Accessibility links

logo-print

საქართველოს ჟურნალ-გაზეთები ქვეყანაში აშშ-ის პოლიტიკის გააქტიურების თაობაზე


გიორგი კაკაბაძე, თბილისი დღევანდელ მიმოხილვაში გესაუბრებით იმაზე, თუ როგორ გამოეხმაურა გასული კვირის პრესა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის გააქტიურებას საქართველოში.

1-ლი მარტის გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა” წერს, რომ 28 თებერვალს, ალმა-ათაში გამგზავრების წინ, საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ პირველი კომენტარი გაუკეთა ამ დღეებში მსოფლიოს სხვადასხვა სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში ანტიტერორისტული კამპანიის შესაძლო დაწყების შესახებ. ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა უპასუხა ჟურნალისტთა შეკითხვებს.

ედუარდ შევარდნაძემ ისაუბრა იმაზე, თუ რატომ გამოიკვეთა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სამხედრო სფეროში საქართველოსათვის დახმარების გაწევის საკითხი. პრეზიდენტის განმარტებით, “ამერიკელები სუვერენიტეტის განმტკიცებისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში ეხმარებიან საქართველოს”. ედუარდ შევარდნაძის თქმით, “მათ შესანიშნავად იციან, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა, სამხედრო თვალსაზრისით, არ არის ძლიერი და მას არ ძალუძს თავის დაცვა, მისი სუვერენიტეტი შეიძლება ფიქციად იქცეს”.

“ამერიკელთა ერთ-ერთი მიზანი, გარდა იმისა, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა განმტკიცდეს საქართველოში და ხალხმა დაიჯეროს, რომ სუვერენიტეტის დაცვა შეიძლება, რა თქმა უნდა, არის ანტიტერორისტული ღონისძიებანი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

“საქართველოს რესპუბლიკის” ამავე ნომერში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, “აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ შარლოტში ჟურნალისტთა კითხვების პასუხად განაცხადა, რომ მხარს უჭერს ამერიკის თაცდაცვის სამინისტროს ინიციატივას საქართველოში ანტიტერორისტული ბაზის შექმნის თაობაზე”. გაზეთის ცნობით,

“ბუშმა დადებითი პასუხი გასცა კითხვას, მიაჩნია თუ არა, რომ “ალ-ყაიდას” ტერორისტული ქსელი გავლენას ახდენს საქართველოს პანკისის ხეობაში მოკალათებულ ბანდფორმირებებზე. პრეზიდენტმა ხაზგასმით თქვა, რომ სადაც არ უნდა იგრძნობოდეს “ალ-ყაიდას” გავლენა, შეერთებული შტატები დაეხმარება შესაბამის ქვეყნებს, ებრძოლონ ტერორიზმს.
ბუშმა აღნიშნა, რომ საქართველოსადმი ნებისმიერი დახმარება შეთანხმებული უნდა იყოს, ხოლო აშშ-ის მოქმედება უნდა შემოიფარგლოს კონსულტაციებით და მოწყობილობისა და ეკიპირების მიწოდებით”.
“საქართველოს რესპუბლიკა” შენიშნავს, რომ, რეიტერის სააგენტოს თანახმად, შეერთებული შტატები არ აპირებს, უშუალოდ ჩააბას თავისი სამხედროები საბრძოლო მოქმედებებში.

პირველი მარტის გაზეთი “სპექტრი” წერს, რომ ამერიკის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ საქართველოში ანტიტერორისტული ბაზის შექმნისა და ამერიკელი სპეციალისტების მიერ ქართველი სამხედროების მომზადების შესახებ უზომოდ დიდი იმედები და შიში გააჩინა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. რეალურად კი ერთსაც აქვს საფუძველი და მეორესაც.
გაზეთის თქმით,

“სამომავლო პროგნოზების გაკეთება ჯერჯერობით ძნელია, რადგან უტყუარი და ზუსტი ინფორმაცია – ოფიციალური განცხადებები ამ შემთხვევაში არაფერს ნიშნავს – არ არსებობს იმის თაობაზე, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო ვაშინგტონმა ან რაზე მიდის საქართველო, არის ეს ყველაფერი, მართლაც, შეთანხმებული რუსეთთან თუ ამერიკამ თავის ბოლოდროინდელ პარტნიორს სიურპრიზი მოუმზადა”.
“რატომ შეიძლება იწვევდეს საქართველოში სიხარულს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში ამერიკის გრძელვადიანი ინტერესები, მართლაც, ჩაიდება?” დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას, “სპექტრი” წერს, რომ ამის მიზეზი რამდენიმე შეიძლება იყოს:

პირველი ის, რომ რუსეთი საბოლოოდ აიკრავს გუდანაბადს აქედან. ქართულ საჰაერო ბაზებზე ამერიკელების დაბანაკების შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა, რუსული სამხედრო ბაზები საქართველოში დარჩეს. შესაბამისად, ზურგის გარეშე რჩებიან აფხაზები, რომლებიც დღეს, ამერიკის საქართველოში შესაძლო შემოსვლასთან დაკავშირებით, განგაშს ტეხენ.

სიხარულის მიზეზად იმასაც მიიჩნევენ, რომ ქართულ-ამერიკულ საიდუმლო გარიგებაში აფხაზეთის საქართველოსთვის დაბრუნებაც იგულისხმებოდა. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, მართლაც მისასალმებელი იყოს ამერიკის ინტერესების გააქტიურება საქართველოში. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, ამერიკის გარდა, საქმე შევარდნაძესთანაც გვაქვს.

“სპექტრის” თქმით, ბოლო წლების განმავლობაში შევარდნაძემ საქართველო რუსეთსა და ამერიკას შორის გაწელ-გამოწელა და მუდმივი გეოპოლიტიკური კატაკლიზმებისთვის გაწირა. მან ვერ შეძლო ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკური გარემოს შექმნა, რაც გეოპოლიტიკური რყევებისგან დაიცავდა საქართველოს. ის მთლიანად შიდა პოლიტიკურ ინტრიგაზე იყო ორიენტირებული.

გაზეთის აზრით, ამგვარი პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეცვალოს დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, რაც რუსეთისათვის იქნება ხელსაყრელი.

“ქართულ-ამერიკული სიამტკბილობით გამწარებული მეზობლის ხელში ჩავარდნა კი საქართველოს კარგს არაფერს მოუტანს”, - წერს “სპექტრი”.


2 მარტის გაზეთი “რეზონანსი” აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების მეთაურთა არაოფიციალურ სამიტზე საქართველომ რუსეთთან ურთიერთობაში პოზიციები განიმტკიცა. ალმა-ათის სამიტის შემდეგ გამართულ მცირე ბრიფინგზე პრეზიდენტი პუტინი ხაზგასმით ლოიალური იყო, პრეზიდენტ შევარდნაძის ტონი კი საკმაოდ კატეგორიული.

ძნელი სათქმელია, პუტინის ლოიალობა მხოლოდ მოჩვენებითი იყო თუ ჭეშმარიტი. რუსეთის რეაქციული ძალები პუტინის გამოსვლას აშკარად გამოხატული უკმაყოფილებით შეხვდნენ. დუმის ზოგიერთი დეპუტატის აზრით, რუსეთის პრეზიდენტი პერსონალურ იმიჯზე უფრო ზრუნავს, ვიდრე სახელმწიფოს ინტერესებზე. თუმცა ყაზახეთში პუტინს უჩვეულო და განსაკუთრებული არაფერი უთქვამს,მან მხოლოდ თამაშის მიღებული და აღიარებული წესების სიტყვიერი დეკლარირება მოახდინა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, “ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების საქართველოში ყოფნა რუსეთისათვის ტრაგედიას არ წარმოადგენს”.

“პრობლემას ამერიკელების საქართველოში ყოფნა არ ქმნის. საქმე ის არის, რომ ამ ფაქტის შესახებ რუსეთმა ამერიკის ადმინისტრაციისაგან შეიტყო, საქართველოს მეზობელი რუსეთი საქმის კურსში არ ჩაუყენებია,” – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

შემდეგ “რეზონანსი” წერს, რომ ექსპერტთა პროგნოზები არც პრეზიდენტმა შევარდნაძემ გაამართლა.

მისი პოზიცია საკმაოდ პრინციპული იყო და აშკარად იგრძნობოდა, რომ საქართველოს დელეგაციას ზურგს დასავლეთის და, პირველ რიგში, ოფიციალური ვაშინგტონის მხარდაჭერა უმაგრებდა. საქართველოს პრეზიდენტმა რუსებისაგან მოკრძალებულად შეპარებული საყვედურიც იუკადრისა და, რუსების შეფასებით, დაუფარავად ემოციური ტონით განაცხადა, რომ ანტიტერორისტული კამპანიის განხორციელების ინიციატივა რუსეთისათვის საიდუმლოს არ წარმოადგენდა.

გაზეთის თქმით, ყაზახეთში საქართველოს დელეგაციას დასავლეთის და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა რომ ჰქონდა, გაეროს მისიის მიერ გუშინ გავრცელებულმა განცხადებამაც დაადასტურა.

საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენლობამ, პრესისათვის განკუთვნილი განცხადებით, აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დაგეგმილი ე.წ. საპარლამენტო არჩევნები დაგმო. ამასთან, გაერო კატეგორიულად მოუწოდებს აფხაზეთს, სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტის განხილვაში მიიღოს მონაწილეობა.

“რეზონანსის” წერილის დასასრულს ნათქვამია, რომ ახალმა პოლიტიკურმა რეალობამ, პოლიტიკოსთა აზრით, მნიშვნელოვნად განსაზღვრა საქართველოს დელეგაციის პრინციპული პოზიცია თანამეგობრობის არაოფიციალურ სამიტზე. რუსეთის პრეზიდენტმა შევარდნაძეს მადლობაც კი გადაუხადა იმისათვის, რომ მან ალმა-ათაში ჩასვლა მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ უშიშროების საბჭოს მდივანი ტრაგიკულად დაიღუპა. დელეგაციის წევრების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრისას, ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარებასთან ერთად, რუსეთის სამშვიდობო ძალების საკითხი და ჩარჩო-ხელშეკრულების თემაც განიხილებოდა. ჩარჩო-ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. რუს ექსპერტებს თბილისში მომავალ კვირას ელოდებიან.
XS
SM
MD
LG