Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები არიელ შარონს აკრიტიკებს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა შეერთებული შტატები შეშფოთებულია ახლო აღმოსავლეთში ძალადობის ესკალაციით, განსაკუთრებით პალესტინელთა ტერორისტულ აქტებზე ისრაელის ზომაგადასული პასუხით.

პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციის წევრებმა განაცხადეს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის განცხადება, რომ პალესტინელების მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხმა მხოლოდ მათ წინააღმდეგ ძლიერი დარტყმის შემდეგ იქნება შესაძლებელი, მკაცრად იქნა გაკრიტიკებული. კრიტიკა რომ არა, შარონი იფიქრებს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მის პოლიტიკასო, ამბობენ ვაშინგტონში.

“ჩვენ მისთვის ნათელი უნდა გავხადოთ, რომ ასეთი პოლიტიკა არ გამოიღებს შედეგს. … და შეიძლება კონტრპროდუქტიული იყოსო”, თქვა ადმინისტრაციის ერთ-ერთმა ოფიციალურმა წევრმა.

სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა, წარმომადგენელთა პალატის ქვეკომიტეტში გამოსვლისას მკაცრად გააკრიტიკა ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმები.

“პრემიერ-მინისტრმა შარონმა კარგად უნდა შეაფასოს თავისი პოლიტიკა, ნახოს, მოქმედებს ის თუ არა. თუ თქვენ უცხადებთ ომს პალესტინელებს და ფიქრობთ, რომ გადაჭრით პრობლემას იმით, რომ მოკლავთ ბევრ პალესტინელს, არ მგონია, რომ ამან სადმე წაგვიყვანოს,” თქვა პაუელმა.
მან არც პალესტინელთა ლიდერს იასირ არაფატს დააკლო კრიტიკა. მან გაიმეორა ადმინისტრაციის მოთხოვნა, რომ პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის ლიდერმა უნდა გააძლიეროს არაბი ექსტრემიტების მოთოკვის მცდელობები.

“ახლა ორივე მხარე ატარებს პოლიტიკას, რომელიც მხოლოდ გააძლიერებს ძალადობას. სიტუაცია ნამდვილად ტრაგიკულია”, თქვა პაუელმა.

შარონის ოფისი იერუსალიმში სწრაფად გამოეპასუხა კრიტიკას. იერუსალიმის სიტყვით, არაფატი აიძულებს ისრაელს დაიწყოს ომი. “ისრაელს არასოდეს არ გამოუცხდებია ომი პალესტინელებისთვის… ისრაელი პასუხობს ომით ტერორისტულ ორგანიზაციას თავდაცვის უფლების ჩარჩოებში”, ნათქვამია განცხადებაში.

შარონმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გადაწყვეტილი აქვს შეიარაღებული კამპანიის გაგრძელება იქამდე, სანამ ძალადობა ისრაელის წინააღმდეგ არ შეწყდება. “მათ უნდა შეიგნონ, რომ ტერორიზმით ვერაფერს მიაღწევენო,” თქვა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

მიუხედავად შარონზე გაღიზიანებისა, ადმინისტრაციის მკაცრი რიტორიკა შეერთებული შტატების პოლიტიკის ფუნდამენტურ შეცვლაზე არ მიანიშნებს. ადმინისტრაციის ოფიციალური პირები კვლავ მოითხოვენ არაფატისგან ექსტრემისტული საქმიანობის აღკვეთას და თვლიან, რომ მოლაპარაკებების განახლებამდე საჭიროა ხანგრძლივი და სანდო ცეცხლის შეწყვეტა და ურთიერთნდობის აღსადგენად ნაბიჯების გადადგმა.

პაუელმა თქვა, რომ არაფატს არ ამართელბს ის გარემოება, რომ ისრაელი მას მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ რამალიდან ფეხს არ ადგმევინებს. “მას შეუძლია დაიბაროს ხალხი და გასცეს განკარგულებები. ისე რომ, მე ვფიქრობ მას შეუძლია მეტის გაკეთება და ის ვალდებულია გააკეთეს მეტიო”, თქვა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.
XS
SM
MD
LG