Accessibility links

logo-print

ცვლილებები რუსეთის პოლიტიკაში საქართველოში აშშ-ის სამხედრო მრჩევლების ჩასვლასთან დაკავშირებით


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა რუსეთის მთავრობის რეაქცია შეერთებული შტატების გადაწყვეტილებაზე, გაგზავნოს სამხედრო მრჩევლები საქართველოში, ცენტრალურ ევრაზიაში მოსკოვის გეოპოლიტიკური როლის მნიშვნელოვან ცვლილებაზე მიუთითებს.

ზოგიერთი მოსკოველი მიმომხილველის აზრით, ეს ევრაზიაში რუსეთის, როგორც სიმძიმის ცენტრის, გაუქმებას მოასწავებს.

ამ სიტუაციას დაწვრილებით განიხილავს ჟურნალისტი იგორ ტორბაკოვი საინტერნეტო გამოცემა “იურეიჟა ვიუს” 6 მარტის ნომერში.

ავტორს მოჰყავს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრესაში მრავალჯერ ციტირებული სიტყვები, რომ საქართველოს, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას, აქვს უფლება, როგორც სურს, ისე დაიცვას თავი. პუტინმა თქვა აგრეთვე, რომ რუსეთი მხარს დაუჭერს ანტიტერორისტულ ოპერაციებს საქართველოში, “სულერთია ვისი მონაწილეობით, იქნებიან ეს ჩვენი ამერიკელი თუ ევროპელი პარტნიორები თუ ჩვენი ქართველი კოლეგებიო.”

ამ განცხადებების შედეგად, ზოგიერთმა კომენეტატორმა მოსკოვში წამოჭრა კითხვა: ხომ არ მოძველდა ტერმინები “პოსტსაბჭოთა სივრცე” და ”ყოფილი საბჭოთა კავშირი”? პოლიტიკური მიმომხილველი ვიტალი პორტნიკოვი თვლის, რომ საქართველოს კრიზისის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი არის “პოსტსაბჭოთა სივრცის”, როგორც გეოპოლიტიკური ფაქტორის გაქრობა”.

11 სექტემბრის შემდეგ, ახალ გლობალურ კონფიგურაციაში, რუსეთი გამოიყურება, როგორც დიდი სახელმწიფო, გარშემორტყმული დასავლეთის გავლენის სფეროთი და, თუმცა თამაშობს ამ ვითარებაში მნიშვნელოვან როლს, უკანასკნელი სიტყვა მას არ ეკუთვნის, წერს პორტნიკოვი გაზეთ “ვედომოსტიში”.

რეგიონული მიმომხილველების თქმით, ბოლო დრომდე ევრაზიის ქვეყნების უმრავლესობა რუსეთზე ორიენტირებული იყო არა ნოსტალგიური სენტიმენტების გამო, არამედ იმიტომ, რომ რუსეთი მართლაც ძირითად ძალას წარმოადგენდა.

ახალ საერთაშორისო გეოკონფიგურაციაში გაიზარდა შუა აზიისა და რუსეთის სამხრეთით მდებარე რეგიონების როლი, რამაც წარმოაჩინა უზარმაზარი განსხვავება რუსეთისა და დასავლეთის შესაძლებლობებს შორის. მაშინ, როცა ამერიკა თავის ახალ პარტნიორებს შუა აზიასა და, ბოლო დროს, კავკასიაში, უსაფრთხოებასა და უხვ ფინანსურ დახმარებას სთავაზობს, ერთადერთი რამ, რისი შეთავაზება შეუძლია მოსკოვს თავისი ყოფილი კოლონიებისთვის, არის “სამუდამო მეგობრობა.” ადვილი წარმოსადგენია, რას არჩევენ რუსეთის მეზობლები.

კრემლის ზოგიერთი მრჩეველი, განსაკუთრებით იმათი რიცხვიდან, ვინც მიესამლება რუსეთის საერთაშორისო იმიჯის შეცვლას, თვლის, რომ მოსკოვი მხოლოდ იხეირებს საქართველოში შეერთებული შტატების მცირერიცხოვანი სამხედრო კონტინგენტის ჩასვლით.

“ჩვენს მტრებზე ამერიკელების ყოველი დარტყმა გააძლიერებს ჩვენს უსაფრთხოებას, დაზოგავს ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლეს და მოგვაგებინებს დროს გადასაჯგუფებლად,” ამბობს “ეფექტიანი პოლიტიკის ფონდის” დირექტორი გლებ პავლოვსკი. მისი სიტყვით, “ეს უპირატესობა დაუყოვნებლივ უნდა იქნეს კონვერტირებული შესაბამის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში.”

გააზრებული აქვს რა ქვეყნის სამხედრო და ეკონომიკური სისუსტე, და აგრეთვე ის, რომ რუსეთი ვეღარ აჰყვება თავისი ისტორიული წინამორბედის – საბჭოთა კავშირის აგრესიულ ინსტინქტებს, პუტინმა, პრაგმატულმა პოლიტიკოსმა, იცის თავისი შესაძლებლობების ზღვარი, ამბობს შეერთებული შტატებისა და კანადის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ვიქტორ კრემენიუკი, კომენტარს უკეთებს რა რუსეთის პრეზიდენტის თავშეკავებულ პოზიციას საქართველოში ამერიკელების ყოფნის თაობაზე.

“ის არ დაუშვებს, რომ ზოგიერთმა გამაღიზიანებელმა პოლიტიკურმა ეპიზოდმა გააფუჭოს შეერთებულ შტატებთან კეთილი ურთიერთობები”, ამბობს კრემენიუკი.

მიუხედავად ამისა, ზოგიერთი რუსი ექსპერტი, პუტინის მომხრეთა რიცხვიდანაც კი, უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ამერიკის ანტიტერორისტულ კამპანიაში მხარდაჭერის სანაცვლოდ რუსეთმა ვერ მიიღო ვერც სტრატეგიული და ვერც ეკონომიკური ანაზღაურება.

კავკასიაში, აღნიშნავენ რეგიონული მიმომხილველები, მოსკოვი ერთმანეთთან დაკავშირებულ ორ სტრატეგიულ მიზანს ისახავს: კასპიის ნავთობის ტრანზიტის დაცვასა და ჩეჩნეთში სეპარატისტული მოძრაობის ჩახშობას. და ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ორივე ეს მიზანი საფრთხეში აღმოჩნდება ამერიკელების საქართველოში ჩასვლის გამო.

“საქართველომ უგულებელყო ჩვენი ანალოგიური წინადადებები, რაც მიუთითებს, რომ ბრძოლა მილსადენისთვის ჩვენ წავაგეთ”, წერს გაზეთ “კომსომოლსკაია პრავდაში” სერგეი ჩუგაევი. მისი თქმით, ეს არა მხოლოდ მილიარდობით დოლარის დაკარგვას ნიშნავს, არამედ ჩეჩნეთის ომისა და მასში გაღებული მსხვერპლის უაზრობასაც ამტკიცებს.

ზოგიერთი მოსკოველი ექსპერტი აღნიშნავს, რომ რუსეთს მის სუსტ პოზიციაშიც კი, საქართველოს შემთხვევაში, შეუძლია თავისი პოლიტიკური მოკავშირეები – სეპარატისტული აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი გამოიყენოს.

მაგრამ, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ გააფრთხილა მოსკოვი, თუ ის გადადგამს რაიმე ნაბიჯს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მიმართულებით, ეს თვით რუსეთის დეზინტეგრაციის დასაწყისი იქნება.
XS
SM
MD
LG