Accessibility links

logo-print

სახელისუფლო სივრცის სტრუქტურა საქართველოში


უშიშროების საბჭოს მდივნის, ნუგზარ საჯაიას, გარდაცვალების დღესვე ტელეეკრანიდან გაისმა ორი არსებითი შეკითხვა: ვის აძლევდა ხელს ამ ადამიანის ჩამოშორება? ვინ დაიკავებს მის ადგილს?

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ყველაზე სანდო გზა შეიძლება აღმოჩნდეს არა პიროვნებებზე საუბარი, არამედ - სახელისუფლო სივრცის სტრუქტურის განხილვა.

1999 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო სამ სეგმენტად დაიყო: პრეზიდენტის უმრავლესობად, აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის უმცირესობად და მრეწველთა მცირერიცხოვან ფრაქციად. პარლამენტში ძირითად პოლიტიკურ ამინდს ქმნიდა სწორედ შევარდნაძის უმრავლესობისა და აბაშიძის უმცირესობის რთული ურთიერთობა. მაგრამ ამ ორ სეგმენტს შორის დაპირისპირება გამომდინარეობდა არა ტრადიციული საპარლამენტო ლოგიკიდან, არამედ - საქართველოში ფაქტობრივად არსებული ორხელისუფლებიანობიდან.

ორი პოლიტიკური ცენტრის იდეა სწორედ აჭარის ლიდერის ირგვლივ შემოკრებილმა პოლიტიკოსებმა დაამკვიდრეს. არჩევნების შემდეგ ორ ცენტრზე საუბარი შეწყდა, მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ ორხელისუფლებიანობის პრობლემაც მოიხსნა.

გასული წლის სექტემბერში ჟურნალმა "არილმა" გამოაქვეყნა პარლამენტარ ვასილ მაღლაფერიძის ვრცელი პოლიტიკური წერილი, სათაურით "ცნობიერებაგახლეჩილი ხელისუფლება".
წერილში საუბარია სახელისუფლო სეგმენტებზე და მათ ურთიერთობაში არსებულ დრამატიზმზე. კერძოდ: რეგიონს აქვს ცენტრისგან განსხვავებული საგარეო პოლიტიკური ორიენტირები, აგრეთვე - საკუთარი თავდაცვის დოქტრინა, რომლის მიხედვითაც ერთადერთ შესაძლო აგრესორად მიჩნეულია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, ხოლო სამხედრო მოკავშირედ - რუსეთი; ამასთან, ავტონომიის ტერიტორიაზე ქვეყნის კანონმდებლობის მხოლოდ ნაწილი მოქმედებს. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტსა და ავტონომიის ხელმძღვანელს შორის არსებობს გადაულახავი წინააღმდეგობები, რადგან ფაქტობრივად ჩამოყალიბებული ურთიერთობები მნიშვნელოვნად განსხვავდება კონსტიტუციით განსაზღვრულისაგან.

ვასილ მაღლაფერიძის სტატია დაიწერა მაშინ, როდესაც პარლამენტში ჯერ კიდევ არსებობდა უმრავლესობა - რომელიც იცავდა პრეზიდენტის ინტერესებს და უმცირესობა - რომელიც პირველ ცენტრში ამაგრებდა აჭარის ლიდერის პოზიციებს. მაშინ პოლიტიკური საკითხებიც და კანონპროექტებიც იხილებოდა მხოლოდ და მხოლოდ ამა თუ იმ პოლიტიკური ცენტრის ინტერესების გათვალისწინებით. ის, რაც მისაღები იყო ერთისთვის, კატეგორიულად მიუღებელი იყო მეორისათვის და პირიქით.

მართლაც, ვიდრე საქართველოს პარლამენტში არსებობდა მკაფიოდ გამიჯნული უმრავლესობა და უმცირესობა, ორივე სეგმენტი თავდადებით იცავდა საკუთარი პოლიტიკური სივრცის შეუვალობას. უფრო ზუსტად, ცენტრალური ხელისუფლება ფრთხილი დაჟინებით ცდილობდა თავისი გავლენისა და ძალაუფლების გავრცელებას მეორე პოლიტიკურ ცენტრზე, ხოლო ავტონომიის ლიდერი ენერგიულად ეწინააღმდეგებოდა ცენტრალური ხელისუფლების ამ მცდელობას და, თავის მხრივ, პირველ პოლიტიკურ ცენტრს ასუსტებდა.

თავისთავად, პრეზიდენტის პოლიტიკური ცენტრი წლების განმავლობაში შედგებოდა ორი სერიოზული სეგმენტისგან: საპარლამენტო უმრავლესობისგან და სახელმწიფო კანცელარიისგან. პარლამენტში პრეზიდენტის მთავარი დასაყრდენი იყო ზურაბ ჟვანია, ხოლო კანცელარიაში - ნუგზარ საჯაია.

პოლიტიკური პროცესი, რომელიც ნუგზარ საჯაიას თვითმკვლელობით ჯერ კიდევ არ დასრულებულა, დაიწყო მაშინ, როდესაც პრეზიდენტმა დატოვა პარტიის თავმჯდომარის პოსტი. ამას მოჰყვა საპარლამენტო უმრავლესობის დაშლა და ზურაბ ჟვანიას გადადგომა. პრეზიდენტს გამოეცალა ერთი მთავარი საყრდენი პარლამენტის სახით, რამაც პირველი ცენტრი ერთბაშად დაასუსტა. საპარლამენტო უმცირესობა ამ ფაქტს საგაზაფხულო ბოიკოტს უკავშირებს და საკუთარ გამარჯვებად აღიქვამს. ნაწილობრივ, ასეც არის.

პარლამენტის დაუძლურების შემდეგ პრეზიდენტის ერთადერთ ძლიერ საყრდენად დარჩა კანცელარია და, შესაბამისად, ნუგზარ საჯაიას გავლენა გაიზარდა. საკმაოდ სწრაფად განვითარებული მოვლენების შემდეგ, მეორე ცენტრიდან წამოსული აგრესიის კვალდაკვალ, პრეზიდენტს მოულოდნელად გამოეცალა მეორე საყრდენიც და თავად სრულიად დაუცველ და მოწყვლად მდგომარეობაში აღმოჩნდა. დღევანდელი ვითარების მთელი სირთულე ისაა, რომ პრეზიდენტის ირგვლივ გამოთავისუფლდა სივრცე, რომელსაც წლების განმავლობაში ჟვანია და საჯაია ავსებდნენ, თავის თანამოაზრეებთან ერთად.

თუ გადავხედავთ მეორე ცენტრის აგრესიის ობიექტებს წლების განმავლობაში, აშკარად დავინახავთ ტენდენციას: დარტყმები ხორციელდებოდა პირველ ცენტრში პრეზიდენტის შემდეგ ყველაზე გავლენიან ფიგურებზე. აგრესიის მიზანი შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტის დატოვება დამცავი ბარიერების გარეშე, მისთვის საყრდენების გამოცლა, რაც ბოლოს განხორციელდა კიდეც. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ პროცესს, რომელიც პრეზიდენტის სასარგებლოდ ნამდვილად არ არის ჩაფიქრებული, ხელი თავად ედუარდ შევარდნაძემ შეუწყო, როდესაც უკიდურესად დაასუსტა პარლამენტი.

ვინ შეავსებს პრეზიდენტის ირგვლივ წარმოქმნილ თავისუფალ სივრცეს, უცნობია. უსაფუძვლოა მოლოდინი, რომ საჯაიას ადგილს რომელიმე მისივე თანაგუნდელი დაიკავებს. პოლიტიკური ლოგიკის თანახმად, ამ ადგილზე პრეტენზიას გამოაცხადებს უსათუოდ მეორე პოლიტიკური ცენტრისთვის მისაღები და მისივე მოკავშირე ძალა.
XS
SM
MD
LG