Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და კანადაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი თედო ჯაფარიძე ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ხდება


ნუგზარ საჯაიას შემდეგ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს თედო ჯაფარიძე დაიკავებს.

ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობისთვის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის კანდიდატურაზე არჩევანის შეჩერება მრავლისმეტყველია და, საქართველოს ირგვლივ ბოლო ხანს შექმნილი აჟიოტაჟის ფონზე, საკმაოდ საინტერესოდაც გამოიყურება. თედო ჯაფარიძის უშიშროების საბჭოს მდივნად დაბრუნება შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის გაღრმავების მომასწავებლად განიხილება.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე თედო ჯაფარიძის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებით შევარდნაძემ მოულოდნელი და, ამავდროულად, საინტერესო სვლა გააკეთა. საგარეო საქმეთა მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის შეფასებით, ეს არის სწორედ ის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს პროდასავლური საგარეო კურსის გაძლიერებაზე მეტყველებს.
აქვე შევნიშნავ, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტისთვის შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და კანადაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატურის შერჩევა მოულოდნელი აღმოჩნდა ხელისუფლების წარმომადგენლებისთვისაც. იქიდან გამომდინარე, რომ ასეთ თანამდებობაზე უშიშროების საბჭოში გამოცდილ პირებს აწინაურებენ ხოლმე, იყო მოლოდინი, რომ საჯაიას შემცვლელი უშიშროების საბჭოშივე მოიძებნებოდა. ასე არ მოხდა. სამაგიეროდ, პრეზიდენტმა გადადგა ნაბიჯი, რომელმაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მოლოდინს მეტი დამაჯერებლობა შესძინა.
შეკითხვას: “ნიშნავს თუ არა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტისთვის თედო ჯაფარიძის კანდიდატურის შერჩევა იმას, რომ საქართველოში შეერთებული შტატების გავლენა გაიზრდება?” უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ ასე უპასუხა:

[ვალერი ხაბურძანიას ხმა] “ვნახოთ, ვნახით. რაც კარგია იმის გავლენა უნდა გაიზარდოს.”

თედო ჯაფარიძე დაიბადა 1946 წელს. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, მოგვიანებით, 1992-94 წლებში, - სახელმწიფო მეთაურის თანაშემწე. დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “შეერთებული შტატების პოლიტიკური ინსტიტუტები. თანამშრომლობის პარამეტრები.” არის ავტორი ნაშრომებისა: “თეთრი სახლი: გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები”; “ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ინსტიტუტების ისტორია და თანამედროვე მდგომარეობა.”

როგორც ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და კანადაში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად მუშაობის შემდეგ თედო ჯაფარიძეს სამშობლოში იოლი ცხოვრება არ ელოდება. ასეა თუ ისე, ის მზად არის, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა დაიკავოს, ამ ფაქტს კი ჩვეულებრივ საკადრო ცვლილებად ნამდვილად ვერ მივიჩნევთ. ანალიტიკოსების აზრით, თედო ჯაფარიძეს საწყის ეტაპზე შეიძლება გაუჭირდეს ისეთი ორგანოს ხელმძღვანელობა, რომელიც საქართველოში კადრების სამჭედლოდ იქცა. სამაგიეროდ, მის ხელში ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგია დასავლეთთან და, კერძოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს პარტნიორული ურთიერთობის გამყარებას დაეფუძნება. როგორც სააგენტო” პრაიმ- ნიუსი” სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, თედო ჯაფარიძე გააგრძელებს ეროვნული უშიშროების საბჭოს რეფორმას, რაც შეერთებული შტატების რეკომენდაციების მიხედვით მიმდინარეობდა, და, ამერიკული მოდელის თანახმად, უშიშროების ანალიტიკურ სამსახურად მის გარდაქმნას შეეცდება.
XS
SM
MD
LG