Accessibility links

logo-print

პროდასავლური ორიენტაციის პარტიების ურთიერთობა ედუარდ შევარდნაძესთან


ამერიკის შეერთებული შტატებიდან სამშობლოში კოლეგებზე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნებულმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს ედუარდ შევარდნაძის საგარეო პოლიტიკურ კურსს.

რამდენიმე დღის შემდეგ იგივე გაიმეორა ამერიკიდან დაბრუნებულმა ზურაბ ჟვანიამაც.

ამ განცხადებებმა საგანგებო მნიშვნელობა შეიძინა მოგვიანებით, როდესაც დადასტურდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი ეტაპი დაიწყო. თუმცა ეს სიახლე კითხვის ნიშნებს ბადებს შიდა პოლიტიკის ერთ არსებით საკითხთან დაკავშირებით.


როგორც ჩანს, 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სერიოზულად იგეგმება ერთიანი დემოკრატიული ფრონტის შექმნა. ყოველ შემთხვევაში, ეს იყო მთავარი სიახლე, რაც ზურაბ ჟვანიამ და მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნების შემდეგ აუწყეს საზოგადოებას.

მეტ-ნაკლებად მსგავსი მსოფლხედვის მქონე პოლიტიკური პარტიების გაერთიანება რამდენიმე ნიშნით შეიძლება შეფასდეს. პირველი: ერთიანი საარჩევნო ბლოკის შექმნა საზოგადოების დემოკრატიულად განწყობილ ნაწილს მოუხსნის უინტერესო ალტერნატივას - ვის მისცეს ხმა: ზურაბ ჟვანიას პარტიას თუ მიხეილ სააკაშვილის პარტიას, ან, იქნებ, დავით ბერძენიშვილის პარტიას, ან, სულაც, აკაკი ასათიანის პარტიას და ა.შ... თუ ეს ძალები გაერთიანდებიან, მათი მხარდამჭერების ხმებიც შეიკრიბება, რადგან ამ პარტიებს შორის მსგავსება უფრო არსებითია, ვიდრე განსხვავება. მეორე: პოლიტიკური პარტიების გაერთიანებას ეყოლება არა ერთი ან ორი, არამედ - რამდენიმე ლიდერი. ეს, თუნდაც გარკვეულ ეტაპზე, გადაჭრის ჟვანიასა და სააკაშვილის ურთიერთობის პრობლემას. თანაც, კონსენსუსის გზით მიღებული გადაწყვეტილებები გაზრდის მათი სანდოობის ხარისხს.

მესამე: ედუარდ შევარდნაძის შემდეგ ცალკეული პარტიების ან ლიდერების მხარდაჭერას, როგორც ჩანს, დასავლეთში აღარ აპირებენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალგაზრდა ქართველმა პოლიტიკოსებმა მხარდაჭერის პირობა მიიღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხერხდება ერთიანი პროცესის ინიცირება: ქვეყნის გარდაქმნისთვის მოწადინებული პარტიების გაერთიანება, არჩევნების მოგება, მთავრობის დაკომპლექტება და სერიოზული რეფორმების დაწყება.

დემოკრატიული ფრონტის შექმნას აადვილებს პარტიების ერთიანი ხედვა ქვეყნის პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებითაც და შიდა პოლიტიკის არსებით საკითხებზეც. მოქალაქეთა კავშირიც, რესპუბლიკელებიც და ტრადიციონალისტებიც ყოველთვის დასავლურ ვექტორზე მოძრაობდნენ. ცივილიზებულ ქვეყნად ჩამოყალიბების კრიტერიუმებიც თითოეული მათგანისთვის ცნობილი და მისაღებია. ეს გზა, პირობითად, შეიძლება განისაზღვროს, როგორც საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან და კანონების რეალურად აღსრულება.

ერთადერთი მძიმე პრობლემა, რომელზეც დღესვე შეიძლება საუბარი დემოკრატიულ ფრონტთან დაკავშირებით, იქნება ამ საარჩევნო გაერთიანების დამოკიდებულება ედუარდ შევარდნაძის მიმართ. საქმე ისაა, რომ სავარაუდო გაერთიანების თუ ყველა არა, რამდენიმე წევრი პარტია მაინც, თავის საარჩევნო კამპანიას პრეზიდენტის მძაფრ და შეურიგებელ კრიტიკაზე აგებს. თუნდაც, რა იქნებოდა მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი პრეზიდენტის კრიტიკის გარეშე? არადა, დასავლური ორიენტაციის პარტიების გამიჯვნა პრეზიდენტისგან მაშინ, როდესაც საქართველოში სულ უფრო მეტად გაიზრდება ამერიკის შეერთებული შტატების გავლენა - სწორად და სამართლიანად არ გამოიყურება. თუ გავიხსენებთ, რომ დღევანდელი პროამერიკული შედეგი ედუარდ შევარდნაძეს, სულ მცირე, ორ ტერაქტად დაუჯდა, მისი წილის აღიარებას ამ პროცესში ვერავინ გაექცევა. ასე რომ, ზურაბ ჟვანიას, მიხეილ სააკაშვილს, დავით და ლევან ბერძენიშვილებს, აკაკი ასათიანს და მომავალი გაერთიანების სხვა სავარაუდო ლიდერებს მოუხდებათ, მკაფიოდ განსაზღვრონ საკუთარი დამოკიდებულება ედუარდ შევარდნაძის მიმართ, ამ ახალი - პროამერიკული - შედეგის გათვალისწინებით. მით უმეტეს, რომ არჩევნების პერიოდისთვის ამერიკელი სამხედროების მყოფობა საქართველოში გაგრძელდება და რამდენად ეფექტურიც აღმოჩნდება ამ მყოფობის შედეგი, იმდენად გაჭირდება ედუარდ შევარდნაძეზე აუგის თქმა.

საბოლოოდ თუ ჩამოვაყალიბებთ, პრობლემა ასეთ სახეს მიიღებს: მომავალ საპარლამენტო არჩევნებში რიგითი მოქალაქის ხმის მისაღებად ყველაზე ადვილ და, ამავდროულად, აუცილებელ გზად დარჩება პრეზიდენტის კრიტიკა; მაგრამ დასავლური ორიენტაციის პარტიების მიერ კრიტიკა იმ პრეზიდენტისა, რომელმაც უმძიმესი პოლიტიკური პროცესის შედეგად მიაღწია რუსულ-დასავლური ბალანსის დარღვევას ამერიკის სასარგებლოდ, - უსამართლო და, შესაძლოა, უპერსპექტივოც აღმოჩნდეს. ამ წინააღმდეგობის სათავე ისაა, რომ რიგითი მოქალაქისთვის პრეზიდენტის შეფასების კრიტერიუმი საკუთარი ოჯახის ბიუჯეტია, ერთიანი საარჩევნო ბანაკისთვის კი - ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები. ასე რომ, პოლიტიკურ ლიდერებს მოუხდებათ, იფიქრონ ედუარდ შევარდნაძეზე.
XS
SM
MD
LG