Accessibility links

logo-print

რუსეთის პრესა ალმა-ათის სამიტსა და პანკისის გარშემო შექმნილ ვითარებაზე


გიორგი კაკაბაძე, თბილისი ახლა კი გესაუბრებით წინა კვირის რუსეთის პრესაში გამოქვეყნებული ზოგიერთი წერილის შესახებ, რომელიც მიეძღვნა ალმა-ათის არაფორმალურ სამიტს და საქართველოს პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის განხორციელების თემას.

პირველი მარტის ინტერნეტგაზეთის “სტრანას” თქმით, ალმა-ათის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ პრინციპულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. “ეს პოზიცია უცვლელი დარჩება”, - ხაზგასმით აღნიშნა მან საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

“რუსეთის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ედუარდ შევარდნაძის განზრახვას, გაძლიერდეს საქართველოს სამხედრო სტრუქტურები ტერორიზმთან ბრძოლის მიზნით, მათ შორის, პანკისის ხეობაში წესრიგის დამყარებისათვის. ამასთან ერთად, ვლადიმირ პუტინმა გამოთქვა იმედი, რომ აფხაზეთთან დაკავშირებული პრობლემები მშვიდობიანი საშუალებებით მოგვარდება”.

რუსეთის პრეზიდენტი პანკისის ხეობაში არსებულ ვითარებასაც შეეხო. მის შეშფოთებას იწვევს ის, რომ “უცხოელი სამხედრო მოსამსახურეების საქართველოში გამოჩენის შემდეგ რუსეთს, შესაძლოა, ახალი ტერაქტების საფრთხე დაემუქროს”. პრეზიდენტ პუტინის თქმით, გაუგებარია, როგორ მოიქცევიან ხეობაში მყოფი ტერორისტები ასეთ ვითარებაში და რა გეგმას აირჩევენ.

გაზეთი წერს, რომ პრეზიდენტმა შევარდნაძემ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრას “ფუნდამენტური” უწოდა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი გაუმჯობესების იმედი გამოთქვა.
რაც შეეხება ამერიკელი სამხედროების საქართველოში ყოფნას, გაზეთი აღნიშნავს, რომ, “შევარდნაძის განცხადებით, საქართველო დიდი ხანია თანამშრომლობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან”.
“სტრანას” ცნობით,

“საქართველოს ლიდერმა აგრეთვე თქვა, რომ ვაშინგტონში ვიზიტისას, მან თხოვნით მიმართა შეერთებულ შტატებს, დახმარება აღმოეჩინა ქართული არმიისათვის, რომელიც მცირერიცხოვანი და მობილური უნდა იყოს. ამასთან, შევარდნაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამორიცხულია რომელიმე უცხო ქვეყნის სამხედრო ყოფნა საქართველოში.

საქართველოს პრეზიდენტი ირწმუნება, რომ აფხაზეთის პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ხერხებით გადაწყდება, მაგრამ, მისი თქმით, “აფხაზეთი არასოდეს არ იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო”. მას სჯერა, რომ რუსეთი არასოდეს წავა აფხაზეთის კონსოლიდირებულ ჩართვაზე რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში.”

2 მარტის “ნეზავისიმაია გაზეტას” ინფორმაციით, ალმა-ათის სამიტზე “ედუარდ შევარდნაძე არ დაელოდა თავისი კოლეგების შეკითხვებს და უამბო მათ, თუ რა სირთულეებს განიცდის დღეს საქართველო, პანკისის ხეობასთან დაკავშირებით. მან აღიარა, რომ, მართლაც, დაპატიჟა ამერიკელი ექსპერტები, თავისი გადაწყვეტილების არგუმენტად კი ქვეყანაში არსებული გამოუვალი მდგომარეობა დაასახელა. შევარდნაძემ აგრეთვე განაცხადა, რომ სიტუაცია პანკისში, მართლაც, რთულია, მაგრამ არანაკლებად შემაშფოთებელი ვითარებაა შექმნილი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში”.

პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების თემაზე საინტერესო მოსაზრებებს გამოთქვამს პირველი მარტის “როსიისკაია გაზეტაში” ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ვიკტორ კრემენიუკი.
ჩვენ საქმე გვაქვს ისეთ გარემოებებთან, - ამბობს იგი, - რომელთა გარშემოც დავა ძალიან ძნელია. “ჯერ ერთი, ეს არის საქართველოსა და საქართველოს პოლიტიკის მოსკოვისაგან დამოუკიდებლობის დემონსტრირება.

მეორე: ეს არის გაგრძელება იმისა, რაც ავღანეთში დაიწყო. თუ ამერიკელები შევიდნენ ყირგიზეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთში, უნებლიეთ იბადება კითხვა: რატომ არ უნდა შევიდნენ ისინი საქართველოში?

მესამე გარემოება, რომლის გარშემოც ასევე ძალიან ძნელია დავის გამართვა, ის არის, რომ, საბოლოოდ, ყველაფერი რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ იკვეთება. ამერიკელებმა ხომ ჩეჩნების წინააღმდეგ უნდა აწარმოონ მოქმედებები. სხვა საქმეა, რომ ამის გაკეთებას უჩვენოდ აპირებენ”.

შემდეგ ექსპერტი აღნიშნავს, რომ “რუსეთს არაერთგზის შეუთავაზებია დახმარება საქართველოსათვის, მაგრამ ამ საკითხის განხილვაზეც კი კატეგორიულ უარს ღებულობდა”. იგი ფიქრობს, რომ ეს დაკავშირებულია ერთ ნიუანსთან, რის შესახებაც საუბარს თავს არიდებენ.

“ჩეჩნეთში ძალიან ცუდად არის საქმე, მიუხედავად პრეზიდენტის განცხადებისა კონსოლიდაციის მატების თაობაზე. რაც უნდა ილაპარაკონ, მოწინააღმდეგე დამარცხებული არ არის”, - ნათქვამია “როსიისკაია გაზეტას” წერილში.

ვიკტორ კრემენიუკის აზრით, მართალია, ანტიტერორისტული ოპერაციის აქტივიზაციასთან დაკავშირებულ ახალ ეტაპში რუსეთი მონაწილეობას არ იღებს, მაგრამ, უფრო მნიშვნელოვანი - ამერიკის შეერთებულ შტატებთან კეთილი ურთიერთობებია.
XS
SM
MD
LG