Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის პოლიცია გაზეთ “ახალი 7 დღის წინააღმდეგ”


სოზარ სუბელიანი, თბილისი 5 თვის წინ მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში, კერძო ბრალდების წესით, ორი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა გაზეთ “ახალი 7 დღის” ჟურნალისტების წინააღმდეგ.

მოტივი ორივე შემთხვევაში იდენტურია: სასამართლოს აზრით, არსებობს საკმარისი ფაქტობრივი მტკიცებულებები, რომ გაზეთმა ცილი დასწამა აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს მურად ანჯაფარიძესა და საგზაო პოლიციის უფროსს კოტე ბარქაიას, საქმე აღძრა და გამოძიებისთვის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ პროკურატურაში გადაგზავნა. არადა, ორივე შემთხვევაში გაცილებით ლოგიკური იქნებოდა, რომ, საგაზეთო პუბლიკაციების საფუძველზე, პროკურატურას კიდევ ერთხელ დაეწყო იმ თანამდებობის პირთა საქმის გამოძიება, რომელთა საქმიანობაზეც ხსენებულ პუბლიკაციებში იყო საუბარი.

“ახალი 7 დღისა” და აფხაზეთის დევნილი პოლიციის მაღალჩინოსანთა დავა ნათლად ადასტურებს, რომ საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობა ხელისუფლებას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისა და პრესაზე ზემოქმედების დიდ საშუალებას აძლევს. თავისთავად, ბარქაიასა და ანჯაფარიძის მიმართ გაზეთში გამოთქმული ბრალდებები ძალიან სერიოზულია. როგორც “ახალი 7 დღის” ინტერესების დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” აღმასრულებელი დირექტორი, ლია მუხაშავრია ამბობს, ორივე პუბლიკაციაში ხსენებული თანამდებობის პირების საქმიანობაზეა საუბარი: [ლია მუხაშავრიას ხმა] “ბარქაიას მიმართ ნათქვამია, რომ 90-იან წლებში ის იარაღით ვაჭრობაში იყო გარეული, ხოლო მურად ანჯაფარიძე გახლავთ მინისტრის ის მოადგილე, რომელიც აფხაზეთის შსს-ში საპასპორტო დეპარტამენტის საქმიანობას კურირებს. დადგენილია, რომ, ყალბი და უკანონო პასპორტების გაცემის ფაქტთან დაკავშირებით,აღძრული იყო სს საქმე, დადგენილია ისიც, რომ 300 პასპორტი გავიდა მფლობელის გარეშე, ეს პასპორტები არ იყო ლამინირებული, ანუ მათზე არ იყო მფლობელების ხელმოწერა”.

როცა მაღალი თანამდებობის პირებს ასეთ სერიოზულ ბრალდებებს უყენებენ, მათ ან თავის მართლება უნდა შეძლონ, ან თანამდებობა უნდა დატოვონ. შესაბამისად, ლოგიკურია ანჯაფარიძისა და ბარქაიას მოთხოვნა – აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე მათ მიმართ ჩადენილი ცილისწამების ფაქტის გამო. სამაგიეროდ, ნაკლებად ლოგიკურია სასამართლოსა და პროკურატურის მცდელობა, ზეწოლა მოახდინონ ჟურნალისტებზე და რამენაირად საქმე ცილისწამების დადასტურებამდე მიიყვანონ.

რეალობა ასეთია: ჟურნალისტები თავიანთ წერილში ასახელებენ კონკრეტულ პირებს, ეროვნებით აფხაზებს, ხაუშბას და შაკაიას, რომლებსაც 1989 წელს, ბარქაიასთან ერთად, ქართველების პოზიციიდან აფხაზების პოზიციის მიმართულებით 10 ავტომატი გადაჰქონდათ. მილიციამ სამივე მათგანი დააკავა და რამდენიმე დღის შემდეგ, სოლიდური გამოსასყიდის ფასად, გაათავისუფლა. პროკურატურა ვერ ახერხებს ხსენებული პირების დაკითხვას, შესაბამისად, ვერც იმას ამბობს, შეესაბამება თუ არა გაზეთის ბრალდება ჭეშმარიტებას. არადა, რადგან სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მტკიცების ტვირთი პროკურატურაზეა და არა ჟურნალისტებზე – სწორედ მან უნდა დაამტკიცოს, რომ ეს ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება.

გაცილებით მარტივად არის საქმე პასპორტების უკანონო გაყიდვასთან დაკავშირებით. რამდენადაც ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, საზოგადოებაში ყოველთვის იქნება ეჭვი, რომ მასში მინისტრის ის მოადგილეც არის გარეული, რომელსაც ამ საქმის კურირება ევალება. შესაბამისად, საზოგადოებას აქვს უფლება, ხმამაღლა გამოთქვას თავისი ეჭვი და ხელისუფლებას ამ ეჭვის გამაქარწყლებელი საბუთების წარმოდგენა მოსთხოვოს. პროკურატურა ჯერჯერობით ამას ვერ ახერხებს, სამაგიეროდ, ცდილობს, საქმე ისე წარმართოს, რომ პასუხის გაცემა, დამნაშავეთა ნაცვლად, ჟურნალისტებს მოუხდეთ.
XS
SM
MD
LG