Accessibility links

logo-print

დონორებმა, შესაძლოა, ვალების ნაწილი "გვაპატიონ"


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის 7 ქვეყნისათვის დახმარების ახალი პროგრამის შესაძლებლობები განიხილეს ლონდონში გასულ კვირას გამართულ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ქვეყნების შეხვედრაზე.

ამ ფორუმზე ძირითადი ყურადღება საგარეო ვალების თემას დაეთმო. მსოფლიო ბანკის ინიციატივით, ამ სახელმწიფოებისათვის საგარეო ვალების რესტრუქტურიზაციის პროექტი იქნა შეთავაზებული.

დსთ-ს შვიდი უღარიბესი ქვეყნის (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ყირგიზეთი, მოლდოვა, ტაჯიკეთი და უზბეკეთი) დელეგაციებთან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და დონორი-ქვეყნების წარმომადგენელთა გასულ კვირას გამართული შეხვედრის მთავარი თემა აღნიშნული ქვეყნებისთვის სიღატაკის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის სტრატეგიის რეალიზაციის ფარგლებში მსოფლიო ბანკის ახალი ინიციატივის განხილვა იყო.

ინიციატივა "დსთ-7"-ის საგარეო ვალებს, კერძოდ კი, დავალიანების ე.წ. "ნეაპოლიტანური ვარიანტით" რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობას ითვალისწინებს. ამ ვარიანტის მიხედვით, თანხის მესამედი ჩამოიწერება ან რესტრუქტურიზებული იქნება 23 წლით, 6 წლიანი საგრანტო პერიოდით.
გასულ კვირას დონორებმა მიიღეს გადაწყვეტილება პარიზის კლუბის ეგიდით რესტრუქტურიზაციის პროცედურის ჩატარების შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის თემურ ბასილიას ინფორმაციით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და დონორი-ქვეყნები აპირებენ დახმარების მოცულობის გაზრდას სიღატაკის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის ეროვნულ სტრატეგიათა რეალიზაციის ფარგლებში. ამასთან, დახმარების დიდი ნაწილი გამოიყოფა შეღავათიანი კრედიტებით, რომელიც გრანტის დიდ ნაწილს მოიცავს.
თუმცა, პრეზიდენტის თანაშემწის თქმით, ყველა აღნიშნული ზომა იმოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა შეასრულებს სტრატეგიის რეალიზაციის მსვლელობისას აღებულ ვალდებულებებს.

დღეისათვის საქართველოს საგარეო ვალის მოცულობა 1 მლრდ 590 მლნ 251 ათას დოლარს შეადგენს.

ჩვენი, შედარებით, მსხვილი კრედიტორებია საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, კერძოდ: მსოფლიო ბანკი, რომლისაც საქართველოს 397 მილიონ 794 ათასი დოლარი, ანუ მთლიანი ვალის 25 პროცენტი, ჰმართებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდი - 280 მილიონ 746 ათასი დოლარი (17,65%), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი - 39 მილიონ 399 ათას 619 დოლარი (2,48%). საქართველოს დღეისათვის ევროგაერთიანების 79 მილიონ 550 ათასი დოლარი ვალი აქვს (5%).

რაც შეეხება საქართველოს ცალკეულ კრედიტორ ქვეყნებს, ასეთი 15-ია. მათ შორის უმსხვილესია თურქმენეთი, რომლის 400 მილიონ დოლარამდე გვმართებს და რუსეთი, რომელთან ვალდებულებაც 157 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

დსთ-ს 5 ქვეყნის (სომხეთი, საქართველო, ყირგიზეთი, მოლდოვა, ტაჯიკეთი) საგარეო ვალის მოცულობა მთლიანობაში, დაახლოებით, 6 მილიარდ 657 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს მაჩვენებელი ამ ქვეყნების მშპ-ს 73,5%-ს შეადგენს.

რაც შეეხება საქართველოს, მისი საგარეო ვალი ქვეყნის მშპ-ს 53,71%, ანუ საგრძნობლად ნაკლებია, ვიდრე 5 ქვეყნის საშუალო მაჩვენებელი. თუმცა ეს დამშვიდების საბაბს ნამდვილად არ იძლევა. დღეისათვის, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, საქართველოს საგარეო ვალი 350 დოლარს შეადგენს.
XS
SM
MD
LG