Accessibility links

logo-print

თბილისს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა


თბილისის ბუნებრივი აირით მომარაგება ბევრჯერ გამხდარა რუსეთ-საქართველოს შორის პოლიტიკური ვაჭრობის მიზეზი.

რუსეთიდან გაზის მოწოდების ახლანდელი შეწყვეტა თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის გამწვავების პიკს დაემთხვა. თუმცა კი ამგვარი დამთხვევა უფრო ქართული მხარის დამსახურებაა, ვიდრე რუსეთისა.

4 მარტს ფინანსთა სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ ბიუჯეტი შესრულდა და მისი ყველა მუხლი დაფინანსდა. 5 მარტს კი გაირკვა, რომ „თბილგაზს“ რუსეთიდან ბუნებრივი აირის მოწოდება თანხის გადაუხდელობის გამო შეუწყდა. „თბილგაზის“ სუბსიდირება ფინანსთა სამინისტროს უნდა განეხორციელებინა.

თბილგაზის ბუნებრივი აირის მომწოდებელი „საქგაზი“ და „იტერა“ ჯერ კიდევ 2 კვირის წინ აფრთხილებდნენ თბილისის მუნიციპალიტეტს, რომ მოხმარებული ბუნებრივი გაზის იანვრის თვის საფასურია გადასახდელი და თებერვლის თვის საბანკო გარანტიებია წარსადგენი. როგორც წესი, ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ქართული მხარე ჩვეული “პუნქტუალობით” მიუდგა და იანვრის თვის დავალიანების გასტუმრება დღემდე არ დაასრულა.

ცნობილი ფაქტია, რომ თბილისის ბუნებრივი აირის გამანაწილებელი კომპანია ვერ უზრუნველყოფს მოხმარებული გაზის საფასურის სრულად ამოღებას და, შესაბამისად, ვერც მიღებული გაზის ღირებულების სრულად გადახდას ახერხებს. ზამთრის პერიოდში ამ განსხვავების სუბსიდირებას სახელმწიფო ბიუჯეტი ახდენს. ფინანსთა სამინისტრო ჯერ კიდევ გასულ კვირას ირწმუნებოდა, რომ „საქგაზს“ იანვრის თვის დავალიანების დასაფარავად საჭირო თანხა გადაურიცხა. მიუხედავად ამისა, იმ დროს, როდესაც საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტები ალმა-ათაში ურთიერთობებს არკვევდნენ, რუსეთიდან თბილისს ბუნებრივი აირის მოწოდება შეუწყდა.

მას შემდეგ თბილისი გაზის საერთაშორისო კორპორაციის ბუნებრივი აირის მარაგს იყენებდა. 5 მარტს კი ეს მარაგიც ამოიწურა. მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხა ფინანსთა სამინისტრომ თბილისის მიერ მოხმარებული გაზის იანვრის თვის საფასურის დარჩენილი ნაწილის დასაფარი თანხის გამოყოფა. არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ეს თანხა საქგაზის საბანკო ანგარიშზე 5 მარტსვე მოხვდება, თუმცა ეს უკვე საკმარისი აღარაა დედაქალაქის გაზმომარაგების აღსადგენად. „საქგაზის“ ხელმძღვანელობა და მისი რუსი პარტნიორი „იტერა“ „თბილგაზისაგან“ მარტისა და თებერვლის თვეების საფასურის გადახდის საბანკო გარანტიებს მოითხოვს.

5 მარტს ამ თემაზე სპეციალური თათბირი გაიმართა სახელმწიფო მინისტრთან, რასაც მოჰყვა თბილისის მერიასა და სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროში „საქგაზისა“ და „იტერას“ წარმომადგენლებთან კონსულტაციები. საბოლოოდ, შეთანხმება მოხერხდა და თბილისს ბუნებრივი აირის მოწოდება 6 მარტიდან აღუდგება.

არაოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს მხარემ გაზის რუს მომწოდებლებს, მარტისა და თებერვლის თვის საფასურის გადახდის საბანკო გარანტიის ნაცვლად, საქართველოს პრეზიდენტის ფონდის საგარანტიო წინადადება შესთავაზეს.

ასეთ ვალდებულებებს მთავრობა ბოლო თვეების მანძილზე უკვე მერამდენჯერ იღებს. ეს იმ მთავარი მიზეზის გამო, რომ ხელისუფლება სოციალურ დესტაბილიზაციას უფრთხის. თუმცა კი ამ პრობლემის მოგვარება სუბსიდირების გარეშეც შესაძლებელი რომ არის, ამას ექსპერტები წლების მანძილზე ამტკიცებენ. უბრალოდ, საჭიროა დედაქალაქის გაზგამანაწილებელი კომპანიის სწორი მენეჯმენტი და ის მომგებიან საწარმოდაც შეიძლება იქცეს.
XS
SM
MD
LG