Accessibility links

logo-print

რუსეთის დუმა აფხაზეთის საკითხს 6 მარტს განიხილავს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რუსეთსა და საქართველოს შორის მიმდინარე ე.წ. ცივი ომი ახალ საფეხურზე ადის.

თუ აქამდე რუსეთის მედიის მიზანმიმართული ანტიქართული კამპანია ქართული საზოგადოების შეშფოთებას იწვევდა, ბოლო დღეების მოვლენების შემდეგ ვითარება იცვლება. საქართველოში რუსეთის პოლიტიკური წრეების ქმედებები მხოლოდ, ასე ვთქვათ, ჯანსაღ ცნობისმოყვარეობას იწვევს, “დაშინების” ახალი ხერხების დემონსტრირების თვალსაზრისით.

რუსეთსა და საქართველოს შორის მიმდინარე “ცივი ომი” ახალ ფაზაში შედის. სასიამოვნოა, რომ ამ ეტაპზე ოფიციალური თბილისის პოზიცია გაცილებით მომგებიანად და ღირსეულადაც კი გამოიყურება, იმავე რუსეთის პოლიტიკური წრეების წარმომადგენელთა სასტარტო მდგომარეობასთან შედარებით. კერძოდ: ბოლო ათი წლის მანძილზე საქართველოს ხელისუფლებაზე ზემოქმედების მოსახდენად რუსეთი წარმატებით იყენებდა “ამბოხებული რესპუბლიკების” ფაქტორს. ოფიციალური თბილისის მკვეთრ მოძრაობებს მაშინვე თან სდევდა სიტუაციის გართულება აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთში. დღეს ეს კოზირი რუსეთის ხელში აღარ მუშაობს, რის საუკეთესო დადასტურებად გამოდგება 5 მარტს რუსეთის დუმის ორი კომიტეტის მიერ მიღებული დოკუმენტის პროექტი, სახელწოდებით “საქართველოში სიტუაციის შესახებ, იქ აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის განთავსებასთან დაკავშირებით”, რომელიც ამ დღეებში დასამტკიცებლად დუმას წარედგინება. თუ სულ რაღაც ორი დღის წინათ დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი როგოზინი ირწმუნებოდა, რომ დუმა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას დაუჭერდა მხარს, 5 მარტს შეთანხმებული დადგენილების პროექტი, რბილად რომ ითქვას, სრულიად ალოგიკურად გამოიყურება. დოკუმენტის პროექტში ნათქვამია, რომ “ რუსეთის დუმა შეშფოთებულია პანკისის ხეობიდან საერთაშორისო ტერორისტებისა და ჩეჩენი სეპარატისტების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, აგრეთვე, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადასვლის საფრთხესთან დაკავშირებით. გამომდინარე იქიდან, რომ მოვლენების ამგვარი განვითარება საფრთხეს ქმნის რუსეთის უშუალო სასაზღვრო რეგიონებში, რუსეთის დუმა შესაძლებლად მიიჩნევს ცალმხრივად დამატებითი ზომების მიღებას სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების დასაცავად. ამავე დროს, დუმა მიესალმება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაინტერესებას, რუსეთთან უფრო მჭიდრო კონტაქტების დამყარების თვალსაზრისით, და მიიჩნევს, რომ ასეთი თანამშრომლობა - მათ შორის, უსაფრთხოების საკითხებში - არ ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას.”
დოკუმენტის ამ პროექტში ძალიან ბევრი გაუგებრობაა. ის, რომ რუსეთის ხელისუფლებას სრული უფლება აქვს, დაიცვას საკუთარი სახელმწიფო საზღვრები, არავინ უარყოფს. ისევე, როგორც ვერავინ უარყოფს, რომ, საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე, ვერც აფხაზეთისა და ვერც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო შენაერთები, ყველაზე ჰუმანური მისიის შესასრულებლადაც, უბრალოდ, ვერ შევლენ, რადგან ეს მაშინვე შეფასდება შეიარაღებულ აგრესიად. შესაბამისად, დღეს აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთში სრული სტაბილიზაციის არსებობით დაინტერესებულია სწორედ რუსეთი, რომელსაც აქამდე ტერორიზმთან ბრძოლის თაობაზე საკმაოდ სპეციფიკური წარმოდგენა ჰქონდა.
XS
SM
MD
LG