Accessibility links

logo-print

საინტერნეტო გამოცემა “იურეიჟა ვიუ” თბილის-ვაშინგტონის სამხედრო თანამშრომლობაზე


მას შემდეგ, რაც ანტიტერორისტულ კამპანიაში თბილის-ვაშინგტონის მჭიდრო თანამშრომლობის ცნობას რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში არნახული რეზონანსი მოჰყვა,

ჩვენ ვცდილობთ, სისტემატურად გაგაცნოთ არა მარტო საქართველოს ჩრდილოელი მეზობლის ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული მასალები, არამედ დასავლეთის პრესაში ამ თემისადმი მიძღვნილი სტატიებიც.

წერილი, რომელზეც არჩევანი დღეს შევაჩერეთ, საინტერნეტო გამოცემა “იურეიჟა ვიუს” 4 მარტის გამოშვებაში გამოქვეყნდა. მისი ავტორი ქართველი გახლავთ – პოლიტოლოგი ჯაბა დევდარიანი.

მისი თქმით, თბილისში მყოფი ამერიკელი სამხედრო მრჩევლები, საქართველოსა და შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მალე დაასრულებენ საწვრთნელი პროგრამის დეტალების შემუშავებას. თანაც, როგორც დიპლომატები, ისე თავდაცვის უწყებათა წარმომადგენლები, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქართველოში განთავსებული ამერიკელი სამხედროების რიცხვი შედარებით მცირე იქნება.

“საქართველოსადმი შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების დეტალები უფრო ნათელი გახდა მას შემდეგ – აღნიშნავს ჯაბა დევდარიანი, – რაც 1 მარტს შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი ტელეფონით ესაუბრა თავის რუს კოლეგას სერგეი ივანოვს. თავდაცვის დეპარტამენტის განცხადების თანახმად, დასასრულს უახლოვდება თანამშრომლობის პირველი ეტაპი, რომელიც მოიცავდა საქართველოსთვის სამხედრო შვეულმფრენების გადაცემას გასული წლის ოქტომბერში, აგრეთვე, ქართველი მფრინავებისა და სახმელეთო დამხმარე პერსონალის წვრთნას. შემდგომი ეტაპი – განაგრძობს ავტორი – უკავშირდება საქართველოს სწრაფი რეაგირების სამსახურის შექმნას; შენაერთისა, რომლის საქმე ანტიტერორისტული ოპერაციების განხორციელება იქნება.”

“იურეიჟა ვიუს” მიმომხილველის თქმით, საქართველოს მხარე ხშირად აღნიშნავს, რომ ვაშინგტონთან თანამშრომლობა გუშინ და დღეს არ დაწყებულა და ამ თანამშრომლობის გააქტიურება არც ერთი სხვა ქვეყნის ინტერესებს არ ეწინააღმდეგება. მეტიც, ზოგი ოფიციალური პირის მტკიცებით, ამერიკელ სამხედრო მრჩეველთა საქართველოში ყოფნა მხოლოდ ერთგვარი გაფართოებაა იმ თანამშრომლობისა, რომელსაც ნატოს პროგრამა “პარტნიორობა მშვიდობისთვის” ითვალისწინებს.

ჯაბა დევდარიანი აღნიშნავს, რომ ზოგი ექსპერტის ვარაუდით, თბილის-ვაშინგტონის სამხედრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაამწვავებს კავკასიაში არსებულ ისედაც მწვავე პოლიტიკურ ვითარებას. განსაკუთრებული შეშფოთების საგნად ხსენებულ თანამშრომლობაზე რუსეთის რეაქცია რჩება. რადგან, მართალია, მოსკოვის ხელისუფლება პირდაპირ არ ეწინააღმდეგება საქართველოში ამერიკელთა ჩასვლას, მაგრამ ამ ნაბიჯის მიმართ დიდ ენთუზიაზმსაც არ ამჟღავნებს.

როგორ აფასებენ ვითარებას საქართველოს რიგითი მოქალაქეები? საზოგადოებრივი აზრის კვლევის ორგანიზაციის, “გორბის”, ბოლო გამოკითხვაზე დაყრდნობით, ამ კითხვაზე პასუხის გაცემას “იურეიჟა ვიუს” ამავე გამოშვებაში ცდილობს ამერიკელი ექსპერტი, “ჰერიტიჯ ფაუნდეიშნის” თანამშრომელი, არიელ კოენი.

გთავაზობთ რამდენიმე საყურადღებო ციფრს 28 თებერვალს ჩატარებული ამ გამოკითხვიდან:

გამოკითხულთა 44 პროცენტის აზრით, პანკისის ხეობაში შექმნილი მძიმე კრიმინოგენული ვითარება დიდწილად საქართველოს ხელისუფალთა კორუმპირებულობის ბრალია. საქართველოს მოქალაქეთა კიდევ უფრო დიდი ნაწილი, დაახლოებით 80 პროცენტი, მიიჩნევს, რომ ქვეყნის სამთავრობო უწყებები კორუმპირებულია. მხოლოდ 21 პროცენტს ჰგონია, რომ პანკისის ხეობაში ჩადენილ ბოროტმოქმედებებში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა ხელიც ურევია.

რაც შეეხება ამერიკელ სამხედროთა უშუალო მონაწილეობას მომავალ ანტიტერორისტულ ოპერაციაში, მას გამოკითხულთა 43,4 პროცენტი უჭერს მხარს. სამაგიეროდ, გაცილებით მეტი – 57,5 პროცენტი – მიესალმება შეერთებული შტატების სამხედრო ექსპერტების მიერ ქართველ ჯარისკაცთა გაწვრთნა-მომზადებას.
XS
SM
MD
LG