Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტი რუსეთის დუმას უპასუხებს


დავით პაიჭაძე, თბილისი ჩვენი ქვეყნის პარლამენტი აპირებს, უპასუხოს რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს განცხადებას, რომელიც მოჰყვა ინფორმაციას საქართველოსათვის აშშ-ის დახმარების შესახებ.

პოლიტიკური ეტიკეტის ნორმები დაცულია: როგორც დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი როგოზინის სიტყვები იყო მოუზომავი, ხოლო თავად დუმის განცხადება – მეტ-ნაკლებად შერბილებული, ასევე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ბარამიძე მკაცრად ეხმაურება და აფასებს რუსი კანონმდებლების მიერ შემუშავებულ ტექსტს, ხოლო ჩვენი პარლამენტის მომავალ განცხადებაზე ლაპარაკის დროს ამბობს, რომ ის აწონილ-დაწონილი იქნება.

რუსეთის დუმის განცხადებას გიორგი ბარამიძემ გამოხტომა, საქართველოს მიმართ აგრესია და ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა უწოდა. ამ განცხადებით რუსეთი ემუქრება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, [ბარამიძის ხმა] “რადგანაც ამ ტექსტში აღნიშნულია, რომ თუ მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც რუსეთის ხელმძღვანელობას, პოლიტიკურ ელიტას მიაჩნია საჭიროდ, მაშინ ისინი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (აქ ასეა აღნიშნული) სახელმწიფოებრიობის შესახებ იმსჯელებენ მომავალში. ესეც კიდევ ერთი დემონსტრაციაა იმისა, რომ ისინი პატივს არ სცემენ საქართველოსა და საქართველოს კანონმდებლობას. იურიდიულად სამხრეთი ოსეთი არ არსებობს. არსებობს ცხინვალის რეგიონი”.

გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის საპასუხო განცხადება თავისუფალი უნდა იყოს იმ შეცდომებისაგან, რაც რუსეთის დუმამ დაუშვა; ანუ ჩვენ არ უნდა შევეხოთ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის საკითხს. ბარამიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტმა უნდა შეაფასოს მეზობლის აგრესიული ქმედება, მოუწოდოს კონსტრუქციული დიალოგისკენ და შეახსენოს, რომ არ გაატაროს ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა [ბარამიძის ხმა]: “ანუ რასაც საკუთარ თავს არ უსურვებს, არ უნდა უსურვოს და მოუწოდოს სხვა, მეზობელ სახელმწიფოს”. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის ამგვარ ქმედებათა საკითხი უნდა წამოჭრას გაეროში, ეუთოსა და ევროპის საბჭოში, აგრეთვე ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციაში, ვისაც აქვს კომპეტენცია იმსჯელოს ასეთ პრობლემაზე. გიორგი ბარამიძე იმედოვნებს, რომ რუსეთის ქმედებათა შეფასება ადეკვატური იქნება. [ბარამიძის ხმა]: “ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რუსეთის სათათბირომ და პოლიტიკურმა წრეებმა იგრძნონ: ამგვარი მოქმედებები შეუნიშნავი და, გარკვეულწილად, დაუსჯელი არ დარჩება”.

ბარამიძე იზიარებს საქართველოს პრეზიდენტის მიდგომას, რომ რუსეთის სათათბიროს განცხადება ქვეყანას არ ანგრევს და მთავარი მაინც პრეზიდენტ პუტინის პოზიციაა; თუმცა იქვე დასძენს, რომ [ბარამიძს ხმა]: “რუსეთის დუმას, პრაქტიკულად, აკონტროლებს კრემლი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ეს, გარკვეულწილად, იმ თამაშს ჰგავს, როცა ერთნი – ამ შემთხვევაში პრეზიდენტის უშუალო გარმოცვა და თავად პრეზიდენტი – თამაშობენ კარგი ბიჭების როლს, ხოლო მეორენი – ცუდი ბიჭების როლს”.
XS
SM
MD
LG