Accessibility links

რას მოასწავებს ტარიფების ზრდა შეერთებულ შტატებში შეტანილ ფოლადზე?


უკვე მრავალი წელია, შეერთებული შტატები ცდილობს, ხელი ააღებინოს ევროპის კავშირს იმ პროტექციონისტულ პოლიტიკაზე, რომელსაც ეს უკანასკნელი სოფლის მეურნეობის სფეროში მიმართავს.

ახლა ვაშინგტონი, ანალოგიური ბრალდებით, თვითონ მოექცა კრიტიკის ქარ-ცეცხლში; თანაც, კრიტიკოსები ვაშინგტონის უახლოეს მოკავშირეთა შორისაც მრავლად არიან. კონკრეტულად რას უკავშირდება მათი კრიტიკა?

რუსეთმა, უკრაინამ, იაპონიამ, ჩინეთმა, სამხრეთმა კორეამ, ტაივანმა, ავსტრალიამ, ახალმა ზელანდიამ და ევროპის კავშირის რამდენიმე ქვეყანამ სერიოზული უკმაყოფილება გამოთქვეს შეერთებული შტატების გადაწყვეტილების გამო, მნიშვნელოვნად გაზარდოს ტარიფები ფოლადის იმპორტზე.

პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თავისი ადმინისტრაციის ეს ნაბიჯი იმით ახსნა, რომ ამერიკის ბაზარი წალეკა უცხოეთიდან შეტანილმა იაფმა ფოლადმა, რასაც შედეგად ფასების ე.წ. “დამპინგი” მოჰყვება. გაზრდილი ტარიფების სამწლიანი რეჟიმი კი, როგორც პრეზიდენტმა განმარტა, რესტრუქტურიზების საშუალებას მისცემს შეერთებული შტატების დასუსტებულ ფოლადის ინდუსტრიას და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მეფოლადეებს 100 000-მდე სამუშაო ადგილს გადაურჩენს.

მაგრამ აშშ-ის სავაჭრო პარტნიორების აზრით, ვაშინგტონის ნაბიჯი სხვა არაფერია, თუ არა პროტექციონიზმი. ზოგიერთი იმასაც კი ამტკიცებს, რომ ტარიფების გაზრდით შეერთებულმა შტატებმა თავის მოკავშირეებს ომი გამოუცხადა.

ვაშინგტონის მიმართ გამოთქმული კრიტიკა ოთხშაბათს მოკლედ შეაჯამა ევროპის კავშირის ვაჭრობის კომისარმა პასკალ ლამიმ: [პასკალ ლამის ხმა] “ამერიკის გადაწყვეტილება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელსაც არავითარი სამართლებრივი ან ეკონომიკური საფუძველი არა აქვს. სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს გადაწყვეტილება პირდაპირ ეწინააღმდეგება ფოლადის ეროვნული ბაზრის დაცვის შესახებ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესებს, რომელთა თანახმად, ასეთი ზომების მიღება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ იმპორტის მოცულობა გაიზარდა. შეერთებული შტატების შემთხვევაში კი საქმე ასე არ არის.”

პასკალ ლამიმ დასძინა, რომ ევროპის კავშირი აპირებს, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გააპროტესტოს ვაშინგტონის გადაწყვეტილება, რომელიც ტარიფების ზრდის შემდეგ გრაფიკს ითვალისწინებს: 30 პროცენტი რეჟიმის მოქმედების პირველ წელს, 24 პროცენტი – მეორე წელს და 18 პროცენტი – მესამე წელს.

თუმცა, ტარიფების ზრდა ფოლადის მწარმოებელ ყველა ქვეყანას როდი შეეხება. მაგალითად, მექსიკისა და კანადისთვის, როგორც ჩრდილოეთი ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების წევრი ქვეყნებისთვის, ახალი რეჟიმის შემოღებით არაფერი შეიცვლება. გარდა ამისა, ტარიფების გაზრდასთან ერთად ვაშინგტონმა დააწესა რამდენიმე შეღავათი, რომლითაც სხვებზე მეტად რუსეთი იხეირებს.

ალბათ სწორედ ამით უნდა აიხსნას ვაშინგტონის ნაბიჯზე მოსკოვის შედარებით რბილი რეაქცია. რეაქცია კი, თუ პრემიერ-მინისტრ მიხაილ კასიანოვის განცხადებით ვიმსჯელებთ, მართლაც რბილი იყო: [მიხაილ კასიანოვის ხმა] “ეს ნაბიჯი არ უნდა განვიხილოთ, როგორც სავაჭრო ომის გამოცხადება რომელიმე კონკრეტული ქვეყნის წინააღმდეგ. ეს ყველა ქვეყანას, ყველა ექსპორტიორს ერთნაირად ეხება. ეს ნებისმიერი სახელმწიფოს უფლებაა. ასეთი სიტუაცია რუსეთის ფედერაციაში რომელიმე ნაწარმის იმპორტთან დაკავშირებით რომ წარმოშობილიყო და საფრთხე შეჰქმნოდა ამა თუ იმ დარგის არსებობას, გამორიცხული არ არის, ჩვენც მსგავსი ნაბიჯი გადაგვედგა. ამიტომ, ამ საკითხს სრულიად განყენებულად განვიხილავ. მიუხედავად ამისა, როგორც უკვე აღვნიშნე, ამ ზომის ნეგატიური შედეგი აშკარაა.”

ცხადია, კასიანოვის ეს სიტყვები შეიძლება ისეც გავიგოთ, რომ მოსკოვი ვაშინგტონს ეუბნება: ნუ გაგიკვირდებათ, თუ საიმპორტო ტარიფებს ადრე თუ გვიან ჩვენც გავზრდითო.

ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდით, რუსეთმა, შესაძლოა, საპასუხო ნაბიჯი გადადგას და ტარიფები გაზარდოს ფრინველის ხორცის იმპორტზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ შეერთებული შტატებისთვის ამ დარგში სწორედ რუსეთია უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი, გამორიცხული არ არის, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის სფეროში ომის გაჩაღების მოწმენი გავხდეთ.
XS
SM
MD
LG