Accessibility links

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიურომ გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოს სახელმწიფოებში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ,

რომელიც შარშანდელ, 2001 წელს შეეხება. წინა გადაცემაში ჩვენ ამ დოკუმენტის ზოგადი მიმოხილვა შემოგთავაზეთ, დღეს კი იმ ნაწილზე საუბარს დავიწყებთ, რომელიც საქართველოს ეხება.

ანგარიში ზოგადი სურათის აღწერით იწყება და მასში ქვეყნის პანორამული პორტრეტია ნაჩვენები. ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოში ბოლო არჩევნები, საპრეზიდენტოც და საპარლამენტოც, დარღვევებით ჩატარდა, დარღვებით, რომლებიც უხეში იყო და რომლებიც საერთაშორისო მეთვალყურეებისა და ადგილობრივი ექსპერტების მიერ იქნა აღიარებული. ამასთან, ანგარიშში საქართველოს მახასიათებელ მთავარ შტრიხად წარმოდგენილია ფაქტი, რომ ხელისუფლება ვერ აკონტროლებს რამდენიმე საკმაოდ დიდ რეგიონს: აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს.

ამ რეგიონებიდან გაძევებული მოსახლეობა, იძულებით ადგილნაცვალი პირები, ისევე, როგორც მეზობელი ჩეჩნეთიდან საქართველოში გადასული ლტოლვილები, ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, ასევე ხელს უშლიან ქვეყნის სტაბილურობას.

იქვე ნათქვამია, რომ საქართველოში კანონის გატარება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის საქმეა, მათთან ერთად სერიოზულ როლს თამაშობს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროც.

საქართველოს საერთო შიდა პროდუქტი 2001 წლის პირველ ნახევარში 5 პროცენტზე მეტით გაიზარდა და 3,8 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც ერთ სულ მოსახლეზე 666 ლარს უდრის. მოსახლეობის ნახევარზე მეტი, ამავე ინფორმაციით, სიღატაკის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.

ანგარიშის ავტორები შემდეგ წერენ, რომ საქართველოს შესახებ მონაცემები ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, ბოლო პერიოდში გაუარესდა; მთლიანობაში, ზემოთ ხსენებული არჩევნების დროს დარღვევების გამო არჩეულ იქნა ხელისუფლება, რომლის შეცვლა ხალხისთვის მიუწვდომელი შეიქნა. ანგარიშის თანახმად, კორუმპირებულია სახელისუფლო უწყებები, ძირითად სამართალდამცავი ორგანოები.

გაუარესდა ვითარება ციხეებში, იქ არაერთი პატიმარი გარდაიცვალა. ფულისა და ჩვენების გამოძალვის მიზნით პატიმრების წამების არაერთი ფაქტია ცნობილი ანგარიშის ავტორებისთვის. რაც შეეხება პრესას, ის, პრინციპში, თავისუფალი დარჩა, თუ არ ჩავთვლით ჟურნალისტების მიმართ მუქარას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის დაკვირვებით, საქართველოში მძიმე მდგომარეობაში არიან რელიგიური უმცირეოსობანი, რომელთა მიმართ, რელიგიურ მოწინააღმდეგეებზე რომ არაფერი ვთქვათ, არც სახელმწიფო იჩენს შემწყნარებლობას.

საქართველოში ადამიანის უფლებების დარღევის აღწერისას, პირველ ქვეთავს ანგარიში ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას უძღვნის. ჩამოთვლილია ანტონიო რუსოს, თემურ მიქიას, გიორგი სანაიას, ასევე გაეროს მეთვალყურეთა ჯგუფის შემთხვევები. ისინი სხვადასხვა გარემოებაში დაიღუპნენ და მათი მკვლელობის საქმეები ან არ არის გარკვეული, ან კიდევ საბოლოოდ არ არის გამოძიებული.

ანგარიშის ავტორები, საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს – საქართველოში ადამიანების უკვალოდ გაქრობას ეხებიან და აცხადებენ, რომ ესპანელი ბიზნესმენების საქმე იქნება თუ პეტრე ცისკარიშვილისა, მათი გატაცების უკან მდგომი პირების დადგენა არ ხდება.

შემდგომი ქვეთავი საპატიმროებში მდგომარეობას შეეხება. ამ მხრივ საქართველო ვერც ადრე დაიკვეხნიდა და 2001 წლის ანგარიშშიც არაფერია დამაიმედებელი. ფულის გამოძალვის მიზნით ან კიდევ ჩვენების მიღების გამო საქართველოში პატიმრებს აწამებენ, აწამებენ უკიდურესი ფორმით – ელექტროშოკით, სცემენ უმოწყალოდ. აქ ვკითხულობთ თბილისში დაჭერილი ვინმე რომანოვის შემთხვევაზე, როცა მას ბოთლით გაუპატიურებით ემუქრებოდენენ, თუ არ აღიარებდა ჩვენებას, რომელიც პოლიციელებს სჭირდებოდათ.

პოლიციელების მიერ პატიმართან მისული ადვოკატის ცემის ფაქტიც ცნობილია ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის ავტორებისთვის; ისევე, როგორც პრეზიდენტ შევარდნაძეზე თავდასხმის თუ სახელმწიფო შეთქმულების მცდელობის მოწყობაში ეჭვმიტანილთა საპატიმროებში წამების ფაქტები.

ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის საქართველოსადმი მიძღვნილი თავი იხ. შემდეგ მისამართზე:


http://www.state.gov/g/drl/rls/hrrpt/2001/eur/8256.htm
XS
SM
MD
LG