Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა არის გარდეზი: ავღანეთის ომის ახალი ფაზა თუ “ალ ყაიდისა” და თალიბანის უკანასკნელი ამოკვნესა?


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა როცა გასულ დეკემბერში ავღანელმა მებრძოლებმა შეერთებული შტატების მხარდაჭერით თორა ბორის მთიანეთზე გაილაშქრეს, ეს “ალ ყაიდისა” და თალიბანის დასასრულად გამოიყურებოდა.

მაგრამ, ფაქტობრივად, “ალ ყაიდისა” და თალიბანის ასობით მებრძოლმა (მათ შორის, შესაძლოა, ოსამა ბინ ლადენიც იყო) მოახერხა გაქცევა, გადაჯგუფება და ავღანეთის აღმოსავლეთ პროვინცია პაკტიაში მოკალათება. სწორედ იქ მიმდინარეობს ანტიტერორისტული კამპანიის ყველაზე მძიმე ბრძოლები, რომლებიც გასულ კვირაში დაიწყო.

ამერიკელები ამ ოპერაციას “ანაკონდას” უწოდებენ. შეგახსენებთ, ეს უზარმაზარი გველია, რომელიც ეხვევა მსხვერპლს ტანზე და ახრჩობს მას. ოპერაციის იდეაც მტრის გარშემორტყმა და გასაქცევი გზების მოჭრაა.

ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მეთაურმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა ოთხშაბათს, რომ რეგიონი, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს, არის უკანასკნელი იზოლირებული ტერორორისტული ბაზა ქვეყანაში და ეს ოპერაცია ერთ-ორ დღეში დამთავრდება.

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე ოთხშაბათს თქვა, რომ მათი მოწინააღმდეგეები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე აპირებენ ბრძოლას, ამასთან, მან გამოთქვა ვარაუდი, რომ კოალიციური ძალები დაძლევენ მათ.

კოალიციის წარმომადგენელმა თქვა, რომ ბრძოლაში დაიღუპა თალიბანისა და “ალ ყაიდის” ასამდე მებრძოლი. მაგრამ იმის შემხედვარე, რომ გააფთრებული წინააღმდეგობა გრძელდება, მიმომხილველები ფიქრობენ, რომ მიუხედავად ოპტიმისტური პროგნოზებისა, ანტიტერორისტული ომი ახალ და უფრო რთულ ფაზაში შევიდა.

იტალიის თავდაცვის მინისტრმა ანტონიო მარტინომ ეს ასე ჩამოაყალიბა: “იმის თქმა, რომ “ალ ყაიდა” გაქრა და თალიბანი თოვლივით მზეზე დადნა, მეტისმეტად ოპტიმისტურია. თუ მართალია ვარაუდები, რომ თალიბანის პარტიზანთა რიცხვი სამიდან ხუთი ათასამდეა, ჩვენ გადასაჭრელი გვაქვს სერიოზული სამხედრო პრობლემა და არა მცირემასშტაბიანი წინააღმდეგობის დაძლევა”.

ამერიკელი ექსპერტი ვაშინგტონის კატოს ინსტიტუტიდან, ტედ გალენ კარპენტერი ამბობს, რომ ავღანეთის სამხედრო კამპანიები, როგორც წესი, იმაზე უფრო რთული აღმოჩნდება ხოლმე, ვიდრე ამას თავიდან მოელოდნენ.

[კარპენტერის ხმა] “ავღანეთში ისტორიულად ასეა: ინტერვენციული ძალებისთვის მუდამ ყველაზე იოლია ინტერვენციის პირველი ფაზა. ისინი კონტროლს ამყარებენ მთავარ დასახლებულ პუნქტებზე და ასე შემდეგ. მე-19 საუკუნეში ბრიტანელები, ხოლო 1980-იან წლებში საბჭოთა კავშირი, დარწმუნდნენ, რომ ეს ბრძოლის დასაწყისი იყო და არა მისი დასასრული. შეერთებული შტატებიც, შესაძლოა, მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდეს და გააფთრებულ წინააღმდეგობას წააწყდეს ავღანეთის ყველაზე მიყრუებულ კუთხეებში”.

მაგრამ სხვების აზრით, “ალ ყაიდასა” და თალიბანს დასამალი ადგილები აღარ დარჩათ და შეერთებული შტატები, ამჯერად აღარ გაიმეორებს თორა-ბორაში დაშვებულ შეცდომას, როცა ის თითქმის ასი პროცენტით დაეყრდნო ადგილობრივი ჯგუფების დახმარებას.

ბრიტანელ ექსპერტს ენდრიუ კენედის მოჰყავს თორა ბორაში დაშვებულ შეცდომათა სია: არ იყო გააზრებული თორა ბორას გამოქვაბულთა კომპლექსის მასშტაბები; იერიშები დაიწყო იქამდე, სანამ მთელი კომპლექი იქნა გარშემორტყმული. ამჯერად, ამბობს ექსპერტი, მათ გასაქცევ გზას არ დაუტოვებენო.

ამასთან ის აღიარებს, რომ “ალ ყაიდის” მებრძოლთა ფანატიზმი მათ ძალიან საშიშ მოწინააღმდეგედ ხდის. ეს განსაკუთრებით ეხება უცხოელებს, რომელთაც გასაქცევი ადგილი ავღანეთში არ მოეპოვებათ. გარდა ამისა, სრულ ნდობას არ იწვევს ავღანელ მოკავშირეთა ლოიალობა. ზოგიერთი ავღანელი თვლის, რომ საჭიროა თალიბებთან გარიგება და მათთვის გაქცევის საშუალების მიცემა.

მაგრამ ადგილობრივი დახმარების შემცირება ნიშნავს ბრძოლაში მეტი ამერიკელი ჯარისკაცების ჩართვას და, შედეგად, მეტ მსხვერპლს. თუმცა მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ ამერიკის საზოგადოება 11 სექტემბრის შემდეგ უფრო მეტად არის შერიგებული აზრს, რომ ანტიტერორისტულ ომში ამერიკელი ბიჭებიც დაიღუპებიან.
XS
SM
MD
LG