Accessibility links

გასული კვირის დასაწყისში ვერავინ იფიქრებდა, რომ ორშაბათის მთავარ და სრულიად


სოზარ სუბელიანი, თბილისი გასული კვირის დასაწყისში ვერავინ იფიქრებდა, რომ ორშაბათის მთავარ და სრულიად მოულოდნელ თემას,

– უშიშროების საბჭოს მდივნის ნუგზარ საჯაიას თვითმკვლელობას – გაცილებით მოულოდნელი და მასშტაბური მოვლენები გადაფარავდა. უკვე ოთხშაბათიდან, 27 თებერვლიდან, საქართველო - უფრო ზუსტად კი, პანკისის ხეობა - ერთბაშად მოექცა მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში.

27 თებერვალს შეერთებული შტატების სამ წამყვან გაზეთში – “ვაშინგტონ პოსტში”, “ნიუ იორკ ტაიმსისა” და “უოლ სტრიტ ჯორნალში” – ერთდროულად გამოქვეყნებული პუბლიკაციები ერთ მთავარ შეტყობინებას შეიცავდა: ვაშინგტონის გადაწყვეტილება, დაეხმაროს საქართველოს ანტიტერორისტული სამხედრო ჯგუფების შექმნასა და გაწვრთნაში, შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც ბუშის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, გაიხსნას მესამე ანტიტერორისტული ფრონტი საქართველოში. ეს შთაბეჭდილება კიდევ უფრო განამტკიცა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის განცხადებამ, რომ, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოში “ალ ყაიდის” გავლენა არსებობს, ხოლო სანამ სადმე არსებობს “ალ ყაიდის” გავლენა, შეერთებული შტატები მასპინძელ ქვეყნებს ყოველთვის დაეხმარება ტერორისტების პოვნასა და მართლმსაჯულებისთვის მათ გადაცემაში.

გავრცელებულ ინფორმაციას რუსი პოლიტიკოსებისა თუ რუსეთის მასმედიის იმდენად მძაფრი რეაქცია მოჰყვა, რომ ამ ინფორმაციის მიმართ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის თავდაპირველი რეაქცია უარყოფითი იყო. მაგალითად, პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ატეხილი აურზაური რუსეთის სპეცსამსახურების დამსახურებაა: [გიორგი ბარამიძის ხმა] “ეს არის დეზინფორმაცია, გავრცელებული სხვადასხვა სპეცსამსახურების, ძირითადად, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ შექმნან აჟიოტაჟი საქართველოს გარშემო, შექმნან ისეთი ვითარება და საზოგადოებრივი კლიმატი საერთაშორისო ასპარეზზე, რომ საქართველო დააყენონ ავღანეთისა და სხვა მსგავსი ქვეყნების რიგში.”

რუსეთის საინფორმაციო პოლიტიკა დიდხანს ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ საქართველო, ავღანეთის მსგავსად, ტერორისტების თავშესაფარია, მაგრამ, როცა ამის შესახებ შეერთებული შტატების ადმინისტრაციაც ალაპარაკდა, ამგვარი პოლიტიკა ყველაზე მიუღებელი სწორედ რუსეთისთვის აღმოჩნდა. თავისთავად, მას შემდეგ, რაც ცენტრალური აზიის ქვეყნებში შეერთებული შტატების მრავალათასიანი სამხედრო კონტინგენტი განლაგდა, ამერიკელი ჯარისკაცების საქართველოში გამოჩენა და თუნდაც ბაზების დაარსებაზე ლაპარაკის დაწყება მოულოდნელი არ უნდა იყოს.

მით უმეტეს, რომ, როგორც საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია ამბობს, ჩვენ თვალწინ ყალიბდება უსაფრთხოების ახალი სისტემა, რომელიც სწორედ დედამიწის ამ ნაწილს მოიცავს: [ზურაბ ჟვანიას ხმა] “სრულიად ერთმნიშვნელოვანი შთაბეჭდილება გახლავთ, რომ შეერთებული შტატები არ ეთამაშება საქართველოს, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილური განვითარების ინტერესები მიჩნეულია ერთ-ერთ უმთავრეს ქვაკუთხედად მთლიანად რეგიონის უსაფრთხოების, რეგიონში ტერორიზმის საწინააღმდეგოდ რეალური ნაბიჯების გადადგმისა და სტაბილური გარემოს შექმნისათვის. რეგიონში ამერიკელები გულისხმობენ არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიას, არამედ ცენტრალურ აზიასაც. პრაქტიკულად, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მსოფლიოს ამ ნაწილში უსაფრთხოების სრულიად ახალი სისტემის ჩამოყალიბებას.”

კავკასია-ცენტრალური აზიის რეგიონში უსაფრთხოების რაიმე სისტემა საქართველოს გარეშე ძნელად თუ შეიქმნება: [ზურაბ ჟვანიას ხმა] “საქართველოს გარეშე უსაფრთხოების ამ ახალი სისტემის ჩამოყალიბება იქნება უპერსპექტივო. ვფიქრობ, დღეს ვაშინგტონში ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც შესანიშნავად ესმის, რომ საქართველო, ერთი მხრივ, თუკი ის იქნება დაცული, სტაბილური, ტერიტორიულად მთლიანი და ნორმალურად განვითარებადი ქვეყანა, არის კარიბჭე მთელი ამ რეგიონის კეთილდღეობისა და ნორმალური განვითარებისკენ. მეორე მხრივ, თუ საქართველო იქნება არასტაბილური, სუსტი ქვეყანა, მაშინ ის კარიბჭე კი არ იქნება, არამედ მთელი ეს უშველებელი რეგიონი ჩიხში მოექცევა. ამდენად, საქართველოს უსაფრთხოების ინტერესი – და ეს ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია – იძენს მსოფლიოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ფართო რეგიონის უსაფრთხოების დატვირთვას. და ეს არის ის მომენტი, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ”.

ამერიკული პრესა არ გამორიცხავს, რომ საქართველოში ამერიკის ინტერესები შეიძლება გაცილებით ძლიერი აღმოჩნდეს, ვიდრე ეს ამჟამად არის დეკლარირებული. მაგალითად, “უოლ სტრიტ ჯორნალის” ზემოთ ხსენებული სტატიის ავტორი, ჩიპ კამინსი, საქართველოში მიმდინარე პროცესებს ფილიპინებში უკვე დაწყებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას ადარებს. მისი თქმით, თბილისსაც და მანილასაც სერიოზულად აწუხებს ტერორიზმის პრობლემა, ორივე კეთილად არის განწყობილი ვაშინგტონის მიმართ და ორივემ სთხოვა დახმარება შეერთებულ შტატებს. განსხვავება ჯერჯერობით ისაა, რომ ფილიპინებში ამჟამად შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების საგანგებო დანიშნულების რაზმების 600-ზე მეტი მოსამსახურე იმყოფება, საქართველოში კი, დაახლოებით, 200 სამხედრო მოსამსახურის გამოგზავნაზეა ლაპარაკი.

ინფორმაცია ანტიტერორისტულ ოპერაციაში ამერიკელების შესაძლო მონაწილეობის შესახებ შიდაპოლიტიკურ სპექტრთან მიმართებითაც საინტერესო აღმოჩნდა. პოლიტიკურ ძალთა ერთი ნაწილი აღფრთოვანებით შეხვდა ამ სიახლეს, მეორე ნაწილი შედარებით თავშეკავებული იყო, ზოგიერთ პოლიტიკოსს კი თავისი ნეგატიური განწყობა არ დაუფარავს. მაგალითად, ცუდად თავშეკავებული ბოღმა გამოსჭვიოდა ფრაქცია “აღორძინების” თავმჯდომარის გიორგი თარგამაძის კომენტარში: [გიორგი თარგამაძის ხმა] “რა მიზეზით ვეუბნებოდით ჩვენ ამდენი წლის – და არა თვის – განმავლობაში რუსეთს უარს, რომ დაგვხმარებოდა სწორედ ამდაგვარი ოპერაციის ჩატარებაში? (ხმაური პარლამენტში). რა მიზეზით ვეუბნებოდით? ხომ ვეუბნებოდით უარს! ეს მიზეზები ამერიკელებთან მიმართებით აღარ არსებობს? ჩემი თხოვნააა, რომ თანამიმდევრულები ვიყოთ! იმ ჩეჩენისთვის სულ ერთი არ არის, რუსი ესვრის, რუსის მიერ გაწვრთნილი კაცი თუ ამერიკელის მიერ გაწვრთნილი?”.

ბევრი ქართველი პოლიტიკოსის რეაქცია არაფრით განსხვავდებოდა იმ რუსი პოლიტიკოსების პოზიციისგან, რომლებიც, საქართველოში ამერიკელების შემოსვლის სანაცვლოდ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით იმუქრებოდნენ. მაგალითად, პოლიტიკური გაერთიანება “ერთობის” თავმჯდომარემ ალექსანდრე ჭაჭიამ ღიად გაილაშქრა ანტიტერორისტულ ოპერაციაში ამერიკელთა შესაძლო მონაწილეობის წინააღმდეგ. გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში ჭაჭია ამბობს: “საუბარი იმაზე, რომ საქართველოში ამერიკის ჯარი შემოვა, მარაზმატიკული ბოდვაა. ეს იმ პოლიტიკური ელიტის ოცნებაა, რომელსაც სურს, რუსული ჩექმა შეიცვალოს ნატოს ან თურქეთის ჩექმით. ეს პოლიტიკოსები ყოველთვის დამოუკიდებლობაზე ლაპარაკობენ, მაგრამ მათ დამოუკიდებლობა ესმით, როგორც რუსის ჯარის გასვლა და, მის ნაცვლად, ნატოს ან თურქეთის ჯარის შემოსვლა. ქართველი ერის ამ მოღალატეთა ჯგუფს მინდა ვუთხრა, რომ საქართველოში არიან ჯანსაღი ძალები, რომლებიც არ დაუშვებენ საქართველოს გადაქცევას დიდ სახელმწიფოთა შორის დაპირისპირების პოლიგონად.”

მიმდინარე მოვლენების ფონზე შეიძლება ახლებურად დავინახოთ ამერიკიდან დაბრუნებული ზურაბ ჟვანიას და მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ სტრატეგიულ მიზნებთან მიმართებით ისინი არა მხოლოდ თანამოაზრეები არიან, არამედ მათი ინტერესები სრულიად იდენტურია. შეიძლება ვიფიქროთ, რომ შეერთებული შტატები, რომელიც ააქტიურებს თავის პოლიტიკას რეგიონში და, კერძოდ, საქართველოში, ძლიერ დასაყრდენს ეძებს, რისთვისაც დემოკრატიული ძალების ერთიანობა აუცილებელი ხდება.

რუსული პრესა და რუსი პოლიტიკოსები შედარებით დაცხრნენ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, გამოსვლის შემდეგ. ყაზახეთის ქალაქ ალმა-ათის მახლობლად გამართულ დსთ-ს ქვეყნების მეთაურთა არაოფიციალურ სამიტზე ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მიესალმება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, იმისდა მიუხედავად, თუ ვინ აწარმოებს მას. რაც შეეხება საქართველოსა და შეერთებული შტატების შესაძლო სამხედრო თანამშრომლობას, პუტინის თქმით, ის ამგვარ თანამშრომლობაში რაიმე განსაკუთრებულ ტრაგედიას ვერ ხედავს: “თუ ეს შეიძლება ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, რატომ არ უნდა შეიძლებოდეს საქართველოსთვის? პრობლემა მათი იქ ყოფნა არ არის. პრობლემა ის არის, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით,” – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ჩვეულების საწინააღმდეგოდ, ედუარდ შევარდნაძემ ბრალდება უპასუხოდ არ დატოვა და განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება შეერთებული შტატების მიერ იყო ინფორმირებული. მეტიც, შევარდნაძემ რუსეთს ბრალი დასდო, რომ მან საქართველოს არავითარი ალტერნატივა, გარდა შეერთებულ შტატებთან სამხედრო თანამშრომლობისა, არ დაუტოვა: [ედუარდ შევარდნაძის ხმა] “აი, ამერიკელები მოდიან და ფიქრობენ: როგორ გავაძლიეროთ საქართველო? რატომ რუსეთი არ ფიქრობს ამას? რატომ გაზიდა რუსეთმა ყველაფერი საქართველოდან, რისი გაზიდვაც შეიძლებოდა? საბჭოთა კავშირის დროს საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული რესპუბლიკა იარაღითა და შეიარაღებული ძალებით. რა დარჩა იმისგან? ჟანგიანი თოფების მეტი არაფერი. ჰოდა, რატომ უკვირთ ამერიკელების შემოსვლა, თუკი ამერიკელები ზრუნავენ ჩვენს გაძლიერებაზე, თვითონ კი არ ზრუნავენ?”

და ბოლოს, მიუხედავად ყველაფრისა, ძნელია არ დაეთანხმო ალექსანდრე ჭაჭიას საკმაოდ მძაფრ შეფასებას, როცა წერს, რომ პანკისის ხეობის პრობლემა საქართველოს უუნარო, უვიცმა და მარაზმატულმა ხელისუფლებამ შექმნა. და თუ დღეს გარკვეული იმედი ჩნდება, რომ პანკისში ვითარება შეიძლება მოწესრიგდეს, ეს არის არა საქართველოს ხელისუფლების დამსახურება, არამედ იმის შედეგი, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა მთელ რეგიონში მკვეთრად გააქტიურდა.

სამაგიეროდ, საქართველომ, სიტყვიერი განცხადებების გარდა, ვერაფერი დაუპირისპირა აფხაზეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს; ამავე დროს, თებერვლის თვის ბიუჯეტიც შეუსრულებელი დარჩა, რითაც მსოფლიო ბანკის მკვეთრად უარყოფითი შეფასება დაიმსახურა და საკუთარი მოსახლეობა კიდევ ერთხელ გაწირა უხელფასობისა და უპენსიობისთვის.
XS
SM
MD
LG