Accessibility links

logo-print

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ტენდენციები


როგორც წესი, თვის დასაწყისში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური გასული თვის ბიუჯეტის შესრულების შედეგებს აქვეყნებს ხოლმე.

ამჯერად ხაზინამ ტრადიცია დაარღვია და თებერვლის თვის მაჩვენებელი ცალკე არ გამოაქვეყნა. 4 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ მომავალში მხოლოდ ბიუჯეტის შესრულების საერთო მონაცემებს გამოამზეურებს ხოლმე.

4 მარტს რამდენიმე ფინანსურმა უწყებამ გამართა პრესკონფერენცია, რომელზეც საზოგადოებას ბიუჯეტის შესრულება ახარეს. საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ინფორმაციით, მან ბიუჯეტის საგადასახადო ნაწილი გადაჭარბებით შეასრულა. ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მონაცემებით კი, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლითი ნაწილი 96 პროცენტით შეივსო. თუმცა ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლები მხოლოდ საგადასახადო სახსრებით როდი ფორმირდება, მის შესრულებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს არასაგადასახადო შემოსავლებსაც. მათი მობილიზება ფინანსთა სამინისტროს პრეროგატივაა და, თუ იანვარ-თებერვლის საფინანსო გეგმის საპროგნოზო მაჩვენებელს 4 პროცენტი დააკლდა, ეს გამოწვეულია იმით, რომ არასაგადასახადო შემოსავლების პარამეტრი მხოლოდ 72 პროცენტით შესრულდა.

რაც შეეხება საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს, მისი ინფორმაციით, საგადასახადო დეპარტამენტმა გეგმა 100,9 პროცენტით შეასრულა, საბაჟომ კი - 101,1 პროცენტით. აქ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მობილიზებული გადასახადებიც იგულისხმება, რომელიც ცენტრამდე არ აღწევს და ადგილზე რჩება. ფინანსთა სამინისტრო კი ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლად იმ ციფრს ასახელებს, რა მოცულობის თანხაც ხაზინაში შევიდა. ხაზინაში გამართულ პრესკონფერენციაზე ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ იანვარ-თებერვლის გეგმა საგადასახადო სამსახურმა 102 პროცენტით, ხოლო საბაჟომ 93 პროცენტით შეასრულა.

[ნოღაიდელის ხმა] „ბიუჯეტის შესრულების მონაცემები არის აქ. სხვაგან ბიუჯეტის შესრულების მონაცემები არ არსებობს და ბიუჯეტის შესრულების მონაცემებს ყოველკვირას წარმოგიდგენთ ან მე, ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსი, იმიტომ რომ იქ შედის ფულები და ეს არის ბიუჯეტის შესრულების მონაცემები. იანვარ-თებერვლის ბიუჯეტი ძირითადად არის შესრულებული.“

რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ აჭარის პრობლემას, ავტონომიის ხელმძღვანელობა ბათუმში ხაზინის ფილიალის გახსნასა და რეგიონის მიმართ ცენტრალური ბიუჯეტის დავალიანებების რესტრუქტურიზაციას ან ჩათვლების მეშვეობით გაბათილებას მოითხოვს. ცენტრს ამაზე ჯერ პასუხი არ გააჩნია, თუმცა ზურაბ ნოღაიდელი აცხადებს, რომ აჭარასთან ურთიერთობა უახლოეს მომავალში დარეგულირდება. თუ ძველებურად გაგრძელდა, ცენტრს, ალბათ, სხვა ზომების მიღება დასჭირდებაო, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ნოღაიდელი ასევე მკაცრად აფრთხილებს მათ, ვინც საბიუჯეტო ხარჯების გაზრდას მოითხოვს, თუმცა ამ იდეის ავტორთა ვინაობას არ ასახელებს. იგი აცხადებს: ხარჯების გაზრდა გაჭირვებით ჩამოყალიბებულ ფინანსურ წესრიგს უქმნის საფრთხეს, რასაც მე არ დავუშვებო.

ეს სიჯიუტით სახელგანთქმული ნოღაიდელის მორიგი ახირება არ გეგონოთ. ბიუჯეტის შესრულების მაღალი მაჩვენებლები საქართველოს ხელისუფლებას ჰაერივით ესაჭიროება. უახლოეს დღეებში თბილისს მსოფლიო ბანკის ექსპერტები ეწვევიან, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ეგრეთ წოდებული რეიტინგი უნდა შეადგინონ. მასზე დიდადაა დამოკიდებული მსოფლიო ბანკის დახმარების პროგრამის გაგრძელება. რეიტინგი, ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელთან ერთად, ეკონომიკური რეფორმების მსვლელობითაც განისაზღვრება, თუმცა აქცენტი მაინც საბიუჯეტო მონაცემებზე მახვილდება.

[ნოღაიდელის ხმა] „ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუშვებ და არ დავუშვებ, როგორც საქართველოს დღევანდელი ფინანსთა მინისტრი, რომ ამ წელიწადნახევრის საქართველოს მიღწევები ფისკალურ სფეროში იყოს შეფასებული, დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით, უფრო უარესად. შარშან იყო უნიკალური წელი. შეიძლება ყველა ხარჯი ბოლომდე ვერ გავწიეთ, მაგრამ იყო დავალიანების დაბრუნების წელი და ეს ვინმემ - მსოფლიო ბანკმა, მით უმეტეს - შეაფასოს უარყოფითად, ამას არ დავუშვებ არც ერთ შემთხვევაში.“

ეკონომიკური განვითარების ამჟამინდელი ტემპი, რაც ბიუჯეტის შესრულებაში აისახება, საკმარისი რომ არ არის, ამას თავად ნოღაიდელიც აღიარებს. მისი თქმით, თუ ხელისუფლებამ უახლოეს 2-3 წელიწადში აგრესიული ეკონომიკური პოლიტიკა არ გაატარა, ვითარება -განსაკუთრებით საგარეო ვალების გასტუმრების პერიოდის დადგომისთანავე - გამწვავდება.
XS
SM
MD
LG