Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახლო აღმოსავლეთში ვითარება კიდევ უფრო იძაბება


გასული კვირის ბოლო გასაკუთრებით სისხლიანი აღმოჩნდა ახლო აღმოსავლეთში.

კვირას, 3 მარტს, ერთ-ერთ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან ჩასაფრებულმა პალესტინელმა სნაიპერმა ერთიმეორის მიყოლებით მოკლა შვიდი ისრაელი ჯარისკაცი და სამი ახალმოშენე.

ამ შემთხვევამდე სულ რაღაც 12 საათით ადრე კი იერუსალიმში დატრიალდა ტრაგედია. ულტრაორთოდოქსი ებრაელებით დასახლებულ კვარტალში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ აფეთქებულ ბომბს 9 ადამინის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის ექვსი ბავშვი იყო, რამდენიმე თვიდან 15 წლამდე.

ამ ორმა ინციდენტმა კიდევ უფრო სათუო გახადა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის ბედი, კერძოდ, საუდის არაბეთის მიერ ახლახანს წამოყენებული სამშვიდობო გეგმა.

შაბათისა და კვირის მოვლენების შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ რეგიონში მზარდი ძალადობა სათუოს ხდის ამერიკის დიპლომატიური მცდელობების წარმატებას.

ორშაბათ დილას ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა გამოაცხადა, რომ უწყვეტ სამხედრო ზეწოლას განახორციელებს პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელობაზე ტერორიზმის აღსაკვეთად. ეს განსაკუთრებული სიახლე არ არის ისრაელის პოლიტიკაში. ამ განცხადებიდან ცოტა ხნის შემდეგ ისრაელის არმიამ სამხედრო ოპერაცია განახორციელა რაფაჰის ლტოლვილთა ბანაკში. ოპერაციას სამი პალესტინელი ემსხვერპლა.

პალესტინელთა მიერ ამ კვირის ბოლოს განხორციელებულ თავდასხმებამდე ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ლტოლვილთა ორ ბანაკში 30-მდე პალესტინელი დაიღუპა. ისრაელის არმიის განცხადებით, მოკლულები ტერორისტები იყვნენ, პალესტინელებმა კი ისრაელს მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვაში დასდეს ბრალი.

კვირას მომხდარი ინციდენტი ისრაელის არმიისთვის ყველაზე სისხლიანი იყო უკანასკელი 17 თვის მანძილზე. სულ რაღაც ორ კვირაზე ცოტა ხნით ადრე კი პალესტინელთა თავდასხმას ექვსი ისრაელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

საერთო ჯამში თებერვალში სულ ცოტა 24 ისრაელი ჯარისკაცი დაიღუპა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და ღაზის სექტორში. წელიწადში საშუალოდ ამდენი სამხედრო იღუპებოდა სამხრეთი ლიბანის ოკუპაციის პერიოდში.
n
შაბათის ტერაქტისთვისაც და კვირას განხორციელებული თავდასხმისთვისაც პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო იასირ არაფატის ფათჰის დაჯგუფებასთან ახლოს მდგომმა ორგანიზაცია ”ალ აქსას წამებულთა ბრიგედებმა”. მისმა წარმომადგენელმა, ნასერ ბადავიმ განაცხადა, რომ პალესტინელებმა აირჩიეს ისრაელის არმიის საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე თავდასხმების სტრატეგია. ”ამით გვსურს გავარღვიოთ ბლოკადაო”, დასძინა მან.
XS
SM
MD
LG