Accessibility links

logo-print

საქართველოს ხელისუფლებას ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების გეგმისთვის არ გადაუხედავს


უკანასკნელი მოვლენები, მათ შორის, პრეზიდენტის უკანასკნელი განცხადებები, საქართველოს პროდასავლური საგარეო კურსის გაძლიერების მომასწავებლად აღიქმება.

რჩება შთაბეჭდილება, რომ სამშობლოში დაბრუნების 10 წლის თავზე შევარდნაძე რაღაც მნიშვნელოვანი სვლის გასაფორმებლად ემზადება. ბოლო დროს ის ინტენსიურად გვახსენებს, რომ დასავლეთთან საქართველოს დაახლოებისთვის მუშაობა გუშინ არ დაწყებულა და ის, რაც დღეს ხდება, წლების მანძილზე წარმოებული პოლიტიკის შედეგია. “უკვე დადგა დრო, ამ პოლიტიკის შედეგები მოვიმკათო,”- აცხადებს ის და, არცთუ დიდი ხნის წინ გამოვლენილი ორჭოფობის მიუხედავად, ნატოს კარებზე დაკაკუნებასთან დაკავშირებით დადებულ დაპირებასაც ძალაში ტოვებს.

7 მარტის სატელევიზიო გამოსვლაში ჟურნალისტის შეკითხვას -“მაინც ვინ არის საქართველოს პრეზიდენტი? პოლიტიკოსი, რომელიც პროდასავლური პოლიტიკური კურსის გამტარებელია, თუ ის უფრო პრორუსული კურსისკენ იხრება?” ედუარდ შევარდნაძემ უპასუხა: “მე რეალური საგარეო კურსის გამტარებელი ვარო” და, შემდგომ ამისა, ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივაზეც ისაუბრა.

”ნატოში გაწევრიანება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ეს ახლო მომავალში, ალბათ, არ მოხდება და ცოტა შორეული მომავლის საქმეაო,”- აღნიშნა მან. არადა, არც თუ დიდი ხნის წინ შეკითხვას “თქვენი დაპირებისამებრ, 2005 წელს გააკეთებს თუ არა ჩვენი ქვეყანა ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადს?” პასუხობდა:” 2005 წლამდე საკმაო დროა და მანამდე ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ჩვენთვის რა უფრო ხელსაყრელია, ნატოში გაწევრიანება თუ ნეიტრალიტეტის აღიარებაო”.
როგორც ჩანს, ამ განცხადებაში გამოვლენილი ორჭოფობაც ზემოთ მინიშნებული რეალური პოლიტიკის მოთხოვნით იყო ნაკარნახევი. ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებზე საუბრისას ხალხზე აპელირება აღარ ხდება. საერთაშორისო საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველს შალვა ფიჩხაძეს მიაჩნია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამხედრო თანამშრომლობით საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცედურა გამარტივდება. “ქართული არმიის ნატოს სტანდარტების შესაბამისად მომზადება, რაც უახლოეს მომავალში ამერიკის შეერთებული შტატების, თურქეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და საბერძნეთის დახმარებით დაიწყება, მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს შანსს, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების თვალსაზრისით. ამ გეგმისთვის საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუხედავსო,”- განაცხადა მან სააგენტო “პრაიმ-ნიუსთან” საუბრისას. ასე რომ, ედუარდ შევარდნაძის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც უკანასკნელ პერიოდამდე რუსეთსა და დასავლეთს შორის მერყეობის გამო აკრიტიკებდნენ, სწორედაც რომ, რელური კურსისკენ იხრება. სხვა საკითხია, რამდენად მდგრადი აღმოჩნდება ეს პოლიტიკა და რამდენად გამართლდება პრეზიდენტის ერთ-ერთი ბოლო განცხადება, რომლის მიხედვით, დროა, დასავლეთთან დაახლოებისთვის წლების მანძილზე წარმოებული პოლიტიკის შედეგები ვიგრძნოთ. სხვათა შორის, ამ პოლიტიკის ისეთ სავარაუდო შედეგებზე, რომელთა გარშემოც ბოლოდროინდელი სკანდალი ატყდა, შევარდნაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო ვიზიტის შემდეგ მიგვანიშნა.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “პრეზიდენტ ბუშთან შეხვედრის შემდეგ მე ამ შეხვედრას უნიკალური ვუწოდე და ეს შემთხვევით ნათქვამი არ ყოფილა. შევთანხმდით, რომ საქართველო, შესაძლებლობის ფარგლებში, ყველანაირ დახმარებას გაუწევს შეერთებულ შტატებს ტერორიზმის გასანადგურებლად. არ არის გამორიცხული ერთობლივი ოპერაციების ჩატარებაც. ჩვენ გვაქვს უმძიმესი კონფლიქტების გამოცდილება და დღეს მსოფლიოში არსებული ვითარება გვიქმნის საშუალებას, კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო ძალები ჩავრთოთ ამ კონფლიქტების მოგვარების საქმეში.”

ეს განცხადება 2001 წლის ოქტომბერში გაკეთდა.
XS
SM
MD
LG