Accessibility links

logo-print

ედუარდ შევარდნაძის მეორედ მოსვლის 10 წლისთავი


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 10 წლის წინათ, 1992 წლის 7 მარტს, საქართველოში ედუარდ შევარდნაძის დაბრუნებას ქართული საზოგადოება ერთგვაროვნად არ შეხვედრია.

საზოგადოების საკმაოდ დიდი ჯგუფი შევარდნაძის საქართველოში დაბრუნებას დიდ იმედებს უკავშირებდა. მეორე, ასევე საკმაოდ დიდი ჯგუფი, პირიქით, შევარდნაძის საქართველოში დაბრუნების შემდეგ ქვეყნის დამოუკიდებლობას დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა. ათი წლის თავზე შეიძლება ითქვას, რომ ოპტიმისტებიც და პესიმისტებიც ერთნაირად ცდებოდნენ.

ედუარდ შევარდნაძის საქართველოში დაბრუნების 10 წლის თავზე შეიძლება ითქვას, რომ, მის ფიგურასთან დაკავშირებული, არც იმედები გამართლდა და არც სკეფსისი. საქართველო რამდენიმე წელიწადში არც შვეიცარიის დონის ქვეყნად იქცა, როგორც ამას 1992 წლის მარტში ედუარდ შევარდნაძის გულმხურვალე მომხრეები ამტკიცებდნენ, და არც რუსეთის შემადგენლობაში შევიდა პროვინციის სტატუსით, როგორ პროგნოზსაც ედუარდ შევარდნაძის შეურიგებელი მოწინააღმდეგეები აკეთებდნენ.

რამდენიმე წლის წინათ პრეზიდენტმა შევარდნაძემ საქართველოში დაბრუნება ადუღებულ კუპრში ჩავარდნას შეადარა და, გულახდილად რომ ითქვას, არ გადაუჭარბებია. თუმცა, მეორე მხრივ, ალბათ,ბევრი პოლიტიკოსი ვერ დაიტრაბახებს ისეთ საინტერესო და მნიშვნელოვან მოვლენებში მონაწილეობას, როგორიც ამ 10 წლის განმავლობაში ედუარდ შევარდნაძეს არგუნა ბედმა.

ამ 10 წლის მანძილზე დამტკიცდა, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრობისას დასავლელი ჟურნალისტების მიერ შერქმეული მეტსახელი “თეთრი მელა” სრულიად გამართლებულია. საქართველოში დაბრუნებულმა შევარდნაძემ ოსტატურად შეძლო არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით ვითარების თავის სასარგებლოდ შეცვლა, არამედ პატარა საქართველოს დიდ გეოპოლიტიკურ თამაშებში წარმატებით ჩართვაც. ამბიციაგაჩენილი ქვეყნის ამბიციური პრეზიდენტის, ასე ვთქვათ, თავის ადგილზე დასაყენებლად სხვადასხვა მეთოდი იქნა გამოყენებული - დაწყებული სეპარატისტული მოძრაობების აშკარა მხარდაჭერითა და ქვეყნის ეკონომიკური ბლოკადით დამთავრებული. იყო ფიზიკური ლიკვიდაციის ოპერაციებიც და ქვეყანაში მორიგი არეულობის გამოწვევის მცდელობებიც. ამ 10 წლის განმავლობაში ხშირად იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ შევარდნაძის მმართველობა უკანასკნელ დღეებს ითვლის, თუმცა თითქმის ყველა კრიზისს “თეთრი მელა” თავის სასარგებლოდ იყენებდა და პოზიციებს იძლიერებდა. ამის მაგალითად თუნდაც ბოლო – ნოემბრის კრიზისი გამოდგება, როცა მრავალათასიანი მიტინგი პარლამენტის შენობის წინ არა მხოლოდ მთავრობის, არამედ პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომას მოითხოვდა. იმ მოვლენებიდან 3 თვის თავზე, როცა საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების დაუფარავი ინტერესის ქვეშ მოექცა, პრეზიდენტ შევარდნაძის პოზიციები ისეთი ძლიერია, როგორიც არასოდეს ყოფილა მანამდე. დღეს მის წინააღმდეგ გამოსვლა, რაც არ უნდა სამართლიანი და საფუძვლიანი იყოს, მაშინვე ანტიამერიკულ და პრორუსულ პოლიტიკად შეფასდება. სხვა საკითხია, როგორ გამოიყენებს პრეზიდენტი შევარდნაძე ძალაუფლების ამ კარტბლანშს ქვეყნის შიგნით არსებული უამრავი პრობლემის მოსაგვარებლად.
XS
SM
MD
LG