Accessibility links

logo-print

პოლიცია და საპატრიარქო ნარკომანიის გავრცელებას ერთობლივად უპირისპირდებიან


ტერორიზმისა და კორუფციის გარდა, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მოსახლეობაში ნარკომანიის გავრცელებაა მიჩნეული.

გაეროს მონაცემებით, რასაც საქართველოს შესაბამისი სტრუქტურები მხოლოდ სანახევროდ იზიარებენ, დღეისთვის საქართველოში ნარკოტიკულ ნივთიერებებს 120 ათასამდე ადამიანი მოიხმარს. თუმცა სამართალდამცველები იძულებულნი არიან, აღიარონ, რომ, გასულ წელთან შედარებით, ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა 20%-ით გაიზარდა, გარდა ამისა, ბოლო ხანს შეიმჩნევა ნარკომანიის გაახალგაზრდავების ტენდენცია, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყანაში მიმდინარე დემოგრაფიულ პროცესებზე. მდგომარეობა, ამ თვალსაზრისით, იმდენად კრიტიკულია, რომ 7 მარტს ნარკომანიის პრობლემაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორეც დაესწრო.

ნარკობიზნესისა და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში მხოლოდ ვერბალურ ფაზაშია, მის არენას კი - სამთავრობო შეკრებები და სხვადასხვა სახის თავყრილობები წარმოადგენს. თუმცა ეს სულაც არ უშლის ხელს კონტრაბანდისტებს სრულიად უმტკივნეულოდ შემოიტანონ და გაავრცელონ ნარკოტიკული ნივთიერებები საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც სამომხმარებლო ბაზარი ყოვეწლიურად ფართოვდება.

ოფიციალური ინფორმაციით, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების თვალსაზრისით, საქართველოში ყველაზე დიდი მოთხოვნილება არსებობს ჰერონიუმზე, რომლის წლიური მოხმარების მაჩვენებელი 1 ტონას უახლოვდება. 1999-2000 წლების განმავლობაში სამართალდამცავმა სტრუქტურებმა კი მხოლოდ 3,5 კილოგრამი ჰერონიუმისა და ოპიუმის ამოღება მოახერხეს. წამოწყებული ბრძოლის კამპანიურ ხასიათზე მეტყველებს ისიც, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში არ გამოვლენილა ნარკოტიკების კონტრაბანდის არც ერთი ფაქტი, ხოლო თბილისში, სადაც ნარკოტიკულ საშუალებებს ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, შარშანდელი წლის განმავლობაში რეალიზაციის მხოლოდ 30 ფაქტი გამოვლინდა.

ყველაზე შემაშფოთებელი კი მაინც ისაა, რომ ნარკომანია ბოლო ხანს თვალშისაცემად გაახალგაზრდავდა და, როგორც სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები ცხადყოფენ, ნარკოტიკული საშუალებების ყველაზე აქტიურ მომხმარებლად 18-30 წლის ახალგაზრდების ჯგუფები მიიჩნევიან.

ორგანიზებული ნარკობიზნესისა და საქართველოს ნარკობიზნესის სატრანზიტო ქვეყნად გადაქცევის საშიშროებაზე, თავის საშობაო ეპისტოლეში, ყურადღება საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემაც გაამახვილა. ამ პრობლემაზე თავისი მოსაზრება ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა რადიო "თავისუფლებასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუშიც გაიმეორა.

[ილია მეორის ხმა] "უპირველეს ყოვლისა, მე მიმაჩნია, რომ ნარკომანია არის მთელი ქვეყნის პრობლემა და საქართველოს ეკლესია აქტიურად მიიღებს მონაწილეობას ამ სენის დაძლევისათვის და ჩვენ უკვე გვაქვს დასახული გეგმები მომავალი ჩვენი მოქმედებისათვის".

საქართველოს ეკლესიასთან ერთად ნარკომანიის წინაღმდეგ სამოქმედო გეგმის დასახვას, მოკლე ხანში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროც აპირებს, რომლის კისერზეც გადადის ორგანიზებული ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის მთელი სიმძიმე. შინაგან საქმეთა მინისტრ კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, ნარკომანიის დამარცხება სამი მნიშვნელოვანი კომპონენტის - შეურიგებელი საზოგადოებრივი აზრის, ძალიან დახვეწილი საკანონმდებლო სისტემისა და ობიექტური და პროფესიონალური სამართალდამცველი სტრუქტურის - გაერთიანებული ძალისხმევით არის შესაძლებელი. ამასთან, ახალგაზრდა მინისტრი მიიჩნევს, რომ პარალელურად უნდა შეიქმნას ნარკომანიით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრები, რომელთა დასაფინანსებელი თანხები საქართველოს ბიუჯეტმა უნდა გაიღოს. ჩვენთან საუბარში კობა ნარჩემაშვილმა საკუთარი მოსაზრება ნარკომანიის ლეგალიზების თაობაზეც გამოხატა.

[კობა ნარჩემაშვილის ხმა] "მე,შინაგანად, აკრძალვების დიდ მომხრე არ გახლავართ, მაგრამ საზოგადოებაში, რომელშიც დიდია კორუფციული ფსიქოლოგია, ძნელია წახვიდე ასეთ სარისკო ნაბიჯზე, რადგან ეს შეიძლება ავტომატურად გახდეს დიდი შემოსავლების წყარო ხელისუფლებაში მოკალათებული ძალიან სერიოზული ორგანიზებული ჯგუფებისათვის. "

ამ ფონზე, ახლო მომავალში ვითარების რადიკალურ გაუმჯობესებაზე საუბრისგან შინაგან საქმეთა სამინისტროში, ბუნებრივია, თავს იკავებენ. მით უფრო, რომ ნარკოლოგიური შემოწმება, როგორც მინისტრი ნარჩემაშვილი აცხადებს, თავად შინაგან საქმეთა სამინისტროში და ყველა იმ უწყებაშია ჩასატარებელი, რომლებსაც, კანონმდებლობით, ნარკომანიის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა ევალებათ.
XS
SM
MD
LG