Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცოტა რამ ფემინიზმის ისტორიიდან


დავით პაიჭაძე, თბილისი 8 მარტი, როგორც ქალთა დღე, მართალია, კლარა ცეტკინმა მოიფიქრა, მაგრამ ქალთა მოძრაობა მოითვლის სხვა პიროვნებათა სახელებს, რომელთაც ქალის უფლებების დაცვა-განმტკიცებას,

ფემინიზმის, როგორც სააზროვნო და სამოქმედო სისტემის ჩამოყალიბებას განუზომელი ღვაწლი დასდეს. ქალის უფლებების ცნება შეიქმნა ორასზე მეტი წლის წინათ, როცა ფრანგი რევოლუციონერების შემოტანილი ტერმინის, ადამიანის უფლებების ანალოგიით, 27 წლის ბრიტანელმა ქალბატონმა მერი უოლსტოუნკრაფტმა გამოაქვეყნა წიგნი "ქალთა უფლებების დაცვის შესახებ". მერი უოლსტოუნკრაფტის გარდა, დავით პაიჭაძე წარმოგიდგენთ მსოფლიოში ცნობილ რამდენიმე ფემინისტ ქალს.

მერი უოლსტოუნკრაფტის წიგნის დედააზრი ის გახლავთ, რომ ქალის უფლებები და ადამიანის უფლებები ერთი და იგივეა. ეს შეხედულება დღეს მოძველებულად ითვლება. საქართველოში მაგალითად, უფლებადამცავთა შორის ვინც მიჯნას არ ავლებს ქალის უფლებებსა და ზოგადად, ადამიანის უფლებებს შორის, ითვლება, რომ საკითხი არ ესმის. მერი უოლსტოუნკრაფტი 38 წლისა გარდაიცვალა და ბედის ირონიით, პოპულარული გახდა არა როგორც ფემინიზმის მესაფუძვლე, არამედ როგორც დედა. მისი ქალიშვილი მერი პოეტ პერსი ბიში შელის მისთხოვდა და დაწერა ცნობილი რომანი "ფრანკენშტაინი ანუ ახალი პრომეთე".

ქალთა უფლებებისათვის ბრძოლაში დიდი სახელია სიუზენ ენტონი. მან პირველმა გადაწყვიტა, რომ თანასწორუფლებიანობის მისაღწევად საჭიროა ქალის ჩართვა პოლიტიკურ ცხოვრებასა თუ ბრძოლაში. მეცხრამეტე საუკუნის 60-ან წლებში სიუზენ ენტონი მისივე შექმნილი პოლიტიკური ორგანიზაციით "ქალთა ნაციონალური ლოიალისტური ლიგა" გვერდით დაუდგა აშშ-ის რესპუბლიკურ პარტიასა და აბრაამ ლინკოლნს და ყველა შტატში მონობის გაუქმება მოითხოვა. მოგვიანებით ენტონის იმედები არ გამართლდა: რესპუბლიკელებმა ქალებისთვის საარჩევნო უფლება არ გამოიმეტეს. საყოველთაო საარჩევნო უფლება მხოლოდ ვაიომინგის შტატში შემოიღეს. სიუზენ ენტონის გარდაცვალებიდან 14 წლის შემდეგ ამერიკის კონსტიტუციაში შევიდა შესწორება, რომელიც ქალებს გარანტირებულ საარჩევნო უფლებებს ანიჭებდა და მას "სიუზენ ენტონის შესწორება" ეწოდა.

ბრიტანელი სოციალისტი ქალი ემელინა პანკჰერსტი ასევე პირველი იყო, ვინც უარი თქვა ქალთა უფლებებისათვის ბრძოლაში მშვიდობიან მეთოდებზე. 45 წლის ასაკში მან შექმნა "ქალთა სოციალური და პოლიტიკური კავშირი", რომლის დემონსტრაციებიც, ძალიან ხშირად, დებოშითა და ცემა-ტყეპით მთავრდებოდა: კავშირის წევრები ამსხვრევდნენ ფანჯრებსა და ვიტრინებს, სცემდნენ პოლიციელებს ხელჯოხებითა და ქოლგებით. პანკჰერსტი არაერთხელ დააპატიმრეს, ის კი ციხეში საპროტესტო შიმშილობებს მართავდა. პირველი მსოფლიო ომის დროს და შემდეგ ის თანდათან ჩამოსცილდა ქალთა მოძრაობას.

ვინც ფემინიზმის ისტორიასა და დღევანდელობას ზერელედ მაინც იცნობს, ეცოდინება, როგორ ილაშქრებენ რადიკალი ფემინისტები ენასა და მეტყველებაში ე.წ. მამაკაცური შოვინიზმის წინააღმდეგ. ქართულ ენაში გრამატიკული სქესი არ არსებობს, მაგრამ ამ ყაიდის ფემინისტები უთუოდ წინააღმდეგნი იქნებოდნენ ისეთი სიტყვებისა, როგორიცაა, მაგალითად, დედაკაცი და ქალბატონი. ამ თვალსაზრისით ენის კორექცია პირველად როზა ლუქსემბურმა დაიწყო, რომელმაც უარი თქვა მდედრობითი სქესის რამდენიმე სიტყვის ხმარებაზე, მის ენაში ერთი ლექსემით რომ გამოითქმოდა: პოეტესა, მსახიობი ქალი, მწერალი ქალი და ა.შ. თანამედროვე რადიკალ-ფემინისტები ლუქსემბურგს ღვაწლს უფასებენ, მაგრამ მიიჩნევენ, რომ ფალოცენტრიზმის ტყვეობაში იყი მოქცეული და ენიდან არა მდედრობითი, არამედ მამრობითი სქესის სიტყვათა ამოღებაა საჭირო: ასე ერჩიან, მაგალითად, სიტყვა ისტორიას (ინგლისურად history), რომელიც ბერძნული წარმომავლობისაა და არავითარი კავშირი არა აქვს მამრობითი სქესის ინგლისურ ნაცვალსახელთან his. არადა, ფემინისტები სიტყვაში სწორედ ამას ხედავენ და დღემდე მიღებული სიტყვის ნაცვლად herstory-ის იყენებენ.

რა თქმა უნდა, ფემინისტები მხოლოდ რადიკალები არ არიან. ზომიერ ფემინიზმს გაცილებით მეტი მიმდევარი ჰყავს, რომელთაც მაინცდამაინც არ უყვართ თავიანთი რადიკალი თანამოაზრენი. ზომიერ ფემინისტებს შორის ბევრია ოჯახის დედა მაშინ, როცა რადიკალებს მამაკაცისა და ქალის ნებისმიერი ურთიერთქმედება ამ უკანასკნელზე განხორციელებულ ძალადობად მიაჩნიათ.
XS
SM
MD
LG