Accessibility links

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ (მეორე ნაწილი)


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის,

ადამიანის უფლებების და შრომის ბიურომ გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში, რომლის პირველი თავის მეოთხე ქვეთავს “თვითნებური დაპატიმრება, დაკავება და გადასახლება” ჰქვია. მისი განხილვის დაწყებისთანავე, ისევე, როგორც სხვა ყველა თავში, ხაზგასმულია, რომ საქართველოს კონსტიტუცია მოქალაქეებს იცავს უკანონო დაკავებისგან და კოდექსი ამ საკითხს არეგულირებს. კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ 9 თვით შეიძლება ადამიანი იყოს წინასწარ პატიმრობაში, ამასთან, დაკავებიდან 72 საათში საქმე უნდა აღიძრას. მიუხედავად ამისა, ვკითხულობთ ანგარიშში, საქართველოში არაერთი შემთხვევაა ცნობილი, როცა დაკავებულ პირებს თვითნებურად ამყოფებენ საპატიმროში, ისე, რომ არ არის გარკვეული, რა არის დაკავების საფუძველი. უმეტეს შემთხვევაში, წერია ანგარიშში, პოლიცია ელის, რომ “პატრონები” შეეცდებიან ქრთამის გზით მიაღწიონ დაკავებული პირის განთავისუფლებას. ანგარიში სხვა თავებშიც აღნიშნავს, რომ პოლიციის და, საერთოდ, სამართალდამცავი ორგანოების პროფესიულად ცუდად მომზადებული თანამშრომლები თავიანთი უცოდინარობის გამოც არღვევენ კანონს დაკითხვის და ეჭვმიტანილის გამოტეხვის დროს.

საქართველოში ირღვევა ასევე ექსპერტიზის წესი. დაზარალებული იქნება ეს თუ დაკავებული პირი, რომელიც საპატიმროში სცემეს, ვერ ადასტურებს მისდამი ძალადობას, რადგან პროკურატურა აღიარებს მხოლოდ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი სამედიცინო ექსპერტის დასკვნებს.
და საერთოდ, ანგარიშის მიხედვით, დაკავებულებმა უმეტეს შემთხვევაში არ იციან თავიანთი უფლებები, პოლიცია მათ არ აძლევს ინფორმაციას, თუ რა ხნით შეიძლება მათი დაკავება და სხვა.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვეთავი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ეძღვნება სასამართლოს თემას. ანგარიშის ავტორები დეტალურად აღწერენ საქართველოს სასამართლო სისტემას და აღნიშნავენ: საქართველოში კონსტიტუცია მოქალაქეებს აძლევს გარანტიას, რომ პროცესი მიუკერძოებელი იქნება. მაგრამ ანგარიშიდან ჩანს, რომ პრაქტიკაში ეს ასე არ არის. აღნიშნულია, რომ გამონაკლისს არ წარმოადგენს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც პოლიტიკური ხასიათისა იყო, ან კიდევ სხვა რაიმე გარე ზემოქმედებით იქნა მიღებული.

ანგარიშის ავტორებისთვის ცნობილია საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობა. მათი დაკვირვებით, ეს სტრუქტურა, იურიდიულად დემოუკიდებელი სასამარლოს სახელს ატარებს.
ანგარიშში შემდეგ მოდის სასამართლო რეფორმის დეტალების აღწერა, რის ავ-კარგზე საქართველოს მასმედიაც იძლევა ხოლმე ინფორმაციას ამიტომ მასზე დეტალურად არ შევჩერდებით.

ამავე ქვეთავში ლაპარაკია პოლიტიკურ პატიმრებზე. მათი რიცხვი საქართველოში სადაოა. ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები არ უარყოფენ ფაქტს, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, მაგრამ მათ რიცხვზე ვერ თანხმდებიან. სხვადასხვა მონაცემით, ეს რიცხვი 20-დან 25-მდეა. ანგარიშის ავტორებისთვის ცნობილია სამოქალაქო ომთან დაკავშირებით დაკავებულ პირთა შეწყალების ამბავი, მათი, ვინც შერიგების პოლიტიკის ჩარჩოებში იქნა განთავისუფლებული. მათი რიცხვი ამ ცნობით, 279-ია.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შემდგომი მცირე ქვეთავი პირადი სფეროს უკანონო ხელყოფას შეეხება. აქაც დაცულია მოქალაქე კონსტიტუციის მიერ, მაგრამ შესაბამისი ორგანოები - პოლიცია თუ უშიშროების უწყება - ამ კანონს არღვევენ - უსმენენ სატელეფონო საუბრებს, შედიან ბინებში და სამუშაო ადგილებზე პროკურატურის ორდერის გარეშე, აჩერებენ და ჩხრეკენ, ასევე უკანონოდ, პირად ავტომობილებს და სხვა. არცთუ იშვიათად ამგვარი ქმედება პოლიციის მიზანს ემსახურება - ქრთამი გამოძალოს მსხვერპლს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ, სამოქალაქო უფლებებისადმი მიძღვნილი თავი სიტყვის და პრესის თავისუფლებით იწყება.

საქართველოში პრესა მთლიანობაში თავისუფალია, წერენ ანგარიშის ავტორები, მაგრამ არაერთი ჟურნალისტი გამხდარა ზეწოლის და მუქარის ობიექტი. ამის მიუხედავად, საქართველოოში ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს არაერთი მასალა, რომელშიც ოფიციალური პირები იყვნენ გაკრიტიკებული. ანგარიშის ავტორები წერენ, რომ ბევრი ჟურნალისტი მაინც თვითცენზურას მიმართავს.

ამ ქვეყანაში, ვკითხულობთ ანგარიშში, ირღვევა სამთავრობო ინფორმაციის გავრცლების წესიც. იქვე ნათქვამია, რომ მთავრობა საქართველოში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ფლობს. პროვინციაში პრესა დედაქალაქთან შედარებით, ნაკლები რაოდენობით ვრცელდება, ანგარიშის თანახმად, საერთო ეკონომიკური სიდუხჭირის მიზეზითაც.

ანგარიშში მოყვანილია კერძო ფაქტი, როცა საქართველოს პრეზიდენტმა გააკრიტიკა გაზეთი “რეზონანსი”, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიერ “შევარდნაძის რეჟიმის” ჩამოგდების მოწოდების გამოქვეყნების გამო. შევარდნაძემ პროკურატურას მიმართა პროვოკაციული და ანტისამთავრობო პუბლიკაციის გამო საქმის აღძვრის თხოვნით. “რეზონანსს” არაერთხელ დამუქრებიან და მის ოფისს თავს დაესხნენ ბასილ მკალავიშვილის მომხრეთა სახელით ცნობილი პირები.

შემდგომ, ანგარიშის ამ თავში, რომელიც პრესის თავისუფლებას ეძღვნება, ცალკეა გამოყოფილი “რუსთავი 2”, რომელიც დამოუკიდებელ ტელესადგურად არის მოხსენიებული და რომელთანაც არის დაკავშირებული 2001 წლის შემოდგომაზე მომხდარი მოვლენები საქართველოში.
პრესის თავისუფლებისადმი მიძღვნილი თავის ბოლოს დაღუპული ჟურნალისტები არიან ნახსენები.

იქვე გაკვრით არის ნათქვამი, რომ ინტერნეტი კანონით ხელმისაწვდომია, მაგრამ ის, განსაკუთრებით პროვინციაში, სუსტად განვითარებული ინფრასტრუქტურის და სიღარიბის გამო, გავრცელებული არ არის.
ანგარიშის ავტორები ამ თავს ასრულებენ ფაქტის კონსტატაციით, რომ საქართველოში სამეცნიერო კვლევას პატივს სცემენ.

ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის ზოგადი მიმოხილვა და საქართველოსადმი თავის პირველი ნაწილი აგრეთვე დოკუმენტის სრული ინგლისური ტექსტი იხ. შემდეგ მისამართებზე:

http://www.tavisupleba.org/special/humanrights/2002/03/20020305091006.asp

http://www.tavisupleba.org/special/humanrights/2002/03/20020306113929.asp

http://www.state.gov/g/drl/rls/hrrpt/2001/eur/8256.htm

XS
SM
MD
LG