Accessibility links

გარემოს დაცვის სპეციალისტი ეკონომიკის კრახს წინასწარმეტყველებს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა დღეს ისევ მარად აქტუალურ თემაზე – ეკოლოგიაზე გესაუბრებით.

გარემოს დაცვის გამოჩენილი სპეციალისტი ლესტერ ბრაუნი მოუწოდებს მსოფლიო პოლიტიკისა და ბიზნესის ლიდერებს, სცნონ ფაქტი, რომ ეკონომიკა მეორადია, ეკოლოგიურ პრობლემებთან შედარებით.

ჩვენი რადიოსთვის მოცემულ ინტერვიუში ბრაუნმა თქვა, რომ თანამედროვე სამყაროს მნიშვნელოვანი ამოცანა აქვს გადასაწყვეტი: ეკონომიკა მან გარემოს დაცვის ამოცანებს უნდა დაუქვემდებაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკას მკვეთრი დაქვეითება და, შესაძლოა, კოლაფსიც ელის. ეკონომიკისა და დედამიწის მოსახლეობის ზრდის ტემპები, უბრალოდ, ამოწურავს ბუნების იმ რესურსებს, ურომლისოდაც ადამიანის არსებობა შეუძლებელია.

თავის უკანასკნელ წიგნში სახელწოდებით: “ეკო-ეკონომიკა: ეკონომიკის შეფარდება დედამიწასთან”, ბრაუნი გამოდის მოწოდებით, კატეგორიულად შეიცვალოს ეკონომიკის ტენდენციები. იგი პარალელს ავლებს ეკონომიკის დღევანდელ სიტუაციასა და გეოცენტრულ თეორიას შორის. ეს თეორია გამეფებული იყო, სანამ პოლონელი ასტრონომი ნიკოლაუს კოპერნიკი დაამტკიცებდა, რომ მსოფლიო ჰელიოცენტრულია, რომ მზე კი არ ბრუნავს დედამიწის გარშემო, არამედ პირიქით.

იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა გადარჩეს, ამბობს ბრაუნი, კაცობრიობამ უნდა გაიაზროს, რომ ეკონომიკა გარემოზეა დამოკიდებული და არა პირიქით.

[ლესტერ ბრაუნის ხმა] “დღეს დაახლოებით იმგვარი სიტუაციაა, როგორიც კოპერნიკამდელ მსოფლიოში იყო. საკითხი ასე დგას: ეკონომიკაა ეკოსისტემის, ანუ გარემოს ნაწილი თუ გარემოა ეკონომიკის ნაწილი? ეკონომისტების უმრავლესობას და, ჩემი აზრით, ბიზნესის ლიდერებსაც გარემო ეკონომიკის ქვესექტორად მიაჩნიათ, მაშინ როცა ეკონომიკა, ფაქტობრივად, “დამაბინძურებელი სექტორია”.

ბრაუნი ამტკიცებს, რომ სიმართლე ეკოლოგისტების მხარეზეა და რომ ეკონომიკა უნდა დაეტიოს ეკოსისტემის მიერ დადგენილ ჩარჩოებში. ამჟამად გლობალური ეკონომიკა სცდება ამ საზღვრებს.

1971 წელს ბრაუნმა დააარსა დედამიწაზე მეთვალყურეობის ინსტიტუტი, რომელიც გარემოს დაცვის გლობალურ პრობლემებს შეისწავლის. დღეს მას აქვს გრძელი სია იმისა, რასაც ის უწოდებს “მზარდ დაძაბულობას” ეკოლოგიასა და ეკონომიკას შორის: ესაა ტყეებით დაფარული ტერიტორიების შემცირება, უდაბნოების გავრცელება ახალ ტერიტორიებზე, თევზის მარაგის შემცირება, ნიადაგის ეროზია, ნახშირორჟანგის დონის ზრდა, ტემპერატურის ზრდა, პოლარული ქუდების დნობა, გამანადგურებელი გრიგალების გახშირება, ცხოველთა სახეობების გაქრობა, წყლისა და ჰაერის დაბინძურება.

ბრაუნი თვლის, რომ ჩვენი ცივილიზაცია ახლა ე.წ. “უძლურების ციკლის მწვერვალზე” იმყოფება, რასაც ისტორიულად ყოველთვის დაქვეითება და განადგურება მოჰყვებოდა ხოლმე. მისი თქმით, ჩვენ ვხერხავთ იმ ტოტს, რომელზეც ვსხედვართ.

“ჩვენი ეკონომიკა ნელ-ნელა ანადგურებს იმ სისტემას, რომელიც მის დასაყრდენს წარმოადგენს. არქეოლოგიური გათხრები აჩვენებს, რომ ადრეული ცივილიზაციები იღუპებოდა, როცა მათი ეკონომიკა ეკოსისტემასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. ამის მაგალითია შუმერები – დღეს სამხრეთი ერაყი, ან მაიას ცივილიზაცია – დღეს გვატემალის სანაპირო ტერიტორია”, ამბობს ბრაუნი.

თავის წიგნში ბრაუნი ხსნის, თუ როგორ დაეცა ეკოლოგიურ მიზეზთა გამო შუმერთა ძველი ცივილიზაცია, მიუხედავად იმისა, რომ სიახლეთა დანერგვაში მას ბადალი არ ჰყავდა. როცა შეუცვალეს მდინარეებს დინების მიმართულება საირიგაციო მიზნებით, შუმერებმა არ გაითვალისწინეს, რომ წყალი აუცილებლად დაიწყებდა ჩაჟონვას სარწყავი მინდვრებიდან. წლების განმავლობაში, მიწისქვეშა წყლის ფენები ამოიწია, აღმოჩნდა ზედაპირიდან რამდენიმე მეტრში და ავნო ფესვების სისტემას. მაშინ შუმერები სხვა, უფრო წყალგამძლე კულტურებზე გადავიდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში მოვლენები განმეორდა, წყალმა ზედაპირს მიაღწია, დაიწყო აორთქლება და ნიადაგის დამარილება. სოფლის მეურნეობა შეუძლებელი გახდა და, როგორც ბრაუნი აღნიშნავს, ერაყის სამხრეთ ნაწილში, სადაც ოდესღაც შუმერთა ცივილიზაცია ჰყვაოდა, მიწები დღემდე უნაყოფოა.

დღევანდელი სინამდვილიდან ბრაუნს მაგალითად ჩინეთის ეკონომიკის სწრაფი განვითარება მოჰყავს – პირობებში, როცა მხედველობაში არ არის მიღებული მოსახლეობის სიმრავლე. 1994 წელს ჩინეთის მთავრობამ დაიწყო საავტომობილო ტრანსპორტის განვითარება. ბრაუნი ამბობს, რომ თუ ჩინელებს, ამერიკელების მსგავსად, გარაჟში ერთი-ორი მანქანა ეყოლებათ, ჩინეთს დასჭირდება იმაზე მეტი ნავთობი, ვიდრე დღეს მთელს მსოფლიოში მოიპოვებენ.

ან თუ ჩინეთი მიაღწევს ქაღალდის მოხმარებაში შეერთებული შტატების დონეს, მას დასჭირდება მსოფლიოში წარმოებული მთელი ქაღალდი.

ბრაუნის სიტყვით, გარემოსადმი უყაირათო მიდგომა საზიანოა არა მარტო ჩინეთისა და ინდოეთის მაგვარი ქვეყნებისთვის, სადაც მოსახლეობა ძალიან სწრაფად მატულობს, არამედ, ფაქტობრივად, განვითარებული ქვეყნებისთვისაც.

ბრაუნი აღნიშნავს, რომ უკვე მოიძებნება ქვეყნები და რეგიონები, სადაც გადაიდგა ახალი, გარემოს შესაძლებლობებზე დამყარებული ნაბიჯები ეკონომიკის მიმართულებით. მაგალითად, დიდი პოტენციალის მქონეა ქარის გამოყენება ელექტროენერგიის წარმოებისთვის, რაც უკვე კეთდება ევროპაში. მაგრამ, ამბობს ბრაუნი, დრო იწურება და ეკოსისტემის გადარჩენა ზოგან უკვე ადამიანის ხელთ აღარ არის.

[ლესტერ ბრაუნის ხმა] “როცა ვსვამთ კითხვას, გვაქვს თუ არა საკმარისი დრო, ან რამდენი დრო დაგვრჩა, უნდა დავაზუსტოთ: რამდენი დრო რისთვის? გვაქვს საკმარისი დრო არალის ზღვის გადასარჩენად? არა, ის მკვდარია. შეგვიძლია ინდოეთის ტროპიკული ტყეების გადარჩენა? ალბათ არა, ამ ტყეებმა ალბათ უკვე მიაღწია წერტილს, რომლიდანაც უკან დასაბრუნებელი გზა მოჭრილია. შესაძლებელია თუ არა გლეტჩერების გადარჩენა შეერთებული შტატების გლეტჩერების ეროვნულ პარკში? ალბათ არა, მათი ნახევარი უკვე დადნა, ხოლო მეორე ნახევარი, როგორც ჩანს, მომავალი 30 წლის განმავლობაში გაქრება. შეგვიძლია თუ არა, მიმართულება შევუცვალოთ ეკოლოგიურ ტენცენციებს, რომელიც ნელ-ნელა ძირს უთხრის გლობალურ ეკონომიკას, ვიდრე მოწმენი გავხდებოდეთ ეკონომიკის დაქვეითებისა და ნგრევისა, როგორც ამას ადგილი ჰქონდა ადრეულ ცივილიზაციებში? ვფიქრობ, შეგვიძლია, მაგრამ ბევრი დრო აღარ დაგვრჩენია.”

ბრაუნი თვლის, რომ ორი გლობალური პრობლემა უნდა გადაიჭრას ჩვენი ეკონომიკის და ე.ი. ცივილიზაციის გადასარჩენად. ესენია ნახშირორჟანგის ემისიის შემცირება და მოსახლეობის ზრდის ტემპის შენელება. თუ გადაიჭრა ეს ორი პრობლემა, მსოფლიოს სხვა ბევრი პრობლემა თავისთავად მოგვარდებაო, ამბობს ლესტერ ბრაუნი. მაგრამ გვაფრთხილებს, რომ თუ დღევანდელი ტენდენციების მიმართულება არ შეიცვლება უახლოეს ხანში, დედამიწის ეკოლოგიურ სისტემას, შესაძლოა, ვეღარაფერი ეშველოს.
XS
SM
MD
LG