Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში საავტორო უფლებებს არაფრად აგდებენ


დავით პაიჭაძე, თბილისი რამდენიმე კვირის წინ მსმენელს მოვუთხრობდით ქართულ ენაზე საყმაწვილო ენციკლოპედიის გამოცემის შესახებ, რომელსაც ერთი საჩოთირო გარემოება ახლდა:

აღმოჩნდა, რომ ენციკლოპედიის გამომცემლებმა, საბავშვო ჟურნალ "დილის" რედაქციის წევრებმა, ნებართვის გარეშე ისარგებლეს რამდენიმე უცხოური საბავშვო გამოცემის ილუსტრაციებით და ისინი ქართულ წიგნში შეიტანეს. გამომცემელმა ბაკურ სულაკაურმა ამის თაობაზე პრეს-კონფერენციაც მოაწყო და წარმოადგინა სამი ბრიტანული გამომცემლობის წიგნები, რომელთა სურათები "დილის" ენციკლოპედიის შემდგენლებმა საავტორო უფლებათა დარღვევით გამოიყენეს. ბაკურ სულაკაურს აქვს რწმუნება, იმოქმედოს ბრიტანულ გამომცემლობათა ინტერესების დასაცავად. პრეს-კონფერენციას ბევრი ადამიანი გამოეხმაურა და ყველამ თავისი რისხვა თავს დაატეხა სწორედ ბაკურ სულაკაურს, რომელიც ერთადერთ რამეს – კანონის დაცვას მოითხოვდა.

ჟურნალ “დილის” “საყმაწვილო ენციკლოპედიის” გამომცემლებს ბევრი ქომაგი გამოუჩნდათ. წერილები დაიბეჭდა გაზეთ “ალიაში”, “საქართველოს რესპუბლიკაში”, “სახალხო განათლებასა” და “ლიტერატურულ საქართველოში”, რომელსაც “დილის” მთავარი რედაქტორის დოდო წივწივაძის ძმა, თამაზ წივწივაძე რედაქტორობს. დამცველთა არგუმენტები ლაშქრობის დაწყებამდე იყო ცნობილი; ისინი ხსენებულ პრეს-კონფერენციაზე წინასწარ ჩამოთვალა ბაკურ სულაკაურმა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ოპონენტთა გაქანება ვერ გაითვალისწინა: “გამომცემელი შურმა დააბრმავა და გადარია”, “მათ პატარა მკითხველის ქართული სულის მოწამვლა და მერე ჩაკვლა სურთ”, “ჟურნალ “დილის” ენციკლოპედიის გამოცემა არის უდიდესი ეროვნული საქმე, რომელიც დიდ პასუხისმგებლობასა და გარჯასთან არის დაკავშირებული. ისინი კი ტაძრისკენ მიმავალთ გზაში უსაფრდებიან და ისედაც გოლგოთის სიმძიმის ტოლფას ტვირთს უასკეცებენ”. თქვენ მოისმინეთ რამდენიმე ციტატა “საყმაწვილო ენციკლოპედიის” აპოლოგეტთა წერილებიდან. გარდა ამისა, სულაკაურის ადვოკატს “დილის” რედაქციის ორჯერ დარბევა შესწამეს.

ამ დროს კი საქმე მარტივად არის. როგორც ბაკურ სულაკაური განმარტავს [სულაკაურის ხმა]: “ჩვენი მიზანი არ არის ჟურნალ “დილის” არც დისკრედიტაცია, არც ხელის შეშლა. ჩვენ, უბრალოდ, ვითხოვთ, რომ არამართლზომიერად გამოცემული წიგნები ამოიღონ გაყიდვიდან და თუ ეს არ მოხდება, მივმართავთ სასამართლოს”.

ბაკურ სულაკაური ამბობს, რომ კიდევ შეეცდება, დაარწმუნოს ენციკლოპედიის გამომცემლები, რომ საქმე სერიოზულია და სოლიდური ბრიტანული გამომცემლობა “ასბორნ ფაბლიშინგი” თავისი უფლებების დარღვევას აპროტესტებს. ლონდონიდან ყველა საჭირო და ლეგალური საბუთის მიღების შემდეგ, აცხადებს სულაკაური, [სულაკაურის ხმა]: “წარვუდგენ ამ დოკუმენტებს ჟურნალ “დილას” და შევთავაზებთ, რომ ეს წიგნი აღარ გაიყიდოს. რაც გაიყიდა – კი ბატონო, გაიყიდა, მაგრამ ამის შემდეგ აღარ გამოვიდეს; ან თუ გამოვა, ის ფოტოები, ის საილუსტრაციო მასალა, რომელიც უნებართვოდ არის გამოყენებული, ამოღებულ იქნას. აი, ამ ელემენტარულ რაღაცას ვითხოვთ. თუ ამაზე არ დათანხმდებიან, მხოლოდ მაშინ შევიტანთ სარჩელს და არა მარტო ტირაჟს ამოვაღებინებთ, არამედ მოვითხოვთ ჯარიმის გადახდევინებასაც”.

ბაკურ სულაკაურმა შარშან იყიდა უფლება, ქართულად გამოსცეს ხსენებული ბრიტანული გამომცემლობის საბავშვო წიგნები. ოპონენტებიც სწორედ ამიტომ უკიჟინებენ, რომ მას მხოლოდ საკუთარი ბიზნესი ანაღვლებს. ჩემთან საუბრისას სულაკაურმა თქვა, რომ “დილის” ენციკლოპედიას კონკურენტად არც აღიქვამს, რადგან “საყმაწვილო ენციკლოპედია” და მისი “საბავშვო ენციკლოპედია” სხვადასხვა ასაკის მკითხველზე და, ამდენად, ბაზრის სხვადასხვა სეგმენტზეა გათვლილი. უბრალოდ [სულაკაურის ხმა]: “ის, რაშიც მე გადახდილი მაქვს ფული, მათ აქვთ გამოყენებული უნებართვოდ. აი, ეს არის მთელი მოტივი”.
XS
SM
MD
LG