Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ანტიტერორისტული ოპერაციის შესაძლო სამიზნეები


ამერიკის შეერთებული შტატების განზრახვა, საქართველოს თავდაცვის უწყებას დაეხმაროს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისუნარიანობის ამაღლებაში, საზოგადოებაში აღქმულ იქნა,

როგორც სამხედრო ოპერაციის მზადება პანკისის ხეობაში დაბანაკებული კრიმინალების გასანადგურებლად. თუმცა მოვლენების განვითარება იმ ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ ანტიტერორისტული ოპერაცია წესრიგის დამყარებას, შეიძლება, მიზნად ისახავდეს არამარტო პანკისის ხეობაში.

რუსეთის სახელმწიფო მოხელეებმა და მძლავრმა საინფორმაციო მანქანამ სულ რამდენიმე დღეში შეძლეს პანკისის ხეობა ბინ ლადენის მოკავშირეთა ბუდედ და ჩეჩენ მებრძოლთა საწვრთნელ ბაზად გაესაღებინათ. საქართველოს ხელისუფლებას კი სერიოზულად ერთხელაც არ უცდია ტერორისტების მფარველობასა და ხელშეწყობაში მოსკოვი დაედანაშაულებინა. არადა რუსეთს თავს აფარებს პრეზიდენტ შევარდნაძეზე მოწყობილი ტერორისტული აქტის ორგანიზებაში ბრალდებული იგორ გიორგაძე, ხოლო ქართველთა ეთნიკურ წმენდასა და გენოციდში ბრალდებული აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ვლადისლავ არძინბა მოსკოვის კლინიკებში მკურნალობს. არც აფხაზეთში ტერორისტული საქმიანობით სახელგანთქმული ბანდების მეთაურთა, სოსლანბეკოვისა და შანიბოვის, დაკავება უცდია ვინმეს.

რუსეთის მიმართ ტერორიზმის მფარველობასა და ხელშეწყობაში კონტრ ბრალდებით 7 მარტს საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი გამოვიდა. ამ კავშირის წევრია საქართველოში ჩეჩენთა დიასპორის ხელმძღვანელი ხიზრი ალდამოვი, რომელიც პანკისის ხეობაში შეერთებული შტატების დახმარებით წესრიგის დამყარებას მიესალმება და აცხადებს:

[ალდამოვის ხმა] „თუ ჩვენ გვინდა მართლა დავეხმაროთ ამერიკელებს ძებნაში ვიღაც გამოქცეული ტერორისტებისა, მაშინ ისინი აფხაზეთში უნდა ვეძებოთ. აფხაზეთი არის ყველაზე კარგი პლაცდარმი - სადაც უნდა წავლენ, სადაც უნდა მოვლენ... ამერიკელების ჩამოსვლა ჩვენთვის მისაღებია.“

როგორც ჩანს, თავად აფხაზი სეპარატისტები და მოსკოველი პოლიტიკოსებიც მიხვდნენ, რომ შეერთებული შტატების დახმარებით წამოწყებული ანტიტერორისტული ოპერაცია შეიძლება პანკისიდან აფხაზეთისკენ შეტრიალდეს, მითუმეტეს, რომ საქართველოს უშიშროების სამინისტროს ხელმძღვანელმა ვალერი ხაბურძანიამ რამდენჯერმე განაცხადა: ტერორისტები აფხაზეთს აფარებენ თავსო.

თავდაპირველად, აფხაზი სეპარატისტები ხაბურძანიას ბრალდებებს იუმორითაც კი მიუდგნენ და აღნიშნეს, რომ საქართველოდან გადმოსულ ტერორისტებს, ამერიკის ნაცვლად, ჩვენ ვებრძვითო. იგულისხმებოდა გასულ წელს აფხაზეთში გელაევის რაზმის გამოჩენასთან დაკავშირებული საბრძოლო მოქმედებები. თუმცა მოსალოდნელი ანტიტერორისტული ოპერაციის საფრთხე ბოლო დროს უფრო სერიოზულად გააცნობიერეს და, რუსეთის მფარველობის მოთხოვნით, მოსკოვს წერილები აფრინეს. სეპარატისტებს შეშფოთების საფუძველი საქართველოს უშიშროების მინისტრის ვალერი ხაბურძანიას მიერ უკვე კონკრეტული ფაქტების გამოქვეყნებამ მისცა.

7 მარტს საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ-ნიუსს“ ხაბურძანიამ განუცხადა, რომ რუსეთის საზღვაო გემის „ავრასიიის“ გამტაცებელი ტერორისტების ერთი ნაწილი აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფება. შესაძლოა, ოფიციალურმა თბილისმა უახლოეს მომავალში ნარკოტიკების ტრანზიტსა და იარაღის უკანონო ვაჭრობასთან აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების კავშირის მამხილებელი ფაქტებიც გამოამზეუროს.
XS
SM
MD
LG