Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო აშშ-ის სამხედრო დახმარების მოლოდინში


განვლილ კვირას საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების რიტმს,

მთლიანად, პანკისის ხეობაში ამერიკელთა ანტიტერორისტული სამზადისის შესახებ დასავლეთის სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ცნობების გამო ატეხილი აჟიოტაჟი განსაზღვრავდა. თუმცა კვირის ბოლოს ცხადი გახდა, რომ ხმები ამერიკელი "რეინჯერების" პანკისში გამოჩენაზე ერთობ გადაჭარბებულია და საქმე ეხება საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი მორიგი სამხედრო დახმარების პროგრამას, რომლის განხორციელებაც მარტის შუა რიცხვებში დაიწყება და, დაახლოებით, 1500 ქართველი სამხედრო მოსამსახურის გაწვრთნასა და აღჭურვას ითვალისწინებს.

საქართველოსთვის მრავალსაფეხურებრივი სამხედრო დახმარების პროგრამაზე მუშაობა ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში, თბილისში პენტაგონისა და ევროპული ძალების სარდლობის ორმოცკაციანი სამხედრო დელეგაციის ვიზიტის დროს, დაიწყო. შეფასების ჯგუფმა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, პოლკოვნიკი ოთარ შალიკაშვილი ედგა სათავეში, საქართველოში რამდენიმე დღე დაჰყო და საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობა ქართველი კოლეგების მიერ შეთავაზებულ ოთხ სამხედრო ნაწილში შეისწავლა.

ამ ვიზიტის შედეგებზე სასტუმრო "თორში" 2 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომლის თაობაზეც რადიო "თავისუფლება" არაერთხელ ესაუბრა მსმენელს, დახმარების მოცულობასა და ძირითად მიმართულებაზე საუბარი არ ყოფილა, ვინაიდან შეფასების ჯგუფის მიერ მომზადებულ დოკუმენტს საკმაოდ რთული პროცედურის გავლა ელოდა ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის სახელისუფლებო სტრუქტურებში. მით უფრო, არავის უხსენებია დახმარება ანტიტერორისტული საქმიანობის ხაზით. ეს თემა ქართულ-ამერიკულ დიალოგში ცოტა უფრო მოგვიანებით - საქართველოში ამერიკის თავდაცვის მინისტრის, დონალდ რამსფელდის, ოფიციალური ვიზიტის დროს - დადგა დღის წესრიგში და, როგორც 15 დეკემბერს კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გაირკვა, ინიციატივა ქართულ მხარეს ეკუთვნოდა.
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] "მე სავსებით გულახდილად ვისაუბრე სახელმწიფო მდივანთან იმის თაობაზე, რომ საქართველოში სერიოზული პრობლემებია - მათ შორის, ტერორისტული ჯგუფების არსებობასთან დაკავშირებით - და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ამერიკელი კოლეგები მეთოდოლოგიურ და სხვა პირდაპირ დახმარებას გაგვიწევენ იმისათვის, რომ თავიანთი გამოცდილება გაგვიზიარონ".

15 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის ამ განცხადებამ მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებები მოიარა. ხოლო, შევარდნაძის თხოვნის საპასუხოდ, იმ პროგრამაში, რომელსაც ამერიკელებმა "წვრთნა და ეკიპირება" უწოდეს, ერთ--ერთ ელემენტად ტერორიზმთან საბრძოლველად ქვედანაყოფების გაწვრთნაც დაისახა.

თუმცა, როგორც ჩვენთან საუბარში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა ჯონი ფირცხალაიშვილმა განაცხადა, პროგრამაში მთავარი აქცენტი არა კონტრტერორისტულ უნარ-ჩვევებზე, არამედ, ეტაპობრივად, საერთო-საჯარისო საბრძოლო მზადყოფნის სათანადო დონის მიღწევაზე კეთდება.

[ჯონი ფირცხალაიშვილის ხმა] " ეს ითვალსიწინებს ამ ქვედანაყოფების საველე პირობებში გაწვრთნას. განსაკუთ რებული ყურადღება დაეთმობა ასეულის მოქმედებებს ერთი ამოცანის შესასრულებლად. მთავრი აქ კიდევ ის არის, რომ განხორციელდება აღჭურვილობა. მათი დახმარებით, ეს ქვედანაყოფები აღჭურვილნი იქნებიან თანამედროვე შეიარაღებით - ერთი ტიპის მსუბუქ შეიარაღებაზეა საუბარი - და, ასევე, ერთი ტიპის კავშირგაბმულობის საშუალებებით. ასეთივე ქვედანაყოფი გაიწვრთნება სასაზღვრო ძალებში".

ამ პროგრამის დეტალების შესათანხმებლად, 27 თებერვალს თბილისში პენტაგონის სამხედრო ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვიდა. თუმცა ამერიკელმა სამხედროებმა ტრადიციას არც ამჯერად უღალატეს და მხოლოდ იმის აღნიშვნით შემოიფარგლნენ, რომ ამერიკა დაინტერესებულია, ხელი შეუწყოს ქართველ სამხედროებს უკეთ შეასრულონ მათზე დაკისრებული ამოცანები.

არადა ქართული მხარე დაბეჯითებით ირწმუნება, რომ უკვე განისაზღვრა პროგრამის ძირითადი მიმართულებები და მიღწეულია შესაბამისი შეთანხმება პირველი ფაზის დაწყების თაობაზე.

[ჯონი ფირცხალაიშვილის ხმა] "დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს წვრთნა დაიწყება 15 მარტს აქ გენერალურ შტაბში და თავდაცვის სამინისტროში, მართვის ცენტრის პირად შემადგენლობასა და სახმელეთო ჯარების შტაბთან. ეს გაგრძელდება სამი თვე და სამი თვის შემდეგ დაიწყება ერთი ბატალიონის წვრთნა, "კომანდოს" ბატალიონის".

ჯონი ფირცხალაიშვილისავე განცხადებით, ამ პროგრამის განხორციელების მთავარი ფინანსური გარანტი ამერიკის მთავრობა იქნება, თუმცა თავისი წილი პასუხისმგებლობა ქართულ მხარესაც დაეკისრება. ერთ-ერთი მთავარი პირობა, რის შესრულებასაც ავალდებულებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროგრამაში მონაწილეობა, აღჭურვილობისა და კავშირგაბმულობის საშუალებების შენახვაზე მკაცრი კონტროლის დაწესებაა.

რაც შეეხება სიტუაციას პანკისის ხეობაში. პენტაგონის სამხედრო დელეგაციის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ელმერ უაითმა ბრიფინგზე უპასუხოდ დატოვა შეკითხვა იმის თაობაზე, აპირებს თუ არა ამერიკის მთავრობა რაიმე ანტიტერორისტული ოპერაციის განხორციელებას პანკისის ხეობაში. ამ შეკითხვაზე პირდაპირ პასუხს, ჩვენთან საუბარში, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ჯონი ფირცხალაიშვილმაც აარიდა თავი და მხოლოდ იმის აღნიშვნით შემოიფარგლა, რომ საერთოდ გაუმართლებლად მიაჩნია სამხედრო ძალით მსგავსი კონფლიქტების მოგვარების მცდელობა და დარწმუნებულია, რომ

[ჯონი ფირცხალაიშვილის ხმა]" ვინც არ უნდა ჩამოვიდეს, თუნდაც ის ძალები, რომლებზეც საუბარია, ამით პანკისის პრობლემას ვერ მოვსპობთ".

თუმცა მოვლენები მსოფლიოში და საქართველოში ისე სწრაფად ვითარდება, რომ ის, რაც დღეს შუძლებლად მოჩანს, სულ მალე, შესაძლოა, კანონზომიერი გახდეს. მით უფრო, რომ ამისთვის საქართველოში იდეოლოგიური ფონი უკვე შექმნილია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG