Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან კალაძის ოჯახის წევრები აპირებენ უარი თქვან საქართველოს მოქალაქეობაზე


საკმაოდ დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ცნობილი ქართველი ფეხბურთელის კახა კალაძის ძმა ლევან კალაძე დაუდგენელმა ბოროტმოქმედებმა პირდაპირ თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს.

სამართალდამცავების დაპირებას, რომ ყველა ღონეს იხმარდნენ გატაცებულის გასათავისუფლებლად, შედეგი არ მოჰყოლია. ლევან კალაძის ახლობლებმა მის შესახებ თითქმის არაფერი იციან. ისინი საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას აპირებენ.

ლევან კალაძის მძევლობა, ესპანელი ბიზნესმენებისა არ იყოს, საკმაოდ გაჭიანურდა და რატომღაც საზოგადოების ყურადღების მიღმაც დარჩა. მისი გატაცების ფაქტზე საინფორმაციო საშუალებებიც იშვიათად თუ ამახვილებენ ყურადღებას. გასული წლის 23 მაისიდან მოყოლებული, როცა ლევანი ბოროტმოქმედებმა პირდაპირ თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს, ამ საქმის ძიების თვალსაზრისით, არც სამართალდამცავების აქტივობა შეიმჩნეოდა. ყოველ შემთხვევაში,ლევან კალაძის გატაცებასთან დაკავშირებული ახალი დეტალები მათ დღემდე არ გაუხმაურებიათ.

ამ დანაშაულის თაობაზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ელენე თევდორაძეს მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ პანკისელები მასთან საუბრისას ლევან კალაძის ხეობაში ყოფნას უარყოფდნენ. “შესაძლოა, ეს ასეც იყოს, რადგან პანკისელი ავტორიტეტები არაბი ბიზნესმენის პანკისის ხეობაში ყოფნასაც გამორიცხავდნენ. მოგვიანებით დადასტურდა, რომ ისინი მართლები იყვნენო,”- ამბობს ელენე თევდორაძე. ის ერთგვარ გაკვირვებას გამოხატავს იმის გამო, რომ გატაცებულის ახლობლებს მისთვის არც ერთხელ არ მიუმართავთ.

ლევან კალაძის შესაძლო ადგილსამყოფელის შესახებ არაფერს ამბობენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. ამ უწყების პრეს-ცენტრში განმიმარტეს, რომ რაიმეს თქმა მხოლოდ მინისტრთან შეთანხმების შემდეგ არის შესაძლებელი. ვინ იცის, ეს იქნებ რაღაც ახალი დეტალების არსებობაზე მეტყველებდეს. ასეა თუ ისე, ლევან კალაძის ოჯახის წევრებს სამართალდამცავების დაპირებების უკვე აღარ სჯერათ. ლევანის შესახებ მათ თითქმის არაფერი იციან და იმ შემთხვევაში, თუ გატაცებულს 1 მაისამდე ვერ გაათავისუფლებენ, საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას გეგმავენ.

ამავე მიზეზით, საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას აპირებს ლევან კალაძის ძმა კახა კალაძეც. სამართალდამცავების უმოქმედობის შემთხვევაში, კახა კალაძე იძულებული გახდება თხოვნით მიმართოს ფიფას, რათა ამ უკანასკნელმა მას საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მაისურის უკრაინულში გაცვლის ნებართვა მისცეს. როგორც ცნობილია, ფიფას რეგლამენტი კრძალავს ფეხბურთელის ამა თუ იმ ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში შესვლას იმ შემთხვევაში, თუ ის დიდი ხნის მანძილზე სხვა ქვეყნის გუნდში თამაშობდა. “მილანის” ქართველი ლეგიონერი ფიფას გამონაკლისის დაშვების მოთხოვნით მიმართავს და ამით საქართველოში არსებული განუკითხაობისადმი პროტესტს გამოხატავს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ვალერი ჩოლარიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის გაგებით ეკიდება კახა კალაძის მდგომარეობას და ქვეყანაში მართლწესრიგის დამყარების აუცილებლობის მოთხოვნას. მისივე თქმით, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები და მწვრთნელები დამატებით კონსულტაციებს გამართავენ და შეეცდებიან კახა კალაძეს უარი ათქმევინონ საქართველოს მოქალაქეობის უარყოფის განზრახვაზე.

23 მაისს კი ლევან კალაძის გატაცებიდან ზუსტად ერთი წელი შესრულდება და, თუ მანამდე სამართალდამცავები ლევან კალაძის ტყვეობიდან გათავისუფლებას ევრ მიაღწევენ, მისი ოჯახის წევრების პროტესტი საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს იმ განუკითხაობას, რომელიც საქართველოში სუფევს.
XS
SM
MD
LG