Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრეფიკინგის მსხვერპლის ბედი საქართველოში


მძიმე სოციალურმა პირობებმა, უმუშევრობის მაღალმა დონემ საქართველოში ბევრი იძულებული გახადა, სამუშაო უცხოეთში ეშოვა და ამ ადამიანების არცთუ უმნიშვნელო ნაწილი ე.წ. ტრეფიკერების ხელში ჩააგდო.

როგორც ცნობილია, ეს პრობლემა არა მარტო საქართველოს ეხება: ბოლო ათწლეულის მანძილზე ტრეფიკინგის ხაფანგში გაება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მკვიდრი თუ მილიონობით არა, ასიათასობით ქალი და გოგონა. ისინი დასავლეთის ქვეყნებს გადიებად, მოახლეებად თუ მომვლელებად მუშაობისა და კარგი ანაზღაურების იმედით მიაშურებენ ხოლმე, მაგრამ იქ სრულიად უმწეო მდგომარეობაში ვარდებიან, ვინაიდან ადამიანი, ვინც ქალს უცხოეთში სამუშაოს დაჰპირდა, მას პასპორტს აღარ უბრუნებს და პროსტიტუციასა თუ პორნოგრაფიაში ჩაბმას აიძულებს.

ტრეფიკინგის მსხვერპლის ხვედრი მძიმეა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მან რაღაცნაირად მოახერხა სამშობლოში დაბრუნება. ერთ-ერთ ასეთ ქალს, რომელმაც თავისი ვინაობის საჯაროდ გამხელა არ ისურვა, თბილისში ესაუბრა ჩვენი რადიოს კორესპონდენტი, რიჩარდ ალენ გრინი და შეიტყო, რომ საბერძნეთიდან გამოქცეულ ქალს ტრეფიკერები ემუქრებოდნენ და შანტაჟს უწყობდნენ. ქალმა თავის მოკვლაც კი სცადა. მას დღემდე არ უთქვამს მეუღლისთვის, რა გადახდა თავს საბერძნეთში: [მსხვერპლის ხმა]”ქმარმა მხოლოდ ის იცის, რომ საბერძნეთში მძიმე პირობებში ვიყავი. სიმართლე რომ შეიტყოს, ოჯახი უთუოდ დაგვენგრევა.”

საქმე ცალკეულ შემთხვევას როდი ეხება! მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის 2001 წლის საანგარიშო მოხსენებაში სახელწოდებით ”გაჭირვება უცხოეთში ან შიმშილი სამშობლოში” ვკითხულობთ, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლთა 92 პროცენტს მეტად უჭირს შინ ისევ ნორმალური ცხოვრებით ცხოვრება: ქალის როლისადმი საზოგადოების ტრადიციული დამოკიდებულების გამო, სამშობლოში დაბრუნებულ მხსვერპლს ფაქტობრივად ისღა დარჩენია, კრინტი არ დაძრას მომხდარის შესახებ. არადა, როგორც ”მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ” დაადგინა, ტრეფიკინგის მხსვერპლთაგან ბევრს სჭირდება სამედიცინო თუ ფსიქოლოგიური დახმარება: საქართველოში განქორწინებათა რაოდენობა ასეთ მსხვერპლთა ოჯახებში სამჯერ აღემატება საშუალო მაჩვენებელს, ხშირია თვითმკვლელობის თუ თვითმკვლელობის მცდელობის შემთხვევები; თუ ქალმა ტრეფიკერების დანაშაულის გახმაურება დააპირა, მას შანტაჟით აჩუმებენ; ზოგ ქალს აიძულებენ, თავადაც ტრეფიკერობას მიჰყოს ხელი და სხვები ჩაიტყუოს უცხოეთში.

საქართველოში ტრეფიკინგის მსხვერპლთა პრობლემაზე მომუშავე ორგანიზაციის, ”უცხოეთის მოქალაქეთა და მიგრანტთა უფლებებისა და უშიშროების ცენტრის” თავმჯდომარემ, ნუგზარ სულაშვილმა ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში გაიხსენა ახალგაზრდა ქალი, რომელმაც თავი დააღწია დამნაშავეთა ორგანიზაციას და შეერთებული შტატებიდან საქართველოში დაბრუნება მოახერხა. მაგრამ ტრეფიკერებმა მისი შანტაჟი დაიწყეს: [სულაშვილის ხმა] ”თუ ის ფულს არ გადაუხდიდა ტრეფიკერებს, იმუქრებოდნენ, რომ მისთვის შეერთებულ შტატებში გადაღებული პორნოგრაფიული ფილმები (ყოველ შემთხვევაში, გოგონას ასე ეუბნებოდნენ) მისი ოჯახის წევრებთან მოხვდებოდა.”

როცა სულაშვილის ორგანიზაციამ ამ შემთხვევის შესახებ შეიტყო, მან სამართალდამცავებს სთხოვა გოგონას დახმარება, მაგრამ უარი მიიღო. მოგვიანებით გოგონამ თავი მოიკლა.

თუ ოჯახის წევრებმა უცხოეთში ქალის ნამდვილი საქმიანობის შესახებ შეიტყვეს, ხშირ შემთხვევაში, ისინიც დუმილს ამჯობინებენ. ნანა ნაზაროვამ, რომელიც ქალთა უფლებების დაცვის სფეროში მუშაობს, ჩვენს კორესპონდენტს მოუთხრო ქართველ მამაკაცზე, რომლის ცოლი უკვე რამდენიმე წელია შეერთებულ შტატებში მუშაობს და იქიდან ქმარ-შვილს ფულს უგზავნის. ქმარს აქვს ცოლისა და მისი დამსაქმებელი მამაკაცის ფოტოსურათიც. ამასთან, ფოტოსურათის უკანა პლანზე მოჩანს იახტა, რომელსაც მისი ცოლის სახელი აწერია. [ნაზაროვას ხმა] ”არ ვიცი, რას აკეთებს იქ ეს ქალი. ამერიკულ ოჯახში მუშაობს, თუ იმ ამერიკელი მამაკაცის ცოლია. ჩემთვის ეს გაუგებარია, მაგრამ ვფიქრობ, საქართველოში მის ქმარს არც უნდა სიტუაციაში გარკვევა.”

ტრეფიკინგის მსხვერპლის მძიმე მდგომარეობას არა მარტო მისი პირადი პრობლემები თუ მხარდაჭერის გარეშე ყოფნა იწვევს. საქართველოს კანონმდებლობა არ კრძალავს ადამიანების ტრაფიკინგს, ამიტომ ქალები, ფაქტობრივად, ვერაფერს აკლებენ დამნაშავეებს. მართალია, საქართველოს მთვარობამ ჯერ კიდევ 2000 წლის დეკემბერში მოაწერა ხელი გაეროს კონვენციას ტრეფიკინგის წინააღმდეგ, მაგრამ ”მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის” ცნობით, სიტყვას საქმე არ მოჰყოლია.

კანონმდებლობის საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა ძვირიაო, განმარტავს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საკანონმდებლო რეფორმის ინსტიტუტის” დირექტორი, გიორგი ღლონტი: [ღლონტის ხმა]
”მაგალითად, კონვენცია ტრეფიკინგის წინააღმდეგ 80 გვერდს მოიცავს და თარგმნას საჭიროებს. გადათარგმნას კი ფული სჭირდება. არადა, საქართველოში ზოგჯერ ძნელია სათარგმნელი ფულის შოვნა.”

ღლონტი კიდევ უფრო რთულ პრობლემაზეც მიუთითებს: [ღლონტის ხმა] ”არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც არ არის დაინტერესებული საქართველოდან ადამიანების ტრეფიკინგის შეწყვეტით. ისინი სხვადასხვა ბიზნესში არიან – აქვთ მაგალითად ტურისტული სააგენტოები, ან დამსაქმებელი თუ მოდელთა სააგენტოები. ეს დიდი ბიზნესია. თუ ადამიანების ტრეფიკინგი აიკრძალა, ასეთ ბიზნესმენებს დიდი ზარალი ემუქრება. რასაკვირველია, მათ ჰყავთ ძლიერი ლობი საქართველოს პარლამენტში და ტრეფიკინგის წინააღმდეგ კანონების დამტკიცება დიდ სიძნელეებს წააწყდება.”

სხვათა შორის, ”მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისათვისაც” ცნობილია, რომ საქართველოდან ადამიანების ტრეფიკინგის აღმკვეთ ზომებს ზოგიერთი ოფიციალური პირის მოქმედება აფერხებს.
XS
SM
MD
LG