Accessibility links

პრეზიდენტ შევარდნაძეს რუსეთის დეპუტატების განცხადებები არ აინტერესებს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 6 მარტს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ კიდევ ერთხელ გამოთქვა გაკვირვება ბოლო დღეებში რუსეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში დასადგურებული ისტერიული განწყობის მიმართ და განაცხადა,

რომ დიდად არ აინტერესებს რუსი პოლიტიკოსების კომენტარები საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობის თაობაზე. მისივე განცხადებით, იგი კმაყოფილია იმ ურთიერთგაგებით, რაც ალმა-ათის შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტთან იქნა მიღწეული.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოს თემამ რუსეთის საინფორმაციო გამოშვებებში ანტიტერორისტული კოალიციის ავღანური ოპერაციის შესახებ ცნობებიც კი უკანა პლანზე გადასწია. მოულოდნელად რუსეთში აღმოაჩინეს, რომ რუსეთისთვის მეტად მნიშვნელოვანი პრობლემები – იქნება ეს რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობა თუ ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლის იდეის სიცოცხლისუნარიანობა – სწორედ საქართველოში წყდება.

შესაბამისად, პირველი მტკივნეული რეაქციის შემდეგ, ნელ-ნელა იკვეთება საქართველოსთან კონსტრუქციული თანამშრომლობით დაინტერესება. ამ მხრივ, მარტი გამორჩული იყო. 6 მარტს მოსკოვში დაიწყო რუსეთ-საქართველოს ჩარჩო ხელშეკრულების პროექტის ეკონომიკური ბლოკის საექსპერტო ჯგუფის სხდომა. როგორც საინფორმაციო სააგენტო “კავკაზ-პრესს” განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორმა კახა სიხარულიძემ, მუშაობა კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარმატებულად მიმდინარეობს.

6 მარტს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ვლადიმერ რუშაილოსა და რუსეთში საქართველოს ელჩის ზურაბ აბაშიძის შეხვედრის თემა საერთაშორისო უსაფრთხოება და რეგიონში მიმდინარე პროცესები გახლდათ. შეხვედრისას მხარეებმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარება პოზიტიურად შეაფასეს, განიხილეს პანკისის საკითხი და იქ მყოფი ჩეჩენი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივა. ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მისი ვიზიტი რუსეთის უშიშროების საბჭოში პრეზიდენტ შევარდნაძის პირადი დავალებით მოხდა, რათა რუსულ მხარესთან შეთანხმებულიყო ორი ქვეყნის პოზიციები საერთაშორისო და რეგიონული უსაფრხოების საკითხებზე. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, ორი ქვეყნის ურთიერთობებში გადამწყვეტია ალმა-ათის არაფორმალურ შეხვედრაზე პრეზიდენტებს შორის მიღწეული შეთანხმებები.
სწორედ პრეზიდენტ პუტინის ფაქტორის გათვალისწინებით, რუსეთის დუმის დადგენილება “საქართველოში შექმნილი მდგომარეობის თაობაზე, იქ აშშ-ის შეიარაღებული ძალების გამოჩენის შემდეგ” საბოლოოდ არაფრის მთქმელი დოკუმენტი აღმოჩნდა. დოკუმენტი ცალსახად აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. იმ შემთხვევაში კი, თუ გართულდება ქართულ-აფხაზური ან ქართულ-ოსური ურთიერთობები, დუმა უფლებას იტოვებს, საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, ხელი შეუწყოს ამ ორი ამბოხებული რეგიონის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების დემოკრატიულ პროცესს.

არადა, თავად რუსი ექსპერტების განმარტებით, რუსეთის მიერ აფხაზეთის ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ რუსეთს შეექმნება. ასეთი გადაწყვეტილება გამოიწვევს რუსეთის ფედერაციის დაშლის პროცესს, რაც მხოლოდ ჩეჩნეთის გამოყოფით არ დასრულდება. მეტიც – დაქუცმაცება მთელი დსთ-ს მასშტაბით გაგრძელდება, რაც უმართავ პროცესად გადაიქცევა. ეს კი, უპირველესად, სწორედ რუსეთის ხელისუფლებას არ აძლევს ხელს.
XS
SM
MD
LG