Accessibility links

logo-print

ქართველი კონფლიქტოლოგის ავსტრიული შთაბეჭდილებები


გიორგი კაკაბაძე, თბილისი შარშან ნოემბერში “მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა” დაამყარა კონტაქტები “სამშვიდობო კვლევებისა და კონფლიქტების გადაწყვეტის ავსტრიის ცენტრთან”.

ამის შემდეგ ავსტრიელი და ქართველი კოლეგები შეთანხმდნენ, რომ ამა წლის მაისში გუდაურში გაიმართება ორკვირიანი სემინარი, სახელწოდებით ”მშვიდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში”. სემინარის პროგრამის დაზუსტების მიზნით, ავსტრიაში ორი კვირა დაჰყო პროექტის ხელმძღვანელმა საქართველოს მხრიდან, კავკასიური ინსტიტუტის წარმომადგენელმა, დავით დარჩიაშვილმა. თუმცა მისი გამგზავრება მხოლოდ გუდაურის სემინარის ორგანიზებით არ შემოიფარგლა.

თავდაპირველად შევეხები გუდაურის სემინარს. მასში მონაწილეობას მიიღებენ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, სამხედრო მოსამსახურეები, საშუალო რანგის დიპლომატები და სახელმწიფო მოხელეები. სულ 30 მონაწილე იქნება. დღეისათვის შემოსულია 60 განაცხადი და სემინარის მონაწილეებს კონკურსის საფუძველზე შეარჩევენ.

დავით დარჩიაშვილი გვამცნობს, რომ გუდაურის სემინარის პირველი კვირის განმავლობაში მონაწილეები შეიძენენ თეორიულ ცოდნას სამშვიდობო მოღვაწეობისა და კონფლიქტების ტრანსფორმაციის შესახებ, შეისწავლიან ამ სფეროსთან დაკავშირებულ ძირითად პრობლემებს.

[დარჩიაშვილი ხმა] “და შემდგომ კონკრეტულ ვითარებაში მოხდება გარკვეული იდეების გენერირება, თუ რა შეიძლება კიდევ გაკეთდეს იმისათვის, რომ პროცესი უფრო აქტიურად დაიძრას იმიტომ, რომ ყველამ ვიცით, რამდენი კონფლიქტია რეგიონში, ყველამ ვიცით ისიც, რომ კონფლიქტების უმრავლესობა, საუკეთესო შემთხვევაში, გაყინულ მდგომარეობაშია, დიდი პროგრესი აქ არ არის და რა შეიძლება პროგრესის მიღწევის თვალსაზრისით კიდევ იქნას მოფიქრებული, აი, ამას დაეთმობა ორი კვირა”.

პროექტის თანადირექტორი აღნიშნავს, რომ, საზოგადოდ, “სამშვიდობო კვლევებისა და კონფლიქტების გადაწყვეტის ავსტრიის ცენტრი” ძალიან აქტიურად მოღვაწეობს მსოფლიოში არსებული კონფლიქტების მოგვარების სფეროში. ახლახან, ცენტრის ინიციატივით, ჩატარდა სემინარი შრი-ლანკის რესპუბლიკის წარმომადგენლებისთვის.

[დარჩიაშვილის ხმა] “შრი-ლანკაში არანაკლებ მწვავე პრობლემები აქვთ, საკმაოდ მსგავსი იმისა, რაც ჩვენთან არის - იქნება ეს სეპარატიზმი, ნაციონალიზმი, პოლიტიკურ ფრაქციებს შორის შეუთანხმებლობა თუ სხვ. - და მათთვის ორი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა მუშაობა და შედეგი ის იყო, რომ რაღაცნაირად იმ პიროვნებებმა, რომლებიც საკმაოდ რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებების მქონე ჯგუფს წარმოადგენდნენ, რაღაც შეხების წერტილები მონახეს, ერთობლივი დოკუმენტიც კი შეადგინეს და, რამდენადაც ჩემთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, ერთობლივი კვლევითი ცენტრი დააფუძნეს, რომელსაც მხარი დაუჭირა შრი-ლანკის მთავრობამ. ის მონაწილეობას მიიღებს იქ მიმდინარე სამშვიდობო პროცესების ხელშეწყობაში”.

ავსტრიაში ყოფნისას დავით დარჩიაშვილი დაესწრო საინტერესო ტრენინგს თემაზე “ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმები და კანონის უზენაესობა”. ტრენინგი მიეძღვნა პოლიციისა და ძალოვანი სტრუქტურების მონიტორინგის პრობლემას. მასში, ძირითადად, მონაწილეობდნენ ეუთოს წარმომადგენლები, თუმცა, გამონაკლისის სახით, ქართველ ექსპერტს სემინარში მონაწილეობის ნება დართეს. მეტიც, ტრენინგის ერთი დღე საქართველოში არსებული პრობლემების განხილვას მიეძღვნა,

[დარჩიაშვილის ხმა] “თუ რა შეიძლება გაკეთდეს საქართველოში კანონის უზენაესობის დამკვიდრებისათვის, როგორ შეიძლება აეწყოს პოლიციისა და საზოგადოების, სხვა ძალოვანი სტრუქტურებისა და მოქალაქეების თანამშრომლობა”.

დაბოლოს, ისევ შევეხები გუდაურის სემინარს. შეგახსენებთ, რომ ორკვირიანი შეკრება, რომელიც მაისში გაიმართება, სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების მოგვარებას მიეძღვნება. ტრენინგების ჩატარებისათვის, ძირითადად, მოწვეულები იქნებიან კავკასიელი ექსპერტები, რომლებიც კარგად იცნობენ სამშვიდობო მოღვაწეობის გამოცდილებას.
XS
SM
MD
LG