Accessibility links

logo-print

აფხაზეთში უღიარებელი რესპუბლიკის პარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს


2 მარტს, აფხაზეთსი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები გაიმართა. 35 საპარლამენტო მანდატზე 63 კანდიდატი აცხადებს პრეტენზიას.

კენჭისყრაში მონაწილე ყველა პოლიტიკური ჯგუფის კანდიდატთა საარჩევნო პროგრამის მთავარ ამოცანას საქართველოსგან ჩამოშორება და რუსეთის ფედერაციაში შესვლა წარმოადგენს. სეპარატისტები ახალი პარლამენტის არჩევისთანავე რეფერენდუმის მოწყობას გეგმავენ, რომელმაც, აფხაზეთის რუსეთის ფედერაციაში შესვლის საკითხის თაობაზე, რეგიონში დარჩენილი მოსახლეობის ნება უნდა გამოხატოს.

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს, „სახალხო კრების,“ არჩევნების საბოლოო შედეგები მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი. სოხუმის ხელისუფლების მონაცემებით, ხმის უფლებას 210 ათასზე მეტი მოქალაქე ფლობს. პარლამენტარობის 63 კანდიდატიდან, ეროვნების მიხედვით, 45 აფხაზი, 7 რუსი, 5 სომეხი, 3 ქართველი, თითო-თითო ბერძენი, ყაბარდოელი და ჩერქეზია. აღსანიშნავია ისიც, რომ არჩევნებმა ძირითადი ოპოზიციური ძალების მონაწილეობის გარეშე ჩაიარა.

ოპოზიციური მოძრაობა „აიტაირა“ (აღორძინება), რომლის ლიდერები არიან თამაზ ქეცბა და ლეონიდ ლაკერბაია, აფხაზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაბლოკა. კომისიის თავმჯდომარე სერგეი სმირის ხელმოწერით „აიტაირას“ რვა კანდიდატს რეგისტრაციაზე უარი ეთქვა. „აღორძინების“ ყრილობაზე მისმა თანათავმჯდომარემ ლეონიდ ლაკერბაიმ განაცხადა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან არჩევნების კანონის უხეში დარღვევების გამო იძულებულია არჩევნები უსამართლოდ და არაკანონიერად გამოაცხადოს. „ასეთ პირობებში საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „აიტაირა“ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს,“ - აღნიშნა ლაკერბაიამ. ეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს არძინბას ჯიბის პარლამენტს უწოდებს.

სეპარატისტული ხელისუფლების მთავარი მამოძრავებელი ძალა კი, პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა, მძიმე სენითაა შეპყრობილი. იგი უკვე 1 თვეა მოსკოვში ტვინის სიმსივნეს მკურნალობს. მოსკოვში გამომავალ გაზეთ „იზვესტიას“ ცნობით, არძინბას მეტყველებაც უჭირს.

სოხუმის სეპარატისტული ხელისუფლებისათვის ამ უჩვეულო სიტუაციაში ცხადი ხდება, რომ აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტა ახლოვდება. „იზვესტიაც“ კი აღიარებს, რომ თბილისს შანსი ეძლევა, აფხაზეთში მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოს მიმართ ლოიალური კანდიდატის გამარჯვება მოახერხოს.

მოვლენების ასეთი განვითარება მოსკოვს უკარნახებს გარკვეული ნაბიჯები გადადგას იმისათვის, რომ აფხაზეთში სამხედრო-პოლიტიკური გავლენა არ დაკარგოს. რუსეთის სახელმწიფო დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 5 მარტისთვის აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის საკითხის განხილვას გეგმავს. ამ ინიციატივით კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი რაგოზინი გამოვიდა. თავად აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება კი რუსეთის ფედერაციაში ასოცირებულ წევრად შესვლას მოითხოვს. ასოცირებულ წევრობაში ერთიანი საგარეო პოლიტიკა, ერთიანი საბაჟო სივრცე, ერთიანი სასაზღვრო პოლიტიკა და სხვა ერთობლივი ინტერესები იგულისხმება. ეს, დაახლოებით, საქართველოს მიერ შეთავაზებულ ავტონომიურ სტატუსს წააგავს, თუმცა სეპარატისტებს გული მაინც მოსკოვისკენ მიუწევთ.

მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტში, საპასუხო ზომის სახით, ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის ცნობის თაობაზე ალაპარაკდნენ, რაგოზინმა პოზიცია შეცვალა და 1 მარტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ აფხაზეთის საკითხი კომიტეტის დღის წესრიგში აღარ დგას. თუმცა 2 მარტს რუსეთის საინფორმაციო საშუალებები კვლავ ავრცელებდნენ ინფორმაციას სახელმწიფო დუმის საგარეო კომიტეტში აფხაზეთის საკითხის მოსალოდნელი განხილვის შესახებ.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კი საწინააღმდეგოს ამტკიცებს. 1 მარტს ყაზახეთში დსთ-ს მეთაურთა არაოფიციალურ სამიტზე მან განაცხადა, რომ რუსეთი კვლავაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მომხრე რჩება.

1 მარტს, ყაზახეთში, რუსეთის პრეზიდენტთან პირისპირ საუბრის შემდეგ, ედუარდ შევარდნაძემ პუტინის თანდასწრებით განაცხადა, რომ აფხაზეთის საკითხის გადაწყვეტა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მოწესრიგების გასაღებია.

[შევარდნაძის ხმა] „ჩვენ აფხაზეთის საკითხის მშვიდობიანი მეთოდებით გადაწყვეტას ვეცდებით, რუსეთისა და იმ კოლეგების დახმარებით, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ. დაე ნუ წუხან აფხაზები, მათ მხოლოდ უნდა გაიგონ, რომ აფხაზეთი არ იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო. მოსკოვი არასდროს დათანხმდება, აფხაზეთი რუსეთის სახელმწიფოს ასოცირებულ წევრად მიიღოს. ეს საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება და რუსეთი ამაზე არასდროს წავა. ერთობლივი ძალისხმევით კი ჩვენ გამოვნახავთ მშვიდობიან გამოსავალს, მე დარწმუნებული ვარ.“

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მის რუს კოლეგებს არაერთხელ მოუტყუებიათ, რასაც ალმა-ათაში გამგზავრებამდე თავად შევარდნაძეც აღნიშნავდა, იგი იძულებულია, პუტინის ახალი დაპირებები ჯერჯერობით ეჭვქვეშ არ დააყენოს. თუმცა მოსკოვი, თავისი ორმაგი პოლიტიკის წყალობით, შევარდნაძეს დიდხანს ლოდინის საშუალებას არ მისცემს.
XS
SM
MD
LG