Accessibility links

logo-print

მომავალი ჟურნალისტები არჩეულ პროფესიაზე და ქართული დამოუკიდებელი პრესის პრობლემები


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა გასული კვირის მოვლენებმა კიდევ ერთხელ წამოჭრა მასმედიის პასუხისმგებლობის საკითხი;

ნუგზარ საჯაიას თვითმკვლელობაზე საუბრისას არაერთხელ ახსენეს ჟურნალისტების ბრალი შეურაცხმყოფელი მასალების გამოქვეყნებაში, რაც, გავრცელებული აზრით, ერთ-ერთი მიზეზი იყო ამ ტრაგიკული აქტისა. ამავე კვირაში გახმაურდა იუსტიციის სამინისტროს მომზადებული ცვლილებებისა და დამატებების პროექტი სისხლის სამართლის კოდექსისათვის, რომელიც, რეალიზების შემთხვევაში, სახელმწიფო მოხელეებს უფრო დაცულსა და მიუწვდომელს გახდის საჯარო შეფასებებისთვის და, ამავე დროს, სიტყვის თავისუფლებას დაემუქრება. ქართულ მედიაში, შეიძლება, მართლაც ბევრი რამ იყოს სადავო და მიუღებელი. მაგრამ არსებობს მრავალი ფასეული მონაპოვარი, რომელსაც დაცვა და შენარჩუნება სჭირდება. ახალგაზრდული პროგრამის დღევანდელ გამოშვებაში ჯერ იმ ადამიანებს წარმოგიდგენთ, ვინც მალე პროფესიონალი ჟურნალისტი უნდა გახდეს. გაგაცნობთ მათ შეხედულებას გარემოზე, სადაც, თავიანთი მომავალი პროფესიის გამო, ცხოვრება და მუშაობა მოუწევთ. მომავალი ჟურნალისტების შემდეგ კი გავესაუბრებით თბილისის ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის დირექტორს, რობერტ ორტეგას. ჯერ გთავაზობთ დავით პაიჭაძის სიუჟეტს, რომელშიც თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები თავიანთ სწავლაზე, მოლოდინებსა და პროფესიაზე ლაპარაკობენ.

დავით პაიჭაძე:
პროფესიის არჩევისას ადამიანს ყოველთვის აქვს წინასწარი წარმოდგენა მომავალ საქმიანობაზე. არჩევის შემდეგ, სპეციალობის დაუფლების დროს, ეს წარმოდგენა, წესისამებრ, იცვლება. ჩვენ დავინტერესდით, რამდენად ამართლებს უნივერსიტეტში სწავლა იმ ახალგაზრდების მოლოდინს, ვინც იქ ჟურნალისტის პროფესიას ეუფლება. ტელე-რადიოჟურნალისტიკის განყოფილების მეორე კურსის სტუდენტი, თამთა ყუბანეიშვილი ჩემთან საუბრისას ამბობს, რომ მოლოდინი რამდენადმე გაუწბილდა, თუმცა ხელი ნამდვილად არ ჩაუქნევია [ყუბანეიშვილის ხმა]: “არ არის ის, რაც მინდოდა, რომ ყოფილიყო. ყველაზე მეტად პროფესიული პრაქტიკის ნაკლებობას განვიცდი. უნივერსიტეტში არ არის ტექნიკა. უბრალოდ, ჩვენ ვიღებთ თეორიულ ცოდნას და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა უნივერსიტეტში არ გვაქვს. თუმცა, მეორე კურსის პირობაზე, მთლად ნიჰილისტურად არ ვარ განწყობილი”. ტექნიკის არქონა იქით იყოს, სტუდენტები სახელმძღვანელოთა ნაკლებობასაც უჩივიან. ჟურნალისტის ხელობის შესასწავლად ქართულ ენაზე ძნელია წიგნის მოძიება. არსებობს ორიოდ დამხმარე თარგმნილი სახელმძღვანელო. ისიც მორალურად მოძველებულია, რადგან, სტუდენტების აზრით, ჟურნალისტიკა ვითარდება და ჩვენ მას ხშირად ფეხს ვერ ვუწყობთ. სტუდენტი-ჟურნალისტისთვის პროფესიული თვალსაზრისით საინტერესო წიგნები ხანდახან ჩნდება თბილისში რუსულ ენაზე, მაგრამ ფასის გამო თითო-ოროლა თუ იქნება მათთვის მისაწვდომი.

მომავალ ჟურნალისტებს თავიანთი თანამემამულე, მოქმედ კოლეგათა უმეტესობის საქმიანობა ნიმუშად არ მიაჩნიათ. მეორეკურსელი თიკო ამაშუკელი ამბობს, რომ ქართველ ჟურნალისტებს პროფესიონალიზმი აკლიათ. [ამაშუკელის ხმა]: “რუსულ ტელეარხებს, მაგალითად, იმ თვალსაზრისით ვუყურებ, რომ ვისწავლო, როგორ გადმოცემენ ინფორმაციას, როგორ მეტყველებენ, როგორ სვამენ კითხვებს. ხარვეზები მათი მუშაობის დროს იშვიათია. ხშირად ვაქცევ ყურადღებას არა იმას, რას ამბობენ, არამედ როგორ ამბობენ და გადმოცემენ”. თიკო ამაშუკელის ამ რემარკიდან კარგად ჩანს, რას ვერ ასწავლიან ჩვენს კოლეგებს უმაღლეს სასწავლებლებში. წერისა და ინტერვიუს აღების ტექნიკა, ჟურნალისტიკის, როგორც ხელობის ბევრი კომპონენტი სასწავლო პროგრამის მიღმა რჩება. შედეგად, სტუდენტები ფიქრობენ, რომ ჟურნალისტის ნაწერსა თუ საუბარს ხშირად აკლია სიცხადე და დამაჯერებლობა. [ამაშუკელის ხმა]: “მეორე პრობლემა, რაც ძალიან არ მომწონს დღევანდელ ჩვენს ჟურნალისტიკაში: ზედმეტად სენსაციებზეა აგებული – აი, ერთმა პიროვნებამ მეორეზე ასე და ასე თქვა, ხოლო მეორემ ასე უპასუხა და ა.შ. ეს, თავისთავად, ჟურნალისტიკის ერთ-ერთი საგანია და შეიძლება, როგორც თემა, საინტერესო იყოს, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის ჟურნალისტიკა”.

კრიტიკული დამოკიდებულება ოდნავ თუ ბევრად უფროსი კოლეგების საქმიანობისადმი, ჩვენი აზრით, მხოლოდ მისასალმებელია. მით უმეტეს, ამ მიმართებაში ნატამალიც არ არის ქედმაღლობის ან ნიშნისმოგების. დრამატულია, რომ სტუდენტებს ესმით: რითიც დღეს არიან უკმაყოფილონი, ხვალ შეიძლება თავად გააკეთონ იმიტომ, რომ პროფესიული ცოდნა მეტის საშუალებას არ მისცემს. აღარაფერს ვამბობთ ანგაჟირებულ მედია-ორგანიზაციებში შესაძლო მუშაობის სირთულეზე, რაც დღეს სტუდენტებს ბოლომდე წარმოდგენილი არა აქვთ. ისინი ცდილობენ, თვალი გაუსწორონ პერსპექტივას და ამბობენ, რომ ახლა ნამდვილად არ იციან, როგორ მოიქცევიან მორალისა და პროფესიული მოვალეობის კონფლიქტის დროს. ჟურნალისტის პროფესიულ ეთიკას უნივერსიტეტში სწავლობენ, მაგრამ, ამბობენ ისინი, პროფესიული ეთიკის ნორმები არაფერია, თუ მათ პიროვნების ზნეობა არ ამაგრებს.

მარიამ ჭიაურელი:
ახალგაზრდული პროგრამის მეორე ნაწილში ქართული დამოუკიდებელი პრესის პრობლემებს ამერიკელი ჟურნალისტის თვალით შევხედავთ და მის საკმაოდ საინტერესო გამოცდილებაზეც ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმარი ამერიკელი ჟურნალისტი რობერტ ორტეგაა. ის წლების მანძილზე “უოლ სთრით ჯორნალში” გამოძიების მიმართულებით მუშაობდა. ამჟამად თბილისშია და საქართველოს ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრს ხელმძღვანელობს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, რობერტ ორტეგა ჩვენს დამოუკიდებელ გაზეთებს რეალური დამოუკიდებლობის მიღწევაში, ქართველ ჟურნალისტებს კი პროფესიონალიზმის ამაღლებაში ეხმარება. ქართული დამოუკიდებელი პრესის პრობლემებს ის ორ ნაწილად ყოფს, ამაზე ოდნავ ქვემოთ ეკა წამალაშვილის მასალიდან შეიტყობთ.

[რობერტ ორტეგას ხმა] “არის პრობლემები, რომლებიც უშუალოდ პრესას უკავშირდება, მაგრამ არის პრობლემები, რომლებიც ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარეობს. საკუთრივ პრესაში არსებულ პრობლემებს შორის განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს შემდეგი: არ არის შესაბამისი ცოდნა იმისა, თუ როგორ უნდა ამუშაონ გაზეთი, რადიო და ტელევიზია, როგორც ბიზნესის ერთეული. შეუძლებელია დამოუკიდებლად აშუქებდე ახალ ამბებს და ამ დროს არ გქონდეს ფინანსური დამოუკიდებლობა. თქვეს ქვეყანაში ძალიან რთული მდგომარეობაა, არც ჟურნალისტებს აქვთ კარგი ანაზღაურება, ეს კი თავისთავად მუშოაბის ხარისხზე მოქმედებს. აუცილებლად უნდ ითქვას ისიც, რომ არც სახელმწიფო მოხელეები არიან განწყობილნი საიმისოდ, რომ ჟურნალისტებთან კარგად იმუშაონ.”

ეკა წამალაშვილი:
რობერტ ორტეგა ასე ახასიათებს პრობლემებს, რომლებიც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში მყოფ ქართულ დამოუკიდებელ მედიას უკავშირდება. მისი აზრით, იმ სირთულეების მიუხედავად, რომლებიც დამოუკიდებელი მედიის ფორმირებას ახლავს თან, იმის მიუხედავად, რომ დამოუკიდებელი პრესისგან სახელმწიფო მოხელეებს ზოგჯერ ცილისწამების მოთმენაც უწევთ, საზოგადოებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ მსგავს შემთხვევაში დასავლეთში უპირატესობას ღია დისკუსიას ანიჭებენ. იქ იციან, რომ ღია დისკუსიის კანონით შეზღუდვა მარტო პრესის წარმომადგენლების უფლებებს არ შეზღუდავს და მოქალაქეებს ამა თუ იმ საკითხის ღიად განხილვის საშუალებას წაართმევს.

[რობერტ ორტეგას ხმა] “აი, ამ კუთხით უნდა შევხედოთ ასეთი ტიპის კანონებს. ის იქნება ნაბიჯი უკან საბჭოთა კავშირისკენ და კიდევ უფრო უარესი, ვიდრე კანონები, რომლებიც საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა. ის კიდევ უფრო დააშორებს საქართველოს ევროპულ სტანდარტებს.”

ალბათ, ხვდებით, რომ ნათქვამი იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონპროექტს ეხება - სისხლის სამართლის კოდექსში ისეთი ცვლილებების შეტანის მცდელობას, რომლებიც სახელმწიფო მოხელეებს ცილისწამებისგან დაიცავს. კანონპროექტი დღის სინათლეზე ნუგზარ საჯაიას თვითმკვლელობის შემდეგ გამოიტანეს. მას მხარდამჭერებიც გამოუჩდნენ - ძირითადად, ისინი, ვისაც მიაჩნია, რომ საბჭოთა ეპოქის დროინდელ კანონებს შესწევთ ძალა, საზოგადოებას კაცთმოყვარეობა დაავიწყოს. რობერტ ორტეგა ამაში სერიოზულ საფრთხეს ხედავს.

რობერტ ორტეგამ ჟურნალისტური განათლება კოლუმბიის უნივერსიტეტში მიიღო; ამბობს, რომ სპეციფიკური ჟურნალისტური განათლება ჟურნალისტისთვის იმდენად არის საჭირო, რამდენადაც მას გარკვეულ თვისებებს შესძენს, მაგრამ აუცილებლობას მიანც არ წარმოადგენს. “მთავარია, ჟურნალისტს ჰქონდეს ნათელი გონება, ალღო და იყოს პატიოსანი. მთავარია, ის ობიექტურ ინფორმაციას გვაწოდებდეს,”-ამბობს ის. ორტეგას ჟურნალისტური კარიერა 20 წელიწადს ითვლის, საქართველოში ჩამოსვლამდე ის დამოუკიდებელ მედიას პარაგვაიში ეხმარებოდა. უფრო ადრე სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა გამოცემებში, რადიოსა თუ ტელევიზიაში მუშაობდა, მათ შორის - “უოლ სთრით ჯოურნალში”,თანაც, ჟურნალისტური გამოძიების მიმართულებით. ამ პერიოდში ყოფილა შემთხვევები , როცა სახელმწიფო მოხელეებს რობერტისთვის ცილისწამება დაუბრალებიათ, დამუქრებიან კიდეც. საინტერესო ის არის, რომ სასამართლოსთვის არც ერთ მათგანს არ მიუმართავს. “ მათ იცოდნენ, რომ გამოქვეყნებული მასალის უტყუარობის დადასტურება შემეძლო; ბუნებრივია, იმასაც ითვალისწინებდნენ, რომ ჩემ გევრდით “უოლ სთრით ჯოურნალის” რედაქცია და, რაც მთავარია, საზოგადოება იდგა”.

[რობერტ ორტეგას ხმა]” მე მაქვს ჩატარებული გამოძიება ალიასკაზე. გავიგე, რომ, დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, მთავრობას იქ 10 მილიონი დოლარი დაუხარჯავს. ალიასკაზე იყო სამხედრო ბაზა, სადაც ამერიკელები ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღს ცდიდნენ.”

დაბინძურების თავიდან ასაცილებლად დახარჯული მილიონების მიუხედავად, პარკში, რომლის ტერიტორიაზეც უწინ ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღს ცდიდნენ, რობერტმა საშინელი შიგთავსით სავსე ჭურვებს მიაგნო. მოგვიანებით “უოლ სთრით ჯოურნალში” გამოქვეყნებულმა მისმა მასალამ მოსახლეობა პანიკაში ჩააგდო. სახელმწიფო მოხელეები თავიდან ყევლაფერს უარყოფდნენ, შემდეგ იძულებულნი გახდნენ სიმართლე ეღიარებინათ და ტერიტორია ხელახლა გაესუფთავებინათ.

რობერტ ორტეგას ჟურნალისტური გამოძიებები ზოჯერ ასეთი შედეგით სრულდებოდა, ზოგჯერაც - უშედეგოდ. მთავარი მაინც ის არის, რომ ის ყოველთვის გრძნობდა საზოგადოების მხარდაჭერას; გრძნობდა, რომ საზოგადოებას მისი ობიექტურობისა და პროფესიონალიზმის სჯეროდა, დაახლოებით ისე, როგორც თავად რობერტს სჯერა “უოლს სთრით ჯოურნალის”, “ვოშინქტონ პოსტის “ და “ნიუ იორკ თაიმსის”. როცა საუბარი ბოლო დღეებში საქართველოსთან დაკავშირებულ აურზაურს შეეხო, რობერტ ორტეგამ მხოლოდ ის თქვა, რომ ის ზემოხსენებულ გამოცემებში გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეჭვის თვალით ვერ შეხედავს და ჩვენს ადგილას მათ ბოლომდე დაუჯერებდა.
XS
SM
MD
LG