Accessibility links

logo-print

რა მოსწონს დასავლეთს ქართულ კულტურაში?


ბოლო დროს, დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებაში თეატრალური ხელოვნება

განმსაზღვრელ როლს რომ თამაშობს, ამის შესახებ უკვე ბევრჯერ ითქვა. და არა მარტო იმიტომ, რომ სეზონში ერთხელ ახალი თეატრი იხსნება, არც იმიტომ, რომ თბილისის ახალ თეატრებში სპექტაკლებს ხალხით სავსე დარბაზში თამაშობენ და ზოგჯერ ბილეთების შოვნაც შეუძლებელი ხდება; გარკვეულ პროგრესს თეატრალურ ხელოვნებაში ჩვენი კულტურისთვის ყოველთვის მტკივნეული, ეროვნული დრამატურგიის პრობლემის გადაწყვეტა განაპირობებს. დღეს უკვე დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულ თეატრში მოვიდა დრამატურგთა ახალი თაობა, ახალგაზრდა მწერლები, რომლებიც უშუალოდ თეატრისთვის წერენ და ჩვენს რეჟისორებს აღარ უქმნიან პროზაული ნაწარმოების პიესად გადაკეთების, ინსცენირების პრობლემას.

გასული წლის მიწურულს, დიდ ბრიტანეთში მოწყობილ ქართული კულტურის დღეებში აქტიური მონაწილეობა სწორედ დრამატურგებმა მიიღეს: ბასა ჯანიკაშვილის, ლაშა ბუღაძის, მანანა დოიაშვილის, ირაკლი სოლომონაშვილის პიესებს ახლა უკვე ინგლისელებიც გაეცნენ და ახლა უკვე ინგლისელებმაც აღიარეს, რომ ახალგაზრდა ქართველი დრამატურგები განსხვავებულად წერენ, რომ, კულტურის კრიზისის მიუხედავად, საქართველოში მაინც ჩამოყალიბდა თეატრალურ დრამატურგთა სკოლა. როგორც ბასა ჯანიკაშვილმა აღნიშნა [ბასა ჯანიკაშვილის ხმა]: “იყო შეხვედრები იქაურ დრამატურგებთან... ყველაზე მეტად აინტერესებთ, როგორც ყველა ახალგაზრდას მთელ მსოფლიოში, სიახლე, თავიანთ ავტორიტეტებს ისინი ვერ იტანენ, იმაზე მეტად ვერ იტანენ, ვიდრე ჩვენ. მათი ავტორიტეტები უფრო ჩანან, ვიდრე ჩვენი...პირველ რიგში ფორმები არ მოსწონთ, გამომსახველობითი ფორმები. რაც შეეხება რეჟისურას, არ მოსწონთ ის, რასაც დგამენ, რაც შეეხება პიესებს, არ მოსწონთ, როგორ წერენ... ჩვენს პიესებში ყველა პერსონაჟი არაორდინარულია, ვთქვათ, ირაკლი სოლომონაშვილთან მთავარი გმირები არიან ძაღლები, ცოფიანი ძაღლები... მანანასთან სამი ქალია, რომელიც ცხოვრობს სადღაც კუნძულზე, ლაშასთან მთავრი პერსონაჟი არის ფაუსტი, რომელიც ამავდროულად არის გოეთე, ჰოდა ეს დამოკიდებულება თავისთავად მოეწონათ, ვიფიქრეთ, რომ ეს ზრდილობის ამბებში მოსწონთ, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ არა, პირიქით, ესეთი პიესები აქ იშვიათად იდგმებაო”.

რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი თეატრი დიდ ბრიტანეთშიც ბევრია და პრინციპში ახალგაზრდა დრამატურგს, თუკი მართლაც ნიჭიერია, არ უნდა გაუჭირდეს იმ “თეატრალური სივრცის” მიგნება, სადაც მისი პიესის დადგმა იქნება შესაძლებელი. მაგრამ დასავლეთში პრობლემას სწორედ ეს “ბევრი” ქმნის, ანუ კონკურენცია, რომელიც დამატებით თანხებს, რეკლამას მოითხოვს. თბილისში, მართალია, დამოუკიდებელი თეატრები მომრავლდა, კულტურული ცხოვრება მაინც დუნედ ვითარდება. ამიტომ თეატრის მიმართ ინტერესი დღითიდღე მატულობს. ახალგაზრდა ქართველ დრამატურგებს პიესებს განუწყვეტლივ უკვეთავენ. და, მართალია, ანაზღაურების პრობლემა კვლავაც აქტუალურია, ახალგაზრდა მწერლებს დიდი დრო აღარ სჭირდებათ, რათა თავიანთი პიესები არა მარტო პატარა თეატრების, არამედ რუსთაველის, მარჯანიშვილის თეატრების სცენაზეც იხილონ.

თუმცა ქართველი დრამატურგები ახლა უკვე ღიად ლაპარაკობენ იმაზე, რომ პიესის დადგმა მათგან შემოქმედებით კომპრომისებს მოითხოვს. საქართველოში დღეს არ არის ცენზურა, მაგრამ საზოგადოებრივი აზრი ჯერ კიდევ საკმაოდ რეაქციულია და აკადემიური თეატრების პუბლიკა ძალზე მტკივნეულად განიცდის ავტორიტეტების მსხვრევის პროცესს. ახალგაზრდა დრამატურგები, რომლებმაც შარშან დიდ ბრიტანეთში ქართული კულტურის დღეებში მიიღეს მონაწილეობა, ერთხმად აღნიშნავენ, რომ ქართულ თეატრალურ ხელოვნებაში პროგრესზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგანაც ყოველი მათგანი საკუთარ თავზე განიცდის შეზღუდვებს საზოგადოების მხრიდან. ბასა ჯანიკაშვილის თქმით, დასავლეთში ეს პრობლემა დიდი ხანია გადაწყვეტილია [ბასა ჯანიკაშვილის ხმა]: “ერთ დღეს შეიძლება ბერნარდ შოუ, სიტყვაზე, იყოს გენიალური მწერალი, მეორე დღეს კი შეუძლიათ ვედრო ჩამოაცვან თავზე და პულვერიზატორი დააჭერინონ ხელში. ალბათ, ამიტომაც არის ამ ქვეყანაში ასეთი სწრაფვა სიახლისკენ და ასეთი განვითარებულები იმიტომ არიან... ასეთ პირობებში, როცა ჩნდება ახალი რეჟისორი, ახალი დრამატურგი თუ მსახიობი, შესაბამისად მას უფრო უადვილდება წინ წასვლა, რადგან აქ ავტორიტეტის კლიშეები არ არსებობს.”

თუმცა, არ არის აუცილებელი ავტორიტეტს ვედრო ჩამოაცვა თავზე – პირდაპირი გაგებით, და ამაზე აცინო, ან გააბრაზო პუბლიკა. ცენზურის მიმართ იმუნიტეტი ქართული ხელოვნების მუშაკებს დიდი ხნის წინ გამოუმუშავდათ. ეს იმუნიტეტი თაობიდან თაობაში გადადის. საქართველოში დღეს ახალგაზრდა დრამატურგები ცენზურის ახალ ფორმას – საზოგადოებრივ აზრს შეეჯახნენ, მაგრამ მათ მემკვიდრეობით გამოჰყვათ ყველანაირი ცენზურის “გაცურების”, მოტყუების უნარი, ამიტომ დრამატურგები ჯერჯერობით ახერხებენ, “მოთაფლონ” ასეთი ცენზურაც. ამისათვის კი არსებობს ქართული კულტურისთვის ტრადიციული "ეზოპეს ენა" – იგავისებური ფორმები, რომელსაც ახალგაზრდებიც აქტიურად იყენებენ. თუმცა ბევრი მათგანი აღნიშნავს, რომ დღევანდელი ქართული ყოფა თავადაა გაჟღენთილი პირობითი და ამბივალენტური სახეებით და არც არის საჭირო მოიგონო რამე. მთავარია დაინახო და... დაარწმუნო საზოგადოება, რომ ამას ყველა ხედავს, რამდენადაც მწარე უნდა იყოს რეალობა და რამდენადაც ძნელი უნდა იყოს ამის აღიარება.

[ბასა ჯანიკაშვილის ხმა] “ჩვენ “უორკშოპის” დროს გვქონდა საუბრები, თუ რა ხდება საქართველოში, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, აქედან გამომდინარე, როცა წაიკითხეს ეს პიესები, კითხვები გაუჩნდათ, თუ როგორ შეიძლება ადამიანებს შორის ასეთი დამოკიდებულება, რატომ არის ასეთი დამოკიდებულება – ეს მითია, რასაც თქვენ წერთ, თუ რეალობაა ასეთი? კონკრეტული კითხვები იყო და ჩვენც ბევრ რამეზე დავფიქრდით, როცა საქართველოში ცხოვრობ, ბევრ რამეს ვერ აფიქსირებ, ის არაადამიანური, რაც ჩვენს გარშემოა, ბუნებრივად გეჩვენება... ვერ გაიგეს, მაგალითად, რატომ დავწერე ეს პიესა და რატომაა ეს კომედია: ადამიანს ქურდავენ და რა...”ბევრი გაქურდვაა თქვენს ქვეყანაში? კრიმინალური სიტუაცია ისეთია, რომ თქვენ უკვე ამაზე იცინით?”

ბრიტანეთში ჩატარებულ ქართული კულტურის დღეებზე უკვე ბევრი რამ ითქვა და დაიწერა. თავდაპირველად, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, ქართული მედია მხოლოდ ფესტივალის წარმატებით დასრულებაზე საუბრობდა, მაგრამ დღეს ახალგაზრდა დრამატურგები არა იმდენად წარმატებაზე, რამდენადაც კულტურული ინტეგრაციის პრობლემაზე საუბრობენ. ამ დღეებში ქართველმა კულტუროლოგებმა ფაქტობრივად პირველად დაიწყეს მსჯელობა იმაზე, თუ რა მოსწონს დასავლეთს ქართულ კულტურაში და რამდენადაა ეს წარმატება ფასეული, მნიშვნელოვანი... ანუ შეუძლია თუ არა დასავლეთს დაგვინახოს ისე, როგორც ჩვენ ვხედავთ ჩვენს თავს, შეუძლია თუ არა დასავლეთს ქართულ კულტურაში “ეგზოტიკის” ნაცვლად ცოცხალი სახეები დაინახოს. თბილისში დაბრუნების შემდეგ ამ პრობლემაზე დაიწყო მუშაობა დიდი ბრიტანეთის ბრაიტონის უნივერსიტეტის მაგისტრანტმა, ხელოვნებათმცოდნე სალომე ასათიანმა, რომელმაც ჩვენთან საუბარში აღნიშნა: [სალომე ასათიანის ხმა] “აი, დავუკვირდეთ ანთროპოლოგიის მეცნიერებას. დასავლური ანთროპოლოგია და ეთნოგრაფია, რომელიც პრინციპში დაიწყო ინგლისელი, თეთრკანიანი, შუა კლასის წარმომდგენლების, საკმაოდ სოლიდური მეცნიერების მოგზაურობებით ინდოეთში და ა.შ. სხვადასხვა კოლონიებში და შემდეგ მათი აღწერით, როგორც არაცივილიზებული, ველური, ბარბაროსი, მაგრამ მაინც მიმზიდველი ამ თავისი ველურობით. ინდოელი, მეეჭვება, რომ მაშინ კი არა, თუნდაც დღესვე, ვთქვათ, ჩამოვიდეს და დააკვირდეს ინგლისელს. დღეს ცოტა გვაქვს ამის შემთხვევები, მაგრამ...”

სალომე ასათიანის მტკიცებით, “არაცივილიზებულის”, “ბარბაროსის” მიმართ ლტოლვა დასავლური კულტურის ძველზე ძველი პრობლემაა, რომლის გადაწყვეტაზე (ან ამ “ვნების” გააზრებაზე თუ გადალახვაზე) დასავლურმა კულტურამ მხოლოდ დღეს დაიწყო ფიქრი. ახალგაზრდა კულტუროლოგის მტკიცებით, თუ საქართველო ამ დისკუსიაში არ ჩაერთო, ჩვენ, შესაძლოა, ისევ მოვიტყუოთ თავი და დასავლეთში გამართულ ქართული ხელოვნების ფესტივალებზე წარმატება ეროვნული კულტურის პროგრესის მანიშნებლად მივიჩნიოთ. ამგვარი განცხადება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ახალი კულტურული სეზონის დაწყების წინ – თბილისში გაზაფხული დადგა: თეატრალური კოლექტივები წინასაპრემიერო სამზადისს შეუდგნენ, დაიწყეს ქართველი დრამატურგების პიესებზე მუშაობა. დაგეგმილია გასტროლებიც. რას შესთავაზებენ ისინი ქართველ და უცხოელ მაყურებელს, რამდენადაა რეალური პროგრესი ქართულ თეატრალურ ხელოვნებაში და შეიქმნება თუ არა საქართველოში პირობები ჯანსაღი “კულტურული კონკურენციისთვის”, ამას ახალი სეზონი გვიჩვენებს.
XS
SM
MD
LG