Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი ექსპერტები ქართველი ჯარისკაცების წვრთნას მარტის ბოლოს დაიწყებენ


უკვე ცნობილია, საქართველოს არმიის რომელ ქვედანაყოფებს მოამზადებენ ამერიკელი ექსპერტები. ლაპარაკია 1000-2000-კაციან საეტალონო სამხედრო ნაწილის შექმნაზე.

ამისათვის, პრეზიდენტის თქმით, საქართველოში შეერთებული შტატების იმდენი სამხედრო ექსპერტი ჩამოვა, რამდენიც საჭირო იქნება. ორშაბათს ედუარდ შევარდნაძე ისევ კატეგორიული იყო იმ რუსი პოლიტიკოსების მიმართ, რომელთა ანტიქართული ისტერიაც ბოლო დღეებში ყოველგვარ საზღვარს გასცდა, მაგრამ, “მსგავს სამხედრო დახმარებას რუსეთისგანაც მივიღებდითო,”- აღნიშნა მან. ნათქვამი, შესაძლოა, უბრალო დიპლომატიური ჟესტი იყო, შესაძლოა - უფრო მეტიც. ასეა თუ ისე, ამერიკელები ქართველი სამხედროების წვრთნებს მარტის ბოლოდან დაიწყებენ.

ამერიკელი სამხედრო ექსპერტები ანტიტერორისტული ოპერაციისთვის საქართველოს არმიის მე-11 ბრიგადას, კოჯრის სწრაფი რეაგირების ბატალიონს, აგრეთვე, სამთო და კომანდოს ბატალიონებს მოამზადებენ. წვრთნა გენერალური შტაბისა და თავდაცვის სამინისტროს ოფიცრებსაც ჩაუტარდებათ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნები მე-11 ბრიგადის ბაზაზე, კრწანისის სასწავლო პოლიგონზე და კოჯრის ტერიტორიაზე ჩატარდება. საქართველოში ჩამოსული ამერიკელი ინსტრუქტორები ამჟამად სწორედ წვრთნებისთვის შერჩეული ბაზების მდგომარეობას სწავლობენ და, როგორც ედუარდ შევარდნაძე ამბობს, ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია.

ამ ეტაპზე საეტალონო სამხედრო შენაერთის შექმნისა და მომზადების პროგრამის პირველი ეტაპი იწყება, შემდეგ კი პროცესი ისე წარიმართება, როგორც ამას ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მოთხოვნა გვიკარნახებს. “ჩვენს ქვეყანაში იმდენი ამერიკელი სამხედრო ექსპერტი ჩამოვა, რამდენიც საჭირო იქნება. კავკასია ფეთქებადსაშიში რეგიონია, ამიტომ საქართველოს აუცილებლად უნდა ჰყავდეს ძლიერი, ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფები,”- ორშაბათის რადიო- გამოსვლაში შევარდნაძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოსთვის სამხედრო დახმარების გაწევა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია, თუმცა იქვე ისიც შენიშნა, რომ მსგავს დახმარებაზე უარს არც რუსეთს ეტყოდა. და მაინც, შეიძლება იმის თქმა, რომ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის პრეზიდენტი ბოლო დროს მკვეთრ მიჯნას ავლებს, რა თქმა უნდა, საქართველოსთან დამოკიდებულების თვალსაზრისით.

[ედაურდ შევარდანძის ხმა] “ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. ეს არის ისტორიული ფაქტი, რომელსაც ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს.”

რაც შეეხება რუსეთს, პრეზიდენტმა ელცინთან და პუტინთან შეხვედრებისას არა- ერთხელ ნათქვამი გაიხსენა.

[ედუარდ შევაარდნაძის ხმა] “თქვნ ხომ არაფერი არ დაგვიტოვეთ და ყველაფერი გაზიდეთ, რისი გაზიდვაც საქართველოდან შეიძლებოდა. მარტო საქართველოა ერთადერთი გამონაკლისი, სადაც თქვენ რამდენიმე დანჯღრეული ტანკი დატოვეთ.”

როგორც ვხედავთ, რუსეთის მიმართ ტონი შევარდნაძეს ჯერ არ შეუცვლია. უფრო მეტიც, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წარმომადგენლების გეგმას, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის საკითხის განხილვას ეხება, ის საკმაოდ მწვავედ გამოეხმაურა და თქვა, რომ ასეთი უგუნური ნაბიჯის გადადგმა რუსეთის დაშლის წინაპირობა გახდება. რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა კი გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვით, რუსეთის სახელმწიფო სათათბირო აფხაზეთის სტატუსს აღარ განიხილავს.

დაბოლოს, 9 მარტს უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში მიემგზავრება. ის შეეცდება ამერიკელი და ბრიტანელი კოლეგები დაარწმუნოს, რომ აფხაზეთის უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში, იქ, პანკისთან შედარებით, გაცილებით სერიოზული პრობლემები შეიქმნება.
XS
SM
MD
LG