიეჩვიოს იმ აზრს, რომ თამარ ივერის მონაწილეობით დადგმული სპექტაკლების რეცენზიებს ეს თვისება ახასიათებს. უბრალოდ, სხვა გზა არ არის - მუსიკის კრიტიკოსები, ტრადიციული სიმკაცრის მიუხედავად, არასოდეს იშურებენ ხოტბას გამორჩეული ხელოვანის მისამართით, და თამარ ივერი სწორედ ასეთი ხელოვანია. ”განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ქართველმა სოპრანომ, თამარ ივერმა, რომელსაც მსმენელები მქუხარე ტაშით შეეგებნენო”, - წერდა გაზეთი ”ნოიე ციურხერ ცაიტუნგი” გრაცის ოპერაში დადგმული ”ევგენი ონეგინის” შესახებ. ჩაიკოვსკის ოპერაში თამარი ტატიანას პარტიას ასრულებდა.

[მუსიკა ჩაიკოვსკის ”ევგენი ონეგინიდან”]

ახლა კი ისევ ”დონ ჯოვანის” დავუბრუნდეთ. 17 თებერვლის წარმოდგენის შემდეგ თამარ ივერთან შეხვედრის შესაძლებლობა მომეცა და მას, ცხადია, თავდაპირველად წარმატება მივულოცე. ჩვენი საუბრის შემდეგი თემა კი დონა ანა იყო.

[თამარ ივერის ხმა – იხ. აუდიოვერსია]

აქ თამარ ივერს სიტყვა გავაწყვეტინე და შევახსენე ერთსულოვანი აღტაცება, რომელიც მისმა დონა ანამ გამოიწვია. ერთ-ერთ რეცენზიაში მას ”ამოსახეთქად გამზადებულ ვულკანს” ადარებდნენ, რაც, ალბათ, დამეთანხმებით, სოპრანოსთვის ცოტა არ იყოს, უცნაური შედარებაა. მაგრამ ”დონ ჯოვანის” მოსმენისას მივხვდი, რას გულისხმობდა სტატიის ავტორი: თამარ ივერი მღერის ისე, რომ აშკარად არ აჩენს მთელ ძალას, რეზერვს იტოვებს, მიდის რისკზე, რომ პუბლიკა მის პიანისიმოსაც მოუსმენს, რათა არც ერთი ფრაზა, მოცარტის ტკბილი მუსიკის არც ერთი ბგერა არ გამორჩეს. და მსმენელი მართლაც გუტრუნული ზის სავარძელში.

[თამარ ივერის ხმა – იხ. აუდიოვერსია]

17 თებერვლის წარმოდგენით კმაყოფილი დარჩნენ ”დონ ჯოვანის” მთავარი პერსონაჟებიც – თავად დონ ჯოვანი, იტალიელი ბარიტონი ნიკოლა ულივიერი და მისი მსახური, ლეპორელო, რომლის პარტია ესპანელმა ბანმა, სიმონ ორფილამ შეასრულა. ნიკოლა ულივიერის თქმით: [ულივიერის ხმა] ”შევეცადე, ყოველი წარმოდგენა წინაზე უკეთ მემღერა და დღეს ძალიან კმაყოფილი ვარ. დღეს ხომ გრაცში ”დონ ჯოვანის” ბოლო წარმოდგენა იყო და ყველას გვინდოდა, ის საუკეთესო ყოფილიყო.”

ახლა კი ისევ თამარ ივერს დავბურუნდეთ – ის ერთხელ უკვე იყო ”მეათე სტუდიის” სტუმარი და მაშინ მოგვითხრო თბილისის კონსერვატორიაში სწავლასა და ბათუმის ოპერაში მოღვაწეობაზე, აგრეთვე ორ საერთაშორისო ვოკალურ კონსკურში მოპოვებულ წარმატებაზე. ესენი იყო 1998 წელს მეორე ადგილი ჯუზეპე ვერდის და 1999 წელს პირველი ადგილი მოცარტის უაღრესად პრესტიჟულ კონკურსებში. მას შემდეგ შედგა თამარ ივერის დებიუტები ვენაში, ევიანში, ბონში. ის ხშირად სტუმრობს იაპონიაში, ხოლო სულ მალე ვენეციას მიაშურებს. თუმცა სამომავლო გეგმებზე ის თავად მოგვითხრობს.

[თამარ ივერის ხმა – იხ. აუდიოვერსია]

ვიდრე მოგასმენინებდეთ თამარ ივერის პასუხს შეკითხვაზე, აპირებს თუ არა უახლოეს მომავალში საქართველოში ჩასვლას, შევნიშნავ, რომ ლონდონში ის ვერდის ”სიმონ ბოკანეგრაში” იმღერებს. ახლა კი ისევ თამარს მოვუსმინოთ.

[თამარ ივერის ხმა – იხ. აუდიოვერსია]

თამარ ივერს ჩვენს რადიოსთან ერთი თხოვნაც ჰქონდა, რომელსაც დიდი სიამოვნებით ვუსრულებთ:

[თამარ ივერის ხმა – იხ. აუდიოვერსია]

ძვირფასო მსმენელებო, იმედია, არც რადიოინტერვიუს დაგვიწუნებთ, თუმცა მართლაც საწყენია, რომ ჯერჯერობით თამარ ივერის ხმის ჩანაწერის მოსმენას უნდა დასჯერდეთ. ეს ჩანაწერი – არია მოცარტის ოპერიდან ”ფიგაროს ქორწინება”- გაკეთებულია 1999 წელს ზალცბურგში, მოცარტის კონკურსის ფინალურ ტურში, რომელმაც ქართველ მომღერალს გამარჯვება მოუტანა. ჩვენ კი გემშვიდობებით. ”მეათე სტუდია” პრაღაში მოამზადეს დავით კაკაბაძემ და მარიამ ჭიაურელმა. რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. მომავალ შეხვედრამდე ეთერსა და ინტერნეტში.

[მუსიკა]
XS
SM
MD
LG