Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეძლებს თუ არა ევროპის კავშირი ერთიანი საგარეო პოლიტიკის შემუშავებას?


ევროპის კავშირი ეკონომიკური თვალსაზრისით მძლავრ კავშირს წარმოადგენს, მაგრამ მსოფლიო პოლიტიკაში მეორეხარისხოვან როლს თამაშობს.

საერთაშორისო პოლიტიკის სფეროში კავშირის წევრებს არ აქვთ ერთიანი პოზიცია, რაც კიდევ უფრო აშკარა გახდება, როცა ეს კავშირი გაფართოვდება და მეტი წევრი ეყოლება. შეძლებს ევროპის კავშირი, აჰყვეს დროის მოთხოვნას და შეიმუშავოს ერთიანი საგარეოპოლიტიკური მიმართულება და, ამასთან, თავისი თითოეული წევრის სუვერენიტეტი არ ხელყოს?

ევროპის კავშირის შიგნით წარმოშობილი კრიზისები, ბოლო ხანს განსაკუთრებით სურსათის, აქედან გამომდინარე კი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, ავლენს ხოლმე ევროპის კავშირის სახელმწიფოთა გათიშულობას. ამგვარი კრიზისების შემდეგ, კავშირის შიგნით იწყებენ ხოლმე მაკონტროლებელი საერთოევროპული წესების შემოღებას. ეს ევროპის შიდა ბაზარზე თავისუფლად მოძრავი პროდუქტის გაკონტროლების გაუმჯობესების მიზნით ხდება. ამგვარი კრიზისი ავლენს ხოლმე აგრეთვე იმ სისუსტეს, რომელიც ამა თუ იმ სფეროში შეინიშნება. ამასთან ერთად, ის, ვინც ამ სფეროს აკონტროლებს, მეტი ძალაუფლებით აღიჭურვება. შეიძლება თუ არა ამ პრინციპით მოქმედება საერთაშორისო პოლიტიკის სფეროშიც?

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო პოლიტიკის ასპარეზზე კრიზისი მუდმივად არის: ანტიტერორისტული ომი, ახლო აღმოსავლეთი... და აქ გამოჩნდა ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის მოუმწიფებლობა, საკუთრივ ამ კრიზისებში მისი აქტიურობის დროს.

ევროპის კავშირის სახელმწიფოებმა, ამერიკის მიერ გლობალური ანტიტერორისტული ომის გამოცხადების შემდეგ, უკან არ დაიხიეს და ამ ომში ჩაებნენ, ჩაებნენ ცალ-ცალკე, ხანდახან კავშირის სტრუქტურების უგულებელყოფითაც კი. თითქმის ასევეა ახლო აღმოსავლეთის კრიზისში, სადაც ევროპის კავშირი ცდილობს, იყოს აქტიური; არაბული ქვეყნები მას, მართალია, მხარს უჭერენ, მაგრამ ამ კონფლიქტის მოგვარების საქმეში სერიოზულ მონაწილედ არ მიიჩნევენ.
ამ ყველაფრის შედეგად ევროპის კავშირი, უფრო ზუსტად, მისი ერთ-ერთი წევრის – გერმანიის – საგარეო საქმეთა მინისტრი იოშკა ფიშერი გამოდის წინადადებით. ფიშერმა გამოაცხადა, რომ ევროპას სერიოზულად არ აღიქვამენ, ვიდრე ის არ შეიმუშავებს უსაფრთხოების და საგარეო საერთო პოლიტიკას, ისევე, როგორც ეს საერთო ბაზრის და საერთო ვალუტის შემთხვევაშია.

მაგრამ ის, რასაც ე.წ. ევროსკეპტიკოსები – განსაკუთრებით ბრიტანეთში, შვეციასა და დანიაში – სახელმწიფო სუვერენიტეტის დასუსტებას უწოდებენ, მოჰყვება პერიფერიიდან ცენტრისკენ ძალაუფლების გადასვლას, რაც აუცილებლად მოჰყება საერთო პოლიტიკის შემუშავებას.
ლონდონის ევროპის რეფორმირების ცენტრის თანამშრომელი სტივენ ევერტსი ფიქრობს, რომ ბოლო უნდა მოეღოს პრინციპს, რომელიც, მისი თქმით, შიდა კონსენსუსს უპირატესობას ანიჭებს, გარე ეფექტიანობის წინაშე. ევერტსი, ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორს ხავიერ სოლანას ურჩევს, გააფართოვოს თავისი ძალაუფლება, პოზიცია გაიძლიეროს იმ შეხვედრების დროს, როცა გადაწყვეტილებების მიღება ხდება, აამაღლოს კონტროლი ევროპის კომისიის საგარეო ურთიერთობათა დირექტორთა საბჭოზე და დახმარების ფონდზე.

ევერტსი თვლის, რომ კავშირმა მეტი ყურადღება საერთო საგარეო პოლიტიკას უნდა მიაპყროს და არა სოფლის მეურნეობის სფეროს, სადაც წევრები ინდივიდუალურად უფრო იოლად გაიკვლევენ გზას. [სტივენ ევერტსის ხმა] “ერთიმეორეს არ ეთანადება ის, რასაც კავშირი აკეთებს და რასაც მისგან მოელიან. ხალხს რომ ჰკითხოთ, რას უნდა აკეთებდეს ევროკავშირი, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას დაასახელებენ პირველ რიგში, რადგან უმეტესობა საგარეო პოლიტიკაში ევროპის კავშირის უფრო აქტიურ მონაწილეობას ემხრობა”.

ევერტსის თანახმად, ევროპელებმა კარგად იციან, რომ მხოლოდ ერთად მოქმედებით შეძლებენ, გავლენა იქონიონ ვაშინგტონზე, ახლო აღმოსავლეთსა თუ რუსეთზე. ევროკავშირის გაფართოება, რაც მალე უნდა მოხდეს, ბრიუსელს, კავშირის ცენტრს, კიდევ უფრო მკაცრად მოსთხოვს, ხელში აიღოს საერთო სადავეები.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG