Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორის ვიზიტი თბილისში


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი 7 მარტს დაიწყო მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორის ჯუდი ო’კონორის თბილისური ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც ამ დონორ ორგანიზაციასთან მომავალი თანამშრომლობის სტრატეგია განიხილება.

თუ ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე ჯუდი ო’კონორის მიერ სახელმწიფო მინისტრის სახელზე გამოგზავნილი წერილის შინაარსს გავითვალისწინებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ მოლაპარაკებების პროცესი საკმაოდ დაძაბული იქნება.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორის ჯუდი ო’კონორის ვიზიტის მთავარი მიზანია საქართველოს მთავრობასთან 2002-2004 წლებში ქვეყნისათვის ფინანსური დახმარების გაწევის სტრატეგიის განხილვა.

ხელისუფლებასთან მოლაპარაკებისას ყურადღება გამახვილდება ქვეყანაში სტრუქტურული გარდაქმნების ჩასატარებლად საქართველოსთვის SAC-III კრედიტის ტრანშების გამოყოფის საკითხზე. საგულისხმოა, რომ აღნიშნული კრედიტი საქართველოს ჯერ კიდევ შარშან უნდა მიეღო და ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული, თუმცა მთელი რიგი პირობების დარღვევამ და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გაჭიანურებულმა მოლაპარაკებებმა, საბოლოოდ, კრედიტის ბედი კვლავ ბუნდოვანი დატოვა.

ვიზიტამდე რამდენიმე კვირით ადრე საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის სახელზე ჯუდი ო’კონორის ხელმოწერილი წერილი მოვიდა, რომელშიც მსოფლიო ბანკის შეფასების სისტემაში საქართველოს რეიტინგის გაზრდისკენ მიმართული რიგი ღონისძიებების განხილვაზეა საუბარი. სწორედ ამ ღონისძიებების ეფექტურობასა და პირობების პირნათლად შესრულებაზე იქნება დამოკიდებული მსოფლიო ბანკის მხრიდან შეთანხმებული მოცულობით ფინანსური დახმარების გაგრძელება.

საქართველოს მთავრობას, ალბათ, მოუწევს სასწრაფო ზომების მიღება შექმნილი სიტუაციის გასაუმჯობესებლად, პირველ რიგში, მართვის სისტემაში. ჯუდი ო’კონორის წერილში მოყვანილი ინფორმაციის თანახმად, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი და საერთაშორისო განვითარების სააგენტო (IDA), რომლებიც მსოფლიო ბანკის ჯგუფში შედიან, საქართველოში IDA-სთან შეთანხმებული პროგრამების საკმაოდ დაბალ მაჩვენებელს აფიქსირებენ. ასეთივე დაბალია საქართველოში მართვის ხარისხის მაჩვენებელი, - აღინიშნება ჯუდი ო’კონორის წერილში.

მსოფლიო ბანკი ქართველი პარტნიორების მიერ პირობების შესრულებით არცთუ კმაყოფილია. თუმცა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ნეგატიურ შეფასებებს მთლიანად არ იზიარებს და მიაჩნია, რომ, მსოფლიო ბანკის სარეიტინგო სკალაში ქვეყნის პოზიციის შეფასების თვალსაზრისით, საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის ექსპერტთა შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვევა.

“ბოლო წლებში საქართველოს ფისკალური პოლიტიკის მიღწევები, რომელიც ფისკალური დისციპლინის გაძლიერებას, ხარჯვითი პოლიტიკის გაუმჯობესებასა და გასული წლის დავალიანებათა გაცემის ტენდეციას მოიცავს, არ შეიძლება დაბალ დონეზე შეფასდეს”, - აცხადებს ნოღაიდელი. მიუხედავად ამისა, მსოფლიო ბანკთან პროგრამული დაფინანსების გაგრძელებისას ფინანსთა მინისტრის პროტესტი არ იქნება გადამწყვეტი და ყველაფერს მთლიანად ხელისუფლებასა და ამ ორგანიზაციას შორის შეთანხმებული პარამეტრების სწორედ მსოფლიო ბანკის მიერ მიცემული შეფასება განსაზღვრავს.
XS
SM
MD
LG