Accessibility links

logo-print

საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ეროვნული უმცირესობების მიმართ


სოზარ სუბელიანი, თბილისი ქართულ პრესაში პერიოდულად იმატებს სათაურები, რომლებიც მომავალი ეთნოკონფლიქტების საფრთხეზე ამახვილებს ყურადღებას.

რამდენიმე დღის გაზეთებისთვის თვალის გადავლება საკმარისია, რომ მკითხველი საქართველოს მომავალმა სერიოზულად შეაძრწუნოს. მაგალითისთვის მხოლოდ ორიოდე სათაურს წავიკითხავთ: "სამცხე-ჯავახეთი სომხებმა იყიდეს"; "ქვემო ქართლს საქართველოდან მოწყვეტას უპირებენ"; "მარნეულის სკოლებში მეჩეთები იხსნება"; "სომხური ტერორისტული ორგანიზაცია საქართველოში დაიბადა" და ასე შემდეგ. თუ ყოველივე ამას ინფორმაციის სხვა წყაროებიდან მიღებულ შთაბეჭდილებაც დაემატება, ჩნდება სრულიად ბუნებრივი აგრესია იმ ადამიანებისა და ერების მიმართ, ვინც საქართველოს დაშლა-დაქუცმაცებაზე ფიქრით ათენ-აღამებს და იმ ხელისუფლების მიმართ, ვინც "საკადრისს" ვერ მიუზღვავს ჩვენი ქვეყნის მტერსა და ავისმსურველს.

ახალი ეთნოკონფლიქტების საფრთხე, რასაკვირველია, არსებობს და, შესაბამისად, არსებობს საფრთხე, რომ ამ ეთნოკონფლიქტებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ახალი რღვევა მოჰყვეს. ცხადია ისიც, რომ ეთნოკონფლიქტების გაჩაღების მოსურნე ბევრი მოიძებნება როგორც ქვეყნის გარეთ, ისე მის შიგნით.

საქართველოს ხელისუფლება, ტრადიციულად, დამნაშავეს "გარკვეულ პირებსა" და "გარკვეულ ძალებში" ეძებს. მაგალითად, ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულმა ლევან მამალაძემ სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა რუსი პოლიტიკოსების მუქარას, რომ საქართველოში ამერიკელი ჯარისკაცების შემოსვლას შედეგად საქართველოს დაქუცმაცება მოჰყვება. მისი თქმით, ქვემო ქართლშიც არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, "ეთნიკურ ნიადაგზე გარკვეული მაპროვოცირებელი ტალღა ააგორონ, მაგრამ მათი ვინაობა ცნობილია და ისინი სრულად არიან გაშიფრულნი. რეგიონის ხელისუფლება ყველა ხერხს მიმართავს, რათა აღმოიფხვრას მსგავსი ტენდენციები და ეს პირები სათანადოდ დაისაჯონ".

მიუხედავად ამისა, ეთნიკური ნიადაგზე წარმოშობილი დაძაბულობის მიზეზი გაცილებით ხშირად ხდება საქართველოს ხელისუფლება, ვიდრე ის გარეშე თუ შიდა ძალები, რომლებსაც ასე ხშირად ახსენებენ. და არა იმიტომ, თითქოს ხელისუფლებამ სამცხე-ჯავახეთი სომხებს მიჰყიდა, როგორც ამას ერთი საგაზეთო პუბლიკაცია იტყობინება, არამედ იმ პოლიტიკის გამო, რა პოლიტიკასაც ხელისუფლება საკუთარი მოსახლეობის - როგორც ეთნიკური უმრავლესობის, ისე ეთნიკურ უმცირესობების - მიმართ ატარებს. უბრალოდ, როცა კანონი ვერ კანონობს, ან როცა უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები, უფლებადაჩაგრული მოქალაქეები იქ ეძებენ სამართალს, სადაც დახმარების იმედი აქვთ - ერთნი დასავლეთში და საერთაშორისო ორგანიზაციებში, მეორენი მეზობელ ქვეყნებში და ასე შემდეგ.

მეზობელი ქვეყნების ხელისუფლებაში შემწეობას, ტრადიციულად, ეთნიკური სომხები და აზერბაიჯანელები ეძებენ და, როგორც წესი, იმ შემთხვევაში, როცა სამართალს ადგილზე ვერ პოულობენ. ქვემო ქართლში ერთი ასეთი ტიპური შემთხვევის მაგალითი 2 თებერვალს გადასცა ჟურნალისტურმა გამოძიებამ "60 წუთი", მეორე მსგავსი შემთხვევა კი არასამთავრობო ორგანიზაციამ, "დემოკრატ მესხთა გაერთიანებამ", გაახმაურა.

ხსენებული შემთხვევა ეთნიკური სომხებით დასახლებულ ახალციხის რაიონის სოფელ წყალთბილაში მოხდა. სოფლის მოსახლეობა ამტკიცებს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ახალციხის პოლიციამ წყალთბილელებს თითქმის 50 ათასი დოლარი გამოსძალა - ნაწილი ფულით, ნაწილიც ნატურის, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სახით.

ზოგადად, წყალთბილა ეკონომიურად წელგამართული სოფელია, რადგან მამაკაცთა უმრავლესობა რუსეთის ფედერაციაში მიდის სეზონურ სამუშაოებზე და ამით არჩენს ოჯახს. როგორც ჩანს, პოლიციასაც ეს ხიბლავს, თანაც, სოფლის მოსახლეობა, ისევე, როგორც საქართველოს არაქართველი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ცუდად იცნობს საქართველოს კანონმდებლობას, რაც პოლიციას ფულის გამოძალვის კარგ საშუალებას აძლევს.

ერთი ასეთი შემთხვევა გასული წლის 17 ნოემბერს მოხდა, როცა ახალციხის რაიონის პოლიციის უფროსის მოადგილე ჯემალ გიორგაძე, რამდენიმე პოლიციელის თანხლებით, მარტიროს დარბინიანის ოჯახს მიადგა ჩხრეკის ჩასატარებლად. პოლიციელებს ჩხრეკის ორდერი არ წარუდგენიათ, მაგრამ ოჯახის უფროსმა ისინი მაინც შეუშვა სახლში, რადგან, როგორც თვითონ ამბობს, დარწმუნებული იყო, რომ სახლში საეჭვოს ვერაფერს იპოვიდნენ.

ჩხრეკის დროს პოლიციამ მაკაროვის სისტემის პისტოლეტის ერთი ტყვია და ერთი ხელყუმბარა აღმოაჩინა, რის შემდეგაც, საქმის არაღძვრისთვის, 700 დოლარი მოითხოვა. მარტიროს დარბინიანი ამტკიცებს, რომ ხსენებული საბრძოლო მასალები მის სახლში თავად პოლიციელებმა შეიტანეს, ხოლო როცა მათ ფული მოითხოვეს, დარბინიანმა საშველად მეზობლებს უხმო. პოლიციელებმა მობილური ტელეფონით დამატებითი ძალები გამოიძახეს, წყალთბილელებმა კი მეზობელ სოფლებში აფრინეს შიკრიკები. სიტუაცია დაიძაბა, ხალხმა სოფლიდან გამავალი გზები გადაკეტა, პოლიციელებს მანქანები დაუმტვირია და თავად პოლიციელებსაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

ამ ფაქტის გამო მოსახლეობამ საჩივარი პროკურატურაში შეიტანა, მაგრამ პროკურატურამ საქმის გამოძიება გააჭიანურა. მაშინ წყალთბილელები იძულებული გახდნენ, დახმარება სომხეთში ეძებნათ, სადაც მათ ერთ თანასოფლელს თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტი უკავია. ეს ერთ-ერთი ტიპური შემთხვევაა: როცა ადამიანები სამართალს სახელმწიფოში ვერ პოულობენ, ისინი თავისი უფლებების დაცვას მის მიღმა ცდილობენ - ზოგი უცხოეთში, ზოგი - ქურდულ სამყაროში, ზოგი - სად და ზოგიც - სად.
რაც შეეხება კანონის უზენაესობას, პროკურატურას, 4 თვის განმავლობაში, სხვა რომ არაფერი, ის მაინც უნდა გამოეძიებინა, ვინ და რატომ სცემა პოლიციელები, ან ვინ დაამტვრია მათი ავტომანქანები.
XS
SM
MD
LG