Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო ბიუჯეტს არასაგადასახდო შემოსავლებმა და გრანტებმა "უმტყუნეს"


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ყოველი თვის ბოლოს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება ერთბაშად "ციფრების ეკვილიბრისტიკაში" ერთვება და სხვადასხვა მანქანებით სახელმწიფო ბიუჯეტის შესასრულებლად მონაცემებით მანიპულირებს.

უკვე მერამდენე წელია სახელმწიფო უწყებები ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით განსხვავებულ მონაცემებს აქვეყნებენ, რაც აღმასრულებელი ხელისუფლების არაკოორდინირებულ მუშაობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

სახელმწიფო ხაზინის წინასწარი ინფორმაციით, იანვრისაგან განსხვავებით, თებერვლის თვის გეგმა მთლიანობაში ვერ შესრულდა, თუმცა ამ შემთხვევაში მთავრობას გასამართლებელი აქვს _ გარღვევის ძირითად მიზეზად ბიუჯეტის არასაგადასახდო ნაწილისა და გრანტების ნაწილში სერიოზულ დეფიციტს ასახელებს. არასაგადასახდო შემოსავლების გეგმამ 65, ხოლო გრანტებიდან მიღებული ფაქტობრივმა შემოსავალმა 12 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საგადასახადო "მონაგარს" - წინა თვის ტრადიცია გააგრძელა საგადასახდო დეპარტამენტმა და წინასწარი მონაცემებით, თვის გეგმა ოდნავი გადაჭარბებით, 102 პროცენტით შეასრულა, თუმცა საგადასახდომ ამჯერადაც თავი ვერ დააღწია თვის ბოლო დღეს შემოსავლების მაქსიმალური მობილიზების პრაქტიკას - თუ 27 თებერვლისათვის გეგმა მხოლოდ 83 პროცენტით იყო შესრულებული, თვის ბოლო დღეს ფისკალებმა "დამკვრელურად" 12 პროცენტი ამოიღეს. საბოლოოდ, გეგმიური 18,2 მილიონი ლარის ნაცვლად ბიუჯეტმა 18,3 მილიონი მიითვალა.

ასევე წინასწარი მონაცემებით, საგადასახადოს არც საბაჟო დეპარტამენტი ჩამორჩა და გეგმა არ ჩააგდო. საბაჟომ ცენტრალურ ბიუჯეტს აჭარის შემოსავლების ჩათვლით 20,5 მილიონი ლარი "უფეშქაშა". ფისკალების აგერ უკვე ორთვიანი გამოცოცხლება მართლაც ბოლო პერიოდის ყველაზე პოზიტიურ ეკონომიკურ მოვლენად შეიძლება მივიჩნიოთ, მაგრამ სულ რამდენიმე დღის განმავლობაში "დამკვრელური" ტემპებით სამეურნეო სუბიექტების "შემორბენა" და ხშირ შემთხვევაში გადასახადების ავანსად აკრეფვა, ისევ სუსტ ფისკალურ ადმინისტრირებაზე მიუთითებს.

გეგმის შესრულება ჩვენს პირობებში, როდესაც ბიუჯეტის პერნანენტულ დეფიციტს ვართ ჩვეული, მართლაც გმირობის ტოლფასად ეთვლებათ ფისკალებს, მაგრამ სანამ საგადასახადო ორგანოები მხოლოდ გეგმაზე იქნებიან ორიენტირებულნი და სრულ ფისკალურ ბაზას არ აითვისებენ, მანამდე ყოველთვის სერიოზული პრობლემების წინაშე დავდგებით. აქ საუბარია იმ საგადასახადო პოტენციალზე, რომლის არსებობის თაობაზე დღეს ყველა საუბრობს, ანუ საგადასახადომ აქცენტი არა მარტო თვეების მიხედვით გაწერილ გეგმაზე უნდა გააკეთოს, არამედ კანონის სრული და უპირობო შესრულება უნდა ისწავლოს. საგადასახადო ბაზა მართლაც ამოუწურავია და ამ ფისკალური პოტენციალით, სხვათაშორის, სარგებლობდნენ და ალბათ, კიდევ დიდხანს ისარგებლებენ ცალკეული ჩინოვნიკები. საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობს დაუბეგრავი საქონელი თუ მომსახურება, განსხვავება ის არის თუ ვინ ბეგრავს ქართულ ბიზნესს და სად მიდის ეს ბეგარა.

სუსტი ადმინისტრირება და საგადასახადო სისტემის ინსტიტუციონალური პრობლემები ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მუდმივი მითითების თემაა. ამასვე აღნიშნავს თავის რეკომენდაციებში საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი ლეშეკ ბალცეროვიჩიც, რომლის ამ რანგში მოღვაწეობა საქართველოში ბოლო პერიოდამდე სათუო იყო.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ პოლონეთის მხარემ მიიღო გადაწყვეტილება 2002 წელს თბილისში პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ლეშეკ ბალცეროვიჩის ხელმძღვანელობით ექსპერტთა ჯგუფის მუშაობის გაგრძელების შესახებ საქართველოსთვის ეკონომიკური რეფორმების გატარებაში დახმარების გაწევის პროექტის ფარგლებში.

USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ვადა გასული წლის სექტემბერში ამოიწურა, მაგრამ პოლონელი სპეციალისტები დაზოგილი სახსრებით დღემდე განაგრძობდნენ ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაციის მონიტორინგს. ამჟამად მიღებულია გადაწყვეტილება USAID-ის მხრიდან პროექტის დაფინანსების გაგრძელების შესახებ.

ბალცეროვიჩის ცენტრის ექსპერტების თქმით, მიმდინარე წელს ძირითადი ყურადღება მიექცევა ფისკალურ სფეროში რეფორმების ჩატარებას. ამჟამად თბილისში მუშაობს 6 სპეციალისტისგან შემდგარი ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც სწავლობენ მოქმედ კანონმდებლობას მოცემულ დარგში და შესაბამისი უწყებების ადმინისტრაციულ სტრუქტურას. შესაბამისი ანალიზის შემდეგ საქართველოს მთავრობას წარუდგენენ ფისკალური სფეროს რეფორმირების რეკომენდაციებს.

სანამ ექსპერტები ფისკალური პრობლემების თაობაზე რეკომენდაციებს დაამუშავებენ, ადგილობრივი ხელისუფლება სამთავრობო უწყებებში ახალი რეორგანიზაციის იდეას ახმოვანებს. გასულ კვირას სახელმწიფო მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე ანტიკორუფციული ბიუროს ინიციატივა მთავრობის რესტრუქტურიზაციის შესახებ განიხილეს. ავთანდილ ჯორბენაძე ამ იდეას განიხილავს, როგორც ქვეყნის მართვის სისტემის გაჯანსაღების ზომა.
ანტიკორუფციული ბიუროს წინადადებით, მოქმედი სამინისტროების რაოდენობა არსებული 19-დან 11-12 უწყებამდე უნდა შემცირდეს, ხოლო ჩინოვნიკების რიცხვი - უნდა განახევრდეს.

მთავრობის რესტრუქტურიზაციის იდეის კომენტირებისას, სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ "საქართველოს ძირითადი პრობლემაა მართვადი სტრუქტურების სისუსტე და მთავრობის ქმედებების არასაკმარისი კოორდინაცია". ამიტომ, "ყველა საგარეო რეკომენდაცია, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, იგება მთავრობის სტრუქტურის ცვლილების მოთხოვნაზე".

საინტერესოა, რომ ამ შეხვედრისას კიდევ ერთხელ გამოიკვეთა მინისტრთა კაბინეტის შექმნისადმი აღმასრულებელი ხელისუფლების ფრთხილი დამოკიდებულება. როგორც ჩანს, მთავრობა ამ საკითხის ფორსირებას აღარ მოახდენს და სახელმწიფო უწყებების "სეკვესტრით" და ჩინოვნიკური აპარატის მოკვეცით შეეცდება რეფორმის იმიტაციას.
XS
SM
MD
LG