Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ცვლილებებია მოსალოდნელი აღმასრულებელ ხელისუფლებაში


ედუარდ შევარდნაძემ მინისტრთა კაბინეტის შემოღების ინიციატივა გვერდზე გადადო და აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურული რეორგანიზაციის ინიციატივა მოიწონა.

ეს ინიციატივა 6 მარტის მთავრობის სხდომაზე ანტიკორუფციული საბჭოს მდივანს მირიან გოგიაშვილს უნდა წარმოედგინა, მაგრამ საკითხის განხილვა დროებით გადაიდო. როგორც ჩანს, სამინისტროებისა და დეპარტამენტების შემცირების სქემას ჯერ ეროვნული უშიშროების საბჭო განიხილავს.

ედუარდ შევარდნაძე იზიარებს აზრს, რომ სახელმწიფო მოხელეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შესამცირებელი. ამდენად, ანტიკორუფციული საბჭოს მდივანი მირიან გოგიაშვილიც იტოვებს იმედს, რომ სამინისტროებისა და დეპარტამენტების შემცირების გეგმას წინ ვერაფერი დაუდგება.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “სადღაც ვეთანხმები მირიან გოგიაშვილს, რომელსაც აქვს სერიოზული მოსაზრებები, თუ როგორ უნდა შემცირდეს შტატები. შტატები შემცირდება და შემცირებული ხალხის მიერ გამონთავისუფლებული ხელფასები დაურიგდება იმათ, ვინც კარგად იმუშავებს. კანცელარიაში ძალიან ბევრი ხალხია, სამინისტროებშიც ბევრი ხალხია, დეპარტამენტებშიც ბევრი ხალხია. ლამის ნახევარ საქართველოს სახელმწიფო მოხელეები შეადგენენ, რომლებიც არავითარ პროდუქციას არ ქმნიან და არც საკუთარ მოვალეობას ასრულებენ.”


საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება 18 სამინისტროსგან, 2 სახელმწიფო ინსპექციისგან და 18 სახელმწიფო დეპარტამენტისგან შედგება. ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭო კი სამინისტროების რაოდენობის 10 – ამდე, სახელწმიფო დეპარტამენტების კი 7 – ამდე შემცირების ინიციატივით გამოდის.
კერძოდ, ეს ინიციატივა ითვალისწინებს 4 სუბიექტიან ეკონომიკურ ბლოკს. ანუ რჩება ფინანსთა სამინისტრო, რომელსაც საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო უნდა შეუერთდეს და რჩება ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბაზაზე იქმნება სოციალური დაცვის სამინისტრო და ამ უკანასკნელში რამდენიმე დეპარტამენტი ერთიანდება. საუბარია განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაერთიანებაზეც. რაც შეეხება ძალოვან სტრუქტურებს, ანტიკორუფციული საბჭოს წინადადებით, უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები სახელმწიფო დეპარტამენტებად უნდა გარდაიქმნას. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს გარკვეული ფუნქციები განსაკუთრებულ საქმეთა სამინისტროს უნდა გადაეცეს. განსაკუთრებულ საქმეთა სამინისტრო კი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უნდა შეუერთდეს.

საინტერესოა გამოძიების სახელმწიფო დეპარტამენტის შექმნის წინადადებაც, რომლის მიხედვით ახალმა ორგანომ შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროების და პროკურატურის საგამოძიებო ფუნქციები უნდა შეითავსოს. ძალიან მოკლედ, ასეთია ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს გეგმა და მას ოპონენტები უკვე გამოუჩნდნენ. მაგალითად, საგადასახადო შემოსავლების მინისტრი ლევან ძნელაძე, რომლის აზრით, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გაუქმება და მისი ფუნქციების ფინანსთა სამინისტროსთვის გადაცემა გაუმართლებელი იქნება. მსგავსი მოსაზრებების არსებობის მიუხედავად, მირიან გოგიაშვილი დარწმუნებულია, რომ ზემოხსენებული სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება სავსებით რეალურია.

[მირიან გოგიაშვილის ხმა] “ ეს არის სავსებით რეალური. ახალი ბიუჯეტი უნდა დაიგეგმოს ახალი შემცირებული სტრუქტურების გათვალისწინებით. ისე, რომ გამონთავისუფლებულებს დაურიგდეთ სარგო, როგორც ამას “შრომის კოდექსი” მოითხოვს. სამინისტროების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება, შემცირებული სამინისტროების ახალი სტრუქტურებით დუბლირება არ მოხდება და ყველა საკითხთან დაკავშირებით გვეყოლება ერთიანი პასუხისმგებელი.”

გოგიაშვილი შეერთებულ შტატებში მიემგზავრება, - აღმასრულებელ ხელისუფლებაში გასატარებელ ცვლილებებთან დაკავშირებით შემუშავებული მოსაზრებები მან ამერიკელ ექსპერტებს უნდა გააცნოს. ამის შემდეგ საკითხს, ალბათ, ეროვნული უშიშროების საბჭო განიხილავს და, თუ პროექტი მოწონებულ იქნება, ჯერი პარლამენტზე მიდგება. ასე რომ, ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს პროექტს წინ ფილტრაციის წინააღმდეგობრივი პროცესი ელის, პრეზიდენტი კი, ვინ იცის, მერამდენჯერ უმეორებს საკუთარ მინისტრებს, რომ ახლა წესრიგის დამყარების დროა.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “სამინისტროები ხართ, გაქვთ უზარმაზარი უფლებები და გამოიყენეთ ეს უფლებები. მოვიდა დრო, ქვეყანაში წესრიგი იყოს. წუხელ ერთი ქალი მეუბნებოდა, “დაარტყი ხელიო”, და ვუპასუხე: “სამოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული, იმდენს ვურტყამ, ტყავი გამისქელდა-მეთქი”. აი, თქვენ ძალიან რბილი ხელები გაქვთ, ჰოდა, დაარტყით, მოითხოვეთ, მოხსენით.”
XS
SM
MD
LG